წითელი ვერსია
  • 11
  • 9540

რას (არ) ამბობს მადამ პრეზიდენტი ევროპაში?

12 ნოემბერი 2023

გასულ კვირაში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ორი ინტერვიუ, რომლებიც ფრანგულმა მედიასაშუალებებმა (France 24 და Radio France) სალომე ზურაბიშვილთან 9 ნოემბერს, საფრანგეთში მისი მოგზაურობის დროს ჩაწერეს.


აღსანიშნავია, რომ ინტერვიუები დროში დაემთხვა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაციის გაცემას, რაც უდავოდ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენაა საქართველოს უახლეს ისტორიაში.


აქედან გამომდინარე, მოსალოდნელი იყო, რომ ჟურნალისტები და მათი რესპონდენტი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდებოდნენ ამ ინტერვიუებს. თუმცა რეალობა მოლოდინისგან შორს აღმოჩნდა.


ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვები ცხადყოფს, რომ მათ არა მხოლოდ არ იციან საქართველოში არსებული პოლიტიკური რეალობა, არამედ აბსოლუტურად არასწორი წარმოდგენა აქვთ საქართველოს კონსტიტუციური და სამართლებრივ-პოლიტიკური მოწყობის შესახებაც.


მაგალითად,


France 24-ის ჟურნალისტმა ევრორეკომენდაციებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილს ჰკითხა:


„ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქართველებმა უნდა გაატარონ მნიშვნელოვანი რეფორმები. ვნახეთ, რომ მოსახლეობა აშკარად ევროპისკენაა მიმართული, მაგრამ ქართული მთავრობა უფრო და უფრო ღიად პრორუსულია. როგორც აღვნიშნეთ, იყო თქვენი გადაყენების მცდელობა. მთავრობა იძულებული გახდა სასწრაფოდ უკან გაეხმო „უცხოელი აგენტების შესახებ“ რუსული კანონის მსგავსი კანონპროექტი. არ გეშინიათ, რომ საქართველოს მთავრობა ხელს შეგიშლით რეფორმების ბოლომდე განხორციელებაში?“ (?!)


ამ შეკითხვაში ერთდროულად რამდენიმე აბსურდული ფორმულირებაა. ჯერ ერთი, ჟურნალისტს ჰგონია (ან ინტერვიუმდე ასეთი ინფორმაცია მიაწოდეს) რომ საქართველოს პრეზიდენტი მართავს და რეკომენდაციებსაც პრეზიდენტი ასრულებს, ხოლო „პრორუსული მთავრობა“ მას მხოლოდ ხელს უშლის. წამყვანს აშკარად არ აქვს ბოლომდე მოსმენილი თუნდაც იმავე ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადება საქართველოს შესახებ, სადაც ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ ევრორეკომენდაციების შესრულებაზე მთავრობამ იმუშავა.


ამის შესახებ ჟურნალისტმა არაფერი იცის და ერთადერთი, რაც მას აინტერესებს ისაა, „შეძლებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი რეფორმების ბოლომდე მიყვანას“ (?!) და ხომ არ შეუშლის მას ხელს „პრორუსული ხელისუფლება“ (?!)


ამასთანავე, ჟურნალისტი აქაც და სხვა კითხვებშიც მტკიცებითი ფორმით მოიხსენიებს საქართველოს ხელისუფლებას „პრორუსულად“, ხოლო პრეზიდენტი ამ ფორმულირებას ისე იღებს, როგორც ფაქტს და თავისი პასუხებით აშკარად ეთანხმება კითხვაში მოცემულ შეფასებას.


მაგალითად,


ჟურნალისტი: „პრორუსულად მიჩნეულმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სტატუსი ისტორიული გამარჯვება იყო. გაგაკვირვათ ამან?“


სალომე ზურაბიშვილი: „გამახარა. ის დღეს საფრანგეთში იმყოფება და ესწრება მშვიდობის ფორუმს, ხვდება პრეზიდენტ მაკრონს. ამ გადაწყვეტილებამ მე გამახარა, რადგან ეს ნიშნავს რომ ევროკომისიამ პოლიტიკურად ძალიან ზუსტი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ეს გარკვეულწილად აიძულებს საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას ერთ, ევროპულ სიხშირეზე იყვნენ...“


პრეზიდენტი შენიშვნის სახითაც არ აზუსტებს, რომ რეფორმებს რეალურად მთავრობა ატარებს, რომ საქართველოს საერთოდაც, მთავრობა მართავს და მთავრობის მეთაური (პრემიერ-მინისტრი) რომ „პრორუსი და ანტიევროპელი“ იყოს, მაშინ გაუგებარი იქნებოდა, რატომ შეასრულა ქვეყანამ ევრორეკომენდაციები ან როგორ მიაღწია თუნდაც ევროპული პერსპექტივის აღიარებამდე.


არანაკლებ გაუგებარი იყო Radio France-ის ჟურნალისტის კითხვები, რომელსაც, როგორც ჩანს, მიაწოდეს ინფორმაცია, რომ საქართველოში უკანასკნელ პერიოდში დიდი დებატები იყო გამართული საგარეოპოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით და საერთოდ, ქვეყანა „მაიდანისკენ“ მიდიოდა:


„თქვენმა ქვეყანამ მძიმე ისტორიული მოვლენები გადაიტანა, თქვენი მოსახლეობა არის ამ დებატების შუაგულში, რომელი გზა აირჩიოს, საით გაიხედოს, და თქვენ ხართ პარიზში, მონაწილეობთ ,,მშვიდობის ფორუმში“, ამ სიტყვას აქვს შინაარსი დღეს, აქტუალურ კონტექსტში?“


ან კიდევ:


„ამ უკანასკნელ თვეებში ევროკავშირის დროშები აღმართული იყო საქართველოს დიდი ქალაქების მოედნებზე, თბილისში... შეიძლება პარალელის გავლება იმასთან, რაც უკრაინაში 2014 წელს მოხდა?“


გაუგებარია, სად დაინახა ფრანგმა ჟურნალისტმა მწვავე დებატები იმის შესახებ, თუ „საით გავიხედოთ“ ან რა დროშები ჩათვალა „მაიდანის პრელუდიად“?


რეალურად, საქართველოს დიდ ქალაქებში ევროკავშირის დროშები უკვე არაერთი წელია, აღმართულია და ეს ახალი ამბავი არ არის.


ფაქტია, რომ ევროპელი ჟურნალისტები, სამწუხაროდ, ძალიან ზერელედ მიუდგნენ ინტერვიუს მომზადებისა და ინფორმაციის მოძიების პროცესს, ან გადაუმოწმებლად დაეყრდნენ მათთვის მიწოდებულ არასწორ ცნობებს.


ვინ მიაწოდა მათ ასეთი ინფორმაცია, ან ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული ევროპაში ისეთი შთაბეჭდილების შექმნით, თითქოს საქართველოში რეფორმებს სალომე ზურაბიშვილი ატარებს, ხოლო მთავრობა მას მხოლოდ ხელს უშლის, ამის ძიება ჩვენი ამოცანა არ არის.


წესით, აღნიშნულ მედიასაშუალებებს მეტი უნდა სცოდნოდათ ჩვენი ქვეყნის შესახებ თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ იმავე France 24-ში წლების განმავლობაში მუშაობს სალომე ზურაბიშვილის ქალიშვილი, ქეთევან გორჯესტანი.


საბოლოოდ, ფრანგულმა აუდიტორიამ საქართველოს პრეზიდენტთან ინტერვიუს ნაცვლად, ობიექტურ რეალობას აცდენილი კითხვა-პასუხი მოისმინა.


ზვიად ლიპარტელიანი
  • 11
  • 9540
0 Comments