წითელი ვერსია
  • 0
  • 1974

როდის იმატებს კრიმინალი?

18 ივნისი 2021

ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ქართულ მედიაში კრიმინალის თემამ კვლავ ერთ-ერთი წამყვანი ადგილი დაიკავა. ამ კუთხით, როგორც მუდამ, განსაკუთრებით გამოირჩევა ოპოზიციური მედია, რომელიც სულ უფრო მეტ დროს უთმობს დანაშაულებრივი ფაქტების გაშუქებას და ხშირად გვთავაზობს კრიმინოგენული ვითარების შეფასებას;


ეს კი, როგორც წესი, იმის დამტკიცებას ემსახურება, რომ ქვეყანაში დანაშაულის დონე გაიზარდა, რომ ხელისუფლება არა მარტო არაფერს აკეთებს დანაშაულის პრევენციისთვის, არამედ თავადვე ახალისებს კრიმინალურ სუბკულტურას და, საერთოდაც, „ქორწინებაშია“ მასთან...


საყურადღებოა, რომ ოპოზიციურ მედიაში კრიმინალის გაშუქებას მკაფიოდ გამოხატული ციკლურობა ახასიათებს: საარჩევნო, ან, ზოგადად, პოლიტიკურად „ცხელ“ პერიოდებში, როცა საეთერო დროის უდიდესი ნაწილი ოპოზიციურ პარტიებს, პოლიტიკოსების გამოსვლებსა და აქციების გაშუქებას ეთმობა, კრიმინალი უკანა პლანზე გადადის, ხოლო პოლიტიკური ვითარების ჩაცხრობის შემდეგ ისევ ყურადღების ცენტრში ექცევა.


ამ ტენდენციას შეგვიძლია დავაკვირდეთ ბოლო საპარლამენტო არჩევნების მაგალითზეც. შარშან ზაფხულში, ანუ საარჩევნო მარათონის დაწყებამდე, ოპოზიციურ მედიაში სწორედ კრიმინალი იყო წამყვანი თემა: პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა ალტერნატიული საგამოძიებო ექსპერიმენტები, ტარდებოდა ალტერნატიული სასამართლო პროცესები და კონკრეტულ პირებს დამნაშავედ ან უდანაშაულოდ აცხადებდნენ. მაგრამ, როგორც კი პოლიტიკური პროცესი წინასაარჩევნო რეჟიმში შევიდა, კრიმინალისთვის დათმობილი დრო ნელ-ნელა შემცირდა და საგამოძიებო ექსპერიმენტების ადგილი ქუჩის აქციებმა დაიკავა.


შემდგომ, ეს რეჟიმი მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულ იქნა მანამ, სანამ ოპოზიცია უარს აცხადებდა პარლამენტში შესვლაზე და გათვლას რევოლუციურ სცენარზე აკეთებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის უდიდესი ნაწილი პარლამენტში შევიდა და ნათელი გახდა, რომ პოლიტიკური სიტუაცია, სულ მცირე, მომდევნო არჩევნებამდე არ შეიცვლება, კრიმინალის თემა მედიაში კვლავ შესამჩნევად გააქტიურდა და ახალი მიმართულებებიც გამოიკვეთა.


თუ ერთი წლის წინ აქცენტი ძირითადად გახმაურებულ საქმეებზე კეთდებოდა, ახლა დიდი ყურადღება ეთმობა ე. წ. „ქურდული სამყაროს“ და, საერთოდ, კრიმინალური სუბკულტურის თემას, რომელიც, როგორც წესი, ისევ და ისევ პოლიტიკასთან კავშირშია წარმოდგენილი და აქტიურად მიმდინარეობს იმ აზრის დამკვიდრება, რომ ხელისუფლების უმოქმედობის გამო ან, სულაც, მისი ხელშეწყობით ქვეყანაში აშკარად ძლიერდება კრიმინალური ავტორიტეტებისა და „კრიმინალური იდეოლოგიის“ გავლენა.


ეს უკანასკნელი ტენდენცია, შესაძლოა, იმითაც იყოს განპირობებული, რომ წლეულს თამარ ბაჩალიაშვილის ან გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიების მსგავსი რეზონანსი არცერთ საქმეს არ გამოუწვევია, თუმცა კრიმინალის თემატიკაზე ორიენტირებულ მედიას არც ძველი საქმეების გახსენება უჭირს.


სწორედ ამის მაგალითი ვიხილეთ 13 ივნისს „მთავარი არხის“ Post Factum-ში. გადაცემაში გიორგი გაბუნიამ გაავრცელა „ახალი ფარული“ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თამარ ბაჩალიაშვილი თითქოს ჩართული იყო ე.წ. „ფიშინგში“, რაც კიბერთაღლითობის ერთ-ერთი ფორმაა და გულისხმობს მანიპულაციური მეთოდებით მომხმარებლის საიდუმლო ინფორმაციის ან ფინანსური სახსრების მოპოვებას.


საგულისხმოა, რომ ამ სიუჟეტში ნათლად გამოიკვეთა კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც თითქმის ყოველთვის ახლავს ქართულ მედიაში კრიმინალის გაშუქებას; კერძოდ, მიდრეკილება „შოუსა“ და „სიყვითლისკენ“, რაც ქართული მედიის მესვეურებისთვის ხშირად საუკეთესო გზაა რეიტინგის ასამაღლებლად.


შესაბამისად, თამარ ბაჩალიაშვილი, რომლის პირადი ჩანაწერები და გზავნილები მედიამ ჯერ კიდევ შარშან არაერთხელ გამოიყენა „ყვითელი რეიტინგის“ შესაქმნელად, ამჯერადაც ერთგვარი „შოუს“ მსხვერპლი გახდა და პორნოგრაფიული შინაარსის მქონე მასალების გავრცელების ვერსიის შემდეგ მისი სახელი ამჯერად კიბერთაღლითობის დანაშაულთან კავშირშიც გაისმა.


ბაჩალიაშვილის საქმის „თავიდან გამოძიება“ და „ფარული ინფორმაციის“ შემთხვევით აღმოჩენა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ პოლიტიკური პროცესების პარლამენტში გადატანის შემდეგ ოპოზიციურ მედიას მოაკლდა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ემოციური შოუ და, რაკი შაქარაშვილის საქმის „გაცოცხლება“ შეუძლებელი გახდა გამოძიებისადმი ოჯახის ნდობის გამო, აქცენტი გაკეთდა თამარ ბაჩალიაშვილზე, რომელმაც, გამოძიების თანახმად, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.


რაც შეეხება სიუჟეტებს „ქურდული სამყაროს გავლენის უპრეცედენტო გაძლიერების“ შესახებ, რასაც, როგორც წესი, არავითარი კონკრეტული საბუთი არ ახლავს, მათი გახშირება გარკვეულწილად, შესაძლოა, გამოწვეული იყოს ასევე ტრაგიკულად სკანდალური ახალი საქმეების სიმწირით, თუმცა, სავარაუდოდ აქ ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს გათვლა იმ მაყურებლის ემოციებზე, რომლებსაც ახსოვთ 90-იანი წლები და რომელთათვისაც ეს თემა განსაკუთრებულ პრობლემებთან ასოციაციებს იწვევს.


ამ ადამიანების უმრავლესობა, შედარებით ახალგაზრდა თაობისგან განსხვავებით, უფრო მოწყვლადია „ქურდული თემით“ მანიპულირების მიმართ და ოპოზიციური მედიაც აქტიურად იყენებს საზოგადოების ამ ნაწილში გაბატონებულ წარმოდგენებსა და სტერეოტიპებს.


თუ თვალს გადავავლებთ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში „მთავარი არხის“, ტვ „პირველისა“ და „ფორმულის“ მიერ „ქურდული სამყაროს გაძლიერების დასამტკიცებლად“ მომზადებულსა და გამოქვეყნებულ მასალებს, აღმოვაჩენთ, რომ, ავტორთა მტკიცებით, კრიმინალური ავტორიტეტებისა და, საერთოდ, „კრიმინალური მენტალიტეტის“ გაძლიერება ყველა მიმართულებით შეინიშნება, რის საბუთადაც, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს დაფაზე, კედელზე ან მოსწავლის მაისურზე აღმოჩენილი „ქურდული“ წარწერა.


თუ ამ მედიასაშუალებებს დავეყრდნობით, დღეს კრიმინალური ავტორიტეტები არა მხოლოდ ციხეს აკონტროლებენ, არამედ აქტიურად ერევიან პოლიტიკურ ცხოვრებაში და ეთნიკურ ჯგუფებს შორის წარმოშობილ კონფლიქტებსაც კი აგვარებენ.


აღსანიშნავია, რომ კრიმინალის გაშუქება ხსენებულ მედიასაშუალებებში, როგორც წესი, მიმდინარეობს ან სრულდება ოპოზიციის შეფასებების ფონზე. შესაბამისია გაშუქების სულისკვეთებაც: კრიმინალთან ბრძოლა სამაგალითო იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლებში, ხოლო „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკისგან ნებისმიერი გადახრა განიხილება, როგორც კრიმინალის მიმართ „არასაკმარისი სიმკაცრე“.


არჩილ სიხარულიძე
  • 0
  • 1974
0 Comments