წითელი ვერსია
  • 9
  • 6486

რეიტინგი რის ხარჯზე?

24 აპრილი 2021

23 აპრილს ტვ „პირველმა“ საკუთარ ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა მასალა სახელწოდებით „ცოლის ღალატის ამსახველი ვირუსული ვიდეო, რომელმაც ინტერნეტსივცრე მოიცვა“ .


მოგვიანებით, სავარაუდოდ, მომხმარებელთა არაერთგვაროვანი რეაქციის გამო, პოსტი თავად ტელეკომპანიამ წაშალა, თუმცა შემდეგ იგივე მასალა ტელეკომპანიის გვერდზე კვლავ გამოჩნდა და ამჯერად აღწერაში დაკონკრეტებულია, რომ საქმე გვაქვს „სახალისო ვიდეოსთან“.


ეს ქცევა გვაფიქრებინებს, რომ ტელეკომპანიის მესვეურთა აზრით გაუგებრობა მხოლოდ პოსტის სათაურმა შექმნა, თუმცა რეალურად ე. წ. „ცოლის ღალატის ამსახველი ვიდეო“ არის არა კურიოზული გამონაკლისი, არამედ კულმინაცია მიზანმიმართული სტრატეგიისა, რომლის მიზანია მაღალი რეიტინგის მოპოვება ნებისმიერ ფასად. ანუ, ამ შემთხვევაში მიზანია სოციალური ქსელით გავრცელებული ვიდეორგოლის ნახვის, მოწონების, გაზიარებისა და კომენტირების სტატისტიკის გაზრდა.


ამ სტრატეგიის ფარგლებში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ტვ „პირველისა“ და ტელეკომპანია „ფორმულის“ ოფიციალურ ფეისბუკგვერდებზე განსაკუთრებით გახშირდა შემთხვევები, როცა მედიასაშუალებები სოციალურ ქსელში აქვეყნებენ თავიანთ სამაუწყებლო პროფილთან, ერთი შეხედვით, სრულიად შეუსაბამო ფოტო- და ვიდეომასალას.


ეს შეიძლება იყოს ბუნების ლამაზი პეიზაჟი, საინტერესო ეპიზოდები ცხოველების ცხოვრებიდან, კურიოზები მცირეწლოვანი ბავშვების მონაწილეობით და ა. შ. თანაც, ეს ფოტო- და ვიდეომასალა, როგორც წესი, არც ახალ ამბავს ასახავს და არც ქართულ რეალობას და, რაც მთავარია, არც უშუალოდ ამ მედიასაშუალებების მიერაა შექმნილი.


სოციალური ქსელის მომხმარებლებში თავიდან გავრცელდა ვარაუდი, რომ ეს ახალი სტრატეგია მიმართული იყო იმ ნეგატიური ინფორმაციის „საკომპენსაციოდ“, რომელმაც წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში ოპოზიციურ მედიაში საგანგაშო სახე შეიძინა, თუმცა „ექსპერიმენტის“ დაწყებიდან მცირე ხნის შემდეგ ზემოხსენებულმა არხებმა ასევე გაახშირეს თავიანთ ფეისბუკის გვერდებზე მომხმარებელთა ჩართულობის სტატისტიკის გამოქვეყნებაც, სადაც ლიდერად ხან ტვ „პირველი“ გვევლინება, ხანაც „ფორმულა“ – იმისდა მიხედვით, როდის და ვინ აქვეყნებს ამ სტატისტიკას.


მედიასაშუალებათა მიერ გავრცელებულ მონაცემებში, როგორც წესი, მითითებული არ არის, რომელ მასალებზე მოდის ყველაზე მაღალი ჩართულობა, თუმცა თუნდაც ერთი კვირის მანძილზე განთავსებული პოსტების შედარებაც კი იძლევა ზოგადი დასკვნის გამოტანის საშუალებას:


ის, რაც ფეისბუკის მომხმარებელთა ნაწილმა ოპოზიციური არხების მხრიდან პოზიტიური დღის წესრიგის შემოტანის ცდად აღიქვა, სინამდვილეში პრაგმატული მარკეტინგული სტრატეგიაა; ანუ იმ სასიამოვნო, დადებითი განწყობის შემქმნელი მასალების დანიშნულება, რომლებსაც მედიასაშუალებები ლამის ყოველდღე „გვიზიარებენ“, ის არის, რომ მათი გზით მედიამ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიიზიდოს, ხოლო შემდგომ მისმა მესვეურებმა ამაყად გამოაცხადონ, ჩვენი (?) მასალები მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობენო.


ეს „სარეიტინგო პოსტები“, რომლებიც ხშირად მართლაც იწვევენ „მასობრივ ყურადღებას“, ქართული ტელეარხების შემთხვევაში, როგორც უკვე ვთქვით, იშვიათად თუ არის მათი ჟურნალისტების მიერ შექმნილი პროდუქტი; ხოლო ის, რაც ნამდვილად ტვ „პირველისა“ და „ფორმულის“ შექმნილია, გამოხმაურების სტატისტიკით, როგორც წესი, საგრძნობლად ჩამორჩება ზემოხსენებულ „ლირიკულ გადახვევებს“.


ეს გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ პოპულარული ფოტოებისა და ვიდეორგოლების მეშვეობით გამოხმაურების სტატისტიკის გაზრდა, ფაქტობრივად, ე. წ. „კლიკბეიტინგის“ შენიღბულ ფორმაა, რაც მედიაში ერთ-ერთ ყველაზე არაეთიკურ სტრატეგიად ითვლება.


კლიკბეიტი (clickbait), ანუ კლიკის სატყუარა, არის „მედიამაგნიტი“, რომელიც, რაც შეიძლება მეტი მომხმარებლის მიზიდვისა და კონკრეტულ ბმულზე მათი გადაყვანის მიზნით იქმნება. სოციალურ ქსელში კლიკბეიტინგის ამოცანა „ლაიკებისა“ და კომენტარების „გამომუშავებაც“ შეიძლება იყოს.


ამგვარ მასალებს, ჩვეულებრივ, ახლავს სენსაციური სათაურები, გადმოცემის დამაინტრიგებელი ფორმა და მათი შინაარსი შეუსაბამოა გვერდის მთლიან კონტექსტთან. სატყუარის მთავარი მიზანია მომხმარებლის აქტივობის გაზრდა მიმზიდველი, სენსაციური ან, სულაც, აბსურდული სათაურით, ფოტოთი და ვიდეოთი. სწორედ ამ სტრატეგიას მიმართავენ დღეს ტვ „პირველისა“ და „ფორმულის“ სოციალური მედიის პლატფორმები.


შედარებით ნაკლები სიხშირით, მაგრამ კლიკბეიტის მაგალითები გვხვდება სხვა მედიასაშუალებებშიც. ამგვარ პოსტებს საკმაოდ მრავლად ნახავთ ოპოზიციური „მთავარი არხის“ ფეისბუკის გვერდზეც და ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობილი „იმედისა“ თუ პოლიტიკურად მიუკერძოებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის სოციალურ პლატფორმებზეც.


საგულისხმოა, რომ ახალ ამბებზე ორიენტირებული ავტორიტეტიანი უცხოური მედიასაშუალებები აშკარად ერიდებიან იაფფასიანი სენსაციით ყურადღების მიპყრობას, ხოლო, თუ ზოგიერთი მათგანის ფეისბუკის გვერდზე მაინც შეხვდებით ცხოველთა სამყაროს, ბუნებისა თუ საინტერესო ცხოვრებისეული მომენტების კადრებს, ეს, როგორც წესი, ამ კონკრეტული მედიასაშუალების მიერ საგანგებო რუბრიკით მომზადებული საინფორმაციო ან შემეცნებითი მასალებია, რომლებიც სენსაციურად არ „იფუთება“.


საინტერესო, სახალისო კადრების გავრცელებაში (თუნდაც ისინი სხვისი გადაღებული იყოს) დასაძრახი თითქოს არაფერია, მაგრამ, მეტი რომ არა ვთქვათ, უხერხულია, როცა მედიასაშუალება ამ კადრებით მოპოვებული ფსევდორეიტინგით ტრაბახს იწყებს.


რედაქცია
  • 9
  • 6486
0 Comments