წითელი ვერსია
  • 0
  • 3663

რას უწუნებს ბრაიზა ელექტრონული კომუნიკაციების კანონში შეტანილ ცვლილებებს?

08 სექტემბერი 2020

აგვისტოს მიწურულს ქართულ მედიაში ისევ აქტიურად დაიწყო ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ივლისში შეტანილი ცვლილებების განხილვა.


შეგახსენებთ: მიღებული ცვლილებები ავტორიზებული ან ლიცენზიის მფლობელი სუბიექტებისთვის ცალკეულ შემთხვევებში ითვალისწინებს დროებითი მმართველის დანიშვნას. საპარლამენტო უმრავლესობამ ცვლილებებს მხარი დაუჭირა, მაგრამ ოპოზიციამ და ბიზნესის მესვეურთა ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა მათი დაჩქარებული წესით მიღების გამო.


აღსანიშნავია ისიც, რომ ოპოზიციამ და ზოგმა ოპოზიციურმა მედიასაშუალებამ ჯერ კიდევ კანონის განხილვისას გამოთქვეს ეჭვი, რომ კანონპროექტი ერთი კონკრეტული კომპანიის − „კავკასუს ონლაინის“ საქმეზე იყო მორგებული, რომელთანაც კომუნიკაციების კომისიას შარშანდელი ოქტომბრიდან მოყოლებული დავა აქვს. პარლამეტის მიერ მიღებული კანონის კრიტიკა განსაკუთრებით მწვავე გახდა აგვისტოს მეორე ნახევარში, როცა ოპოზიციურმა მედიამ გაავრცელა ყოფილი ამერიკელი დიპლომატებისა და სამხედროების კომენტარები, სადაც ისინი შენიშვნებს გამოთქვამენ კანონში შეტანილი ცვლილებების მისამართით. კერძოდ, ქართველი მკითხველი და მაყურებელი გაეცნო აზერბაიჯანში აშშ-ის ყოფილი ელჩის მეთიუ ბრაიზას, აშშ-ის ევროპაში განთავსებული ჯარების ყოფილი სარდლის ბენ ჰოჯესისა და უკრაინაში აშშ-ის ყოფილი საგანგებო წარმომადგენლის კურტ ვოლკერის მოსაზრებებს.


ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, რამდენად საფუძვლიანად და ობიექტურად იყო ინფორმირებული თითოეული მათგანი იმ საკითხზე, რომელიც არასოდეს ეკუთვნოდა მათი სამსახურებრივი პასუხისმგებლობის სფეროს, თუმცა გარკვეულ ეჭვს ბადებს თუნდაც ის გარემოება, რომ სულ რაღაც ერთი თვის წინ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში იგივე კურტ ვოლკერი „დროულსა“ და „გონივრულს“ უწოდებდა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს და აღნიშნავდა, რომ „როდესაც თქვენ გაქვთ სტრატეგიული აქტივები, რომლებიც განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ისინი არ უნდა გაიყიდოს კერძო კომპანიებზე მთავრობის ნებართვის გარეშე.“


კანონში შეტანილი ცვლილებები სწორედ ამგვარი პრობლემების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად, ხოლო, რაც შეეხება „კავკასუს ონლაინს“, ის საქართველოში ერთადერთი კერძო კომპანია არ არის, რომელიც სტრატეგიულ აქტივებს ფლობს. ამავე დროს, „კავკასუსის“ ისტორია ნამდვილად შეიძლება გამოდგეს ერთ-ერთ მაგალითად იმის საჩვენებლად, რამდენად საჭიროა ამ სფეროში მკაფიო და გამჭვირვალე რეგულაციები.


რა ხდება სინამდვილეში „კავკასუს ონლაინის“ ირგვლივ? კომპანიამ, რომელიც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე სუბიექტია და ქვეყნისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას ფლობს (საქართველოს მაგისტრალურ-ოპტიკურ ინფრასტრუქტურასა და შავი ზღვის ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს), დაახლოებით ერთი წლის წინ, მასზე დაკისრებული ვალდებულების აშკარა დარღვევით (ანუ კომუნიკაციების კომისიასთან შეუთანხმებლად) მიჰყიდა კომპანიის წილების 49% აზერბაიჯანის მოქალაქე ნასიბ ჰასანოვს, რომელიც აზერბაიჯანული სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგის, „ნექსოლის“ დამფუძნებელია.


ამ ტრანსაქციისთვის კომუნიკაციების კომისიამ რამდენჯერმე დააჯარიმა კომპანია და მოსთხოვა მას, აღედგინა ჰასანოვის მიერ წილის შეძენამდე არსებული წილობრივი მფლობელობა, თუმცა ამ ნაბიჯებმა შედეგი ვერ გამოიღო. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის როგორც ძველი, ისე ახალი რედაქციის მიხედვით, კომისიას შეეძლო, „კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაცია შეეჩერებინა, რაც ქვეყანაში მოქმედი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირი აბონენტების დიდი ნაწილის ინტერნეტრესურსის გარეშე დატოვებას გამოიწვევდა.


კანონის ახალი რედაქციის თანახმად, კომპანიაში, რომელიც კანონდარღვევით გაასხვისებს წილებს, შემდეგ კი კომუნიკაციების კომისიის მითითების მიუხედავად, ამ დარღვევას არ გამოასწორებს, შესაძლებელი ხდება, ვითარების კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად, დროებითი მმართველის შეყვანა. აქვე განვმარტავ: მმართველის დანიშვნა მხოლოდ მას შემდეგ ხდება შესაძლებელი, თუ კომისია გამოიყენებს სანქციის ყველა სახეს (ანუ გაფრთხილებასა და სამ ჯარიმას, მათ შორის მაქსიმალურს, 270 ათასი ლარის ოდენობით), მაგრამ ეს სანქციები მაინც ვერ უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას, ხოლო, მეორე მხრივ, ავტორიზაციის შეჩერებაც ზიანის მომტანია. მხოლოდ ასეთ ვითარებაში არის შესაძლებელი დროებითი მმართველის დანიშვნა.


ასეთია ფაქტები, რომლებსაც ოპოზიციისა და ბიზნესის წარმომადგენელთა ერთი ნაწილი უპირისპირებს მხოლოდ და მხოლოდ ეჭვებს იმის თაობაზე, თითქოს კანონი დააზიანებს საინვესტიციო გარემოს, ან მიმართავს პოლიტიკურ დემაგოგიას (აქაოდა, კანონში შეტანილი ცვლილება სიტყვის თავისუფლებას ზღუდავსო და ა.შ.).


რაც შეეხება ოპოზიციური მედიასაშუალებების მიერ „მოწმედ“ მოშველიებულ უცხოელებს, მართალია სამივე მათგანი ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ფიგურაა, მაგრამ ამჟამად კომერციულ სექტორში საქმიანობს და აღარ წარმოადგენს ვაშინგტონის ადმინისტრაციის ოფიციალურ პოზიციას.


საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს იმის ცოდნაც რომ მეთიუ ბრაიზა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან დაახლოებული პირი, დღეს სწორედ იმ აზერბაიჯანული ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, რომელმაც ფარული გარიგებით, 61 მილიონ დოლარად შეიძინა „კავკასუს ონლაინის“ აქციების 49 პროცენტი.


„ნექსოლ ჰოლდინგის“ ინტერესთა ლობირების გარდა, მეთიუ ბრაიზას, შესაძლოა, პოლიტიკური ინტერესებიც ჰქონდეს: ის ხომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელიცაა; „ატლანტიკურ საბჭოსთან“ კი აქტიურად თანამშრომლობს „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“, რომლის მმართველობაც სააკაშვილის ხელისულების ყოფილი მაღალჩინოსნებითაა დაკომპლქტებული და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს გამოხატავს. ეს კარგად გამოჩნდა სწორედ მიმდინარე წლის თებერვალში, როდესაც მმართველმა გუნდმა გაასაჯაროა „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ვიცეპრეზიდენტის, ბათუ ქუთელიას მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება.


რაც შეეხება ბენ ჰოჯესსა და კურტ ვოლკერს, ამ საქმეში პოლიტიკურად მიუკერძოებელ სპეციალისტებად მათი განხილვა არანაკლებ ძნელია, რადგან, ჯერ ერთი, ძნელი წარმოსადგენია, ისინი ერკვეოდნენ ამდენად სპეციფიკური პროცესის დეტალებში (სხვათა შორის, ამას თავად ვოლკერიც აღნიშნავს) და თანაც, მათ არაერთხელ გაუკეთებიათ შეფასებითი განცხადებები და დაუფიქსირებიათ თავიანთი პოზიცია საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.


ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აგვისტოს ბოლოს წამოწყებული საინფორმაციო იერიში და ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსნების მკვეთრად პოლიტიკური განცხადებები ჰგავს ლობისტების კარგად დაგეგმილ პიარკამპანიას, რომლის მიზანიც, გარდა ფინანსური გამორჩენისა, იმ პოლიტიკურ ძალთა ირიბი მხარდაჭერაც შეიძლება იყოს, რომლებიც საქართველოში ზოგიერთი გავლენიანი ბიზნესჯგუფის ინტერესებს ლობირებენ. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფია აზერბაიჯანის „ნექსოლ ჰოლდინგიც“, რომელიც ამჟამად ტრანსნაციონალურ კორპორაციად ჩამოყალიბებას ცდილობს. რატომ ვერ მოახერხა კომპანიის მენეჯმენტმა, ჯეროვნად შეეფასებინა კანონის გვერდის ავლით განხორციელებულ შესყიდვასთან დაკავშირებული საფრთხე? და როგორ დასრულდება დავა „კავკასუს ონლაინის“ წილების ირგვლივ? პასუხებს ამ შეკითხვებზე, იმედია, ახლო მომავალში შევიტყობთ.



ფოტო co.ge

ლელა კურდღელაშვილი
  • 0
  • 3663
1 Comments

რაკურსი / Rakurs studio

სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება არ უნდა ხორციელდებოდეს ხალხის მიერ დაქირავებული ჩინოვნიკების და მათ მიერ მოწვეული იურისტების მიერ (რაც ასეთ პროცესში არის მეორეხარისხოვანი), მითუმეტეს როდესაც საუბარი არის კანონის შექმნაზე, ყოველი საკანონმდებლო ინიციატივის დამუშავება და მომზადება უნდა ხორციელდებოდეს ღიად, სახალხოდ და საზოგადოებრივი მხარდაჭერით...