წითელი ვერსია
  • 4
  • 2359

რატომ არ აშუქებს მედია სასამართლო სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს?

05 აპრილი 2021

მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში საქართველოში თითქოს „დრო აჩქარდა“ და მოვლენები მართლაც კალეიდოსკოპური სისწრაფით განვითარდა: დანიელსონის ხანგრძლივი შუამავლობა და ჩაშლილი მოლაპარაკება, ლარის ახალი ანტირეკორდი, ფინანსთა მინისტრის გადადგომა, ახალციხელი ექთნის გარდაცვალება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინი და ამ საყოველთაო ორომტრიალში მოულოდნელად ამოტივტივებული ვლადიმირ პოზნერი!


ეს იმ მოვლენების არასრული ჩამონათვალია, გასული ორი კვირის მანძილზე საზოგადოების ყურადღების ცენტრში რომ მოექცა, თუმცა, როგორც ქართულ მედიაში ხშირად ხდება, კიჩი და ეპატაჟი ამჯერადაც დრამაზე მნიშვნელოვანი გამოდგა.


ალბათ, ამით უნდა აიხსნას, რომ „სირცხვილია“-ს აქტივისტების მიერ კვერცხების სროლით გამოხატულმა საპროტესტო პერფორმანსმა და გია ვოლსკის ხელებით შესრულებულმა „პანტომიმამ“ ისე გაიტაცა ქართული ტელევიზია, ბევრი მნიშვნელოვანი თემა საერთოდ ამოვარდა საეთერო ბადიდან.


მაგალითად, კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ ისე გავიდა პირველ მოსმენაზე, რომ საზოგადოებამ მხოლოდ მოკლე ცნობების სახით შეიტყო სასამართლო სისტემაში დაგეგმილი ცვლილების ამბავი; თანაც, მედია არც დაინტერესებულა იმით, კონკრეტულად რა იცვლება, რატომ იცვლება და რას მოუტანს ქვეყანას ეს ცვლილება.


არადა, სასამართლო ის ინსტიტუტია, ყველას რომ გვეხება და ყველას გვჭირდება; გვჭირდება არა მარტო პირადი ან საქმიანი დავების გადასაწყვეტად, არამედ, ზოგადად, კონფლიქტების ცივილიზებული გზით მოსაგვარებლად.


მიუხედავად ამ ანბანური ჭეშმარიტებისა, ქართული ტელემედია ჯიუტად არიდებს თავს ისეთ „მოსაწყენ“ საქმეზე საუბარს, როგორიცაა ამა თუ იმ კანონის მუხლებსა და დეტალებში ჩაღმავება, საიდანაც არც ყვითელი სკანდალი „გამოდნება“, არც სენსაციური „ექსკლუზივი“.


არადა, მედია ხშირად აკრიტიკებს სასამართლოს და ზოგჯერ დაბეჯითებით იმეორებს ოპოზიციის ბრალდებებს, რომელთა თანახმადაც ქართული სასამართლო სისტემა ტოტალურად კორუმპირებული, მიკერძოებული და „კლანურია“.


თუნდაც ამ ბრალდებათა დამადასტურებელი ფაქტების მოპოვების მიზნით, მედია, წესით და კანონით, ზედმიწევნით დეტალურად უნდა ეცნობოდეს და გვაცნობდეს სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს. მაგრამ სასამართლოს რეფორმირების რამდენიმე პროექტი საქართველოში ისე განხორციელდა, რომ საზოგადოებამ მედიისგან ვერ მიიღო საჭირო ინფორმაცია და ვერ გაიგო, რამდენად ან როგორ შეეხება სასამართლო სისტემაში მომხდარი ცვლილებები მოქალაქეებს.


ცნობისთვის: დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სასამართლო სისტემის პირველი ფუნდამენტური რეფორმა საქართველოში 1997 წელს დაიწყო. რეფორმა პარლამენტის საკონსტიტუციო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის სახელთან ასოცირდება. ახალგაზრდა რეფორმატორად აღიარებულმა „მიშამ“ თანამოაზრეებთან და მხარდამჭერებთან ერთად მალე მიაღწია იმას, რომ აგრესიული მედიაშტურმისა და დისკრედიტაციის კამპანიის ფონზე სისტემიდან კონსტიტუციის დარღვევით დაითხოვეს მოსამართლეთა უდიდესი ნაწილი.


ეს იყო მიხეილ სააკაშვილის პირველი რეფორმის მთავარი მოვლენაც და პრობლემაც, თუმცა იმ ამბავს დღეს იშვიათად თუ იხსენებს ვინმე. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ხსენებულმა რეფორმამ მართლმსაჯულების სისტემა გაუმჯობესების ნაცვლად კიდევ უფრო დააზიანა, რადგან ვერაღმოფხვრილი კორუფციის პარალელურად გამოიკვეთა ახალი საფრთხეც, რომელიც პოლიტიკური ჯგუფისა და, მოგვიანებით, მმართველი პარტიის მიერ სასამართლოს ტოტალურ დაქვემდებარებაში გამოიხატა.


ამ პრობლემაზე ნათლად მეტყველებს თუნდაც იუსტიციის უმაღლესი სკოლის ისტორია: სკოლა 2006 წელს დაარსდა და თავიდანვე სპეციალიზებული იყო მოსამართლეთა მომზადება-გადამზადების პროცესზე. მეტიც: სკოლა ფლობდა მონოპოლიას მოსამართლეთა მომზადების საქმეში და მისი კურსის გაუვლელად ვერავინ გახდებოდა მოსამართლე. საინტერესოა, რომ ამ ლამის განუზომელი უფლებების მქონე დაწესებულებას დაარსებიდან 2013 წლამდე ხელმძღვანელობდა... დავით სააკაშვილი, მიხეილ სააკაშვილის ძმა.


პარტიის, ფაქტობრივად კი ერთი ოჯახის მიერ სასამართლოს დაქვემდებარების პრობლემა განსაკუთრებით გამოიკვეთა 2003 წლის შემდეგ, როცა „ვარდების რევოლუციის“ შედეგად ქვეყნის მართვა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურმა გუნდმა გადაიბარა.


აღსანიშნავია ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლებში სასამართლო სისტემის მართვის სტრუქტურა და შემადგენლობა რამდენჯერმე შეცვალა, თუმცა, როგორც გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკა (0,04%!), ისე საქართველოდან სტრასბურგში გაგზავნილ საქმეთა რიცხვი ნათლად მეტყველებს, რომ ქართული სასამართლო მთელი ამ ხნის განმავლობაში შორს იყო ევროპული სტანდარტებისგან.


საბოლოოდ, საგანგაშო სტატისტიკისა და არაერთი სკანდალის გამო, 2010 წელს მიხეილ სააკაშვილი იძულებული გახდა, მართლმსაჯულების სისტემის ახალი რეფორმა გამოეცხადებინა და ამჯერად ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დანერგვას შეჰპირდა დასავლეთს, რომელმაც თავის დროზე მართლმსაჯულების გარდაქმნისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება გაუწია საქართველოს.


სხვათა შორის, დღეს არც თავად მიხეილ სააკაშვილი უარყოფს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა „ჩავარდა“ და აცხადებს: „ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეცდომა, რომელიც მე დავუშვი, ისაა, რომ თავის დროზე ვერ შევძელი და არ შევქმენი უკეთესი სასამართლო სისტემა საქართველოში. ამ შეცდომას ნამდვილად აღარ გავიმეორებ.“


2013 წლიდან სასამართლო სისტემაში ახალი ფუნდამენტური რეფორმა დაიწყო. ის „ტალღების“ სახელითაა ცნობილი და მისი საბოლოო შედეგი მოსამართლეთა თავისუფლება და სამართალწარმოების მიუკერძოებლობა უნდა იყოს.


საგულისხმოა, რომ ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, პრეტენზიები სასამართლოს მიმართ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდშიც ხშირად გვესმის, თუმცა ამჯერად მმართველ გუნდს, ძირითადად, წარსულში ჩამოყალიბებული კლანური სისტემის უცვლელად დატოვების, ანუ არასრულყოფილი რეფორმირებისა და დისკრედიტებული სისტემის საკუთარ დაქვემდებარებაში მოქცევისთვის აკრიტიკებენ.


„ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, „ქართულ ოცნებას“ მართლაც არ დაუწყია მოსამართლეების (მათ შორის, სკანდალურ საქმეებთან ასოცირებული მოსამართლეების) მასობრივი დათხოვნა-გათავისუფლება და მათი ჩანაცვლება პოლიტიკურად ლოიალური კადრებით, თუმცა, კრიტიკოსთა აზრით, მან „უფრო უხმაურო“ გზას მიაგნო და გავლენიანი, მაგრამ ხშირად დისკრედიტებული მოსამართლეები თავისკენ „გადაიბირა“.


მთლიანობაში, დღეს საზოგადოებისთვის იოლი არ არის მედიაში გავრცელებულ ფრაგმენტულსა და, ხშირად, პოლიტიკურად მიკერძოებულ ცნობებში გარკვევა და იმის გაგება, სად მთავრდება ობიექტური კრიტიკა და სად იწყება პოლიტიკური პროპაგანდა „ოცნების“ ხელისუფლებისა და, კერძოდ, მართლმსაჯულების სისტემის წინააღმდეგ.


მაგალითად „რუსთავი 2“-ის გახმაურებული საქმეც გამოგვადგება: ოპოზიციური მედიის მტკიცების საწინააღმდეგოდ, 2019 წლის 18 ივლისს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერი იყო.


„სისტემის უცვლელად შენარჩუნებისთვის“ ხელისუფლების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, მედია ასევე იშვიათად გვაწვდის სტატისტიკას იმასთან დაკავშირებით, რამდენად და რა მიმართულებით შეიცვალა საქართველოში გამამართლებელი ვერდიქტების რაოდენობა 2012 წლის შემდეგ და რამდენად იკლო თუ იმატა საქართველოდან კონკრეტულ საქმეებზე სტრასბურგში გაგზავნილ საჩივართა რიცხვმა, რაც ნათლად გვიჩვენებს საზოგადოების ნდობის (ან უნდობლობის) ხარისხს სასამართლო სისტემის მიმართ.


დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრობლემა მხოლოდ მედიის მიკერძოებულობაში არ არის და ობიექტური საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას თავად იუსტიციის საბჭოს მუშაობის არასათანადო გამჭვირვალობა და საზოგადოებასთან სასამართლო სისტემის არასაკმარისი კომუნიკაციაც აფერხებს. ამას არაერთი გამოკვლევაც ადასტურებს.


ნიშანდობლივია, რომ თითქმის ხუთთვიანი პოლიტიკური დაძაბულობის მთავარ მიზეზად ოპოზიცია და ოპოზიციური მედია მართლმსაჯულების პოლიტიზებას ასახელებენ და, აქედან გამომდინარე, ალბათ, არც ის არის შემთხვევითი, რომ საქართველოში საშუამავლოდ მოვლენილმა შვედმა დიპლომატმა კრისტიან დანიელსონმა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა ქვეყანაში შექმნილი დაძაბული ვითარების განმუხტვას, თავის ხუთპუნქტიან გეგმაში პირველ საკითხად სწორედ მართლმსაჯულების სისტემის გარდაქმნა შეიტანა.


შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ პუნქტის სულისკვეთება თეორიულად ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა გაიზიარა, თუმცა დოკუმენტს ხელი არც ერთმა პარტიამ არ მოაწერა. მიუხედავად ამისა, მმართველმა პარტიამ მაინც აიღო პასუხისმგებლობა ცვლილებებზე და ჯერ კიდევ 25 მარტს გამოაცხადა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაგეგმილი იმ ცვლილებების შესახებ, რომლებმაც იუსტიციის საბჭოს დაკომპლეტებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესის მეტი გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს.


ლელა კურდღელაშვილი
  • 4
  • 2359
0 Comments