წითელი ვერსია
  • 7
  • 5148

რამდენიმე მოსაზრება BBC HARDtalk-ის წამყვანის შეკითხვებზე

01 მარტი 2024

ინტერვიუ, ჰარდთოქი იქნება ის თუ ნებისმიერი სხვა, საჭადრაკო პარტიას ჰგავს - დაფის ორივე მხარეს მოწინააღმდეგეები სხედან და საჭირო სვლებს აკეთებენ.


გარკვეულწილად, ეს ფსიქოლოგიური ომიცაა. ელოდები, რას გიპასუხებს მოწინააღმდეგე, ხან თავს იცავ, ხან თავს ესხმი.


- თქვენ პრეზიდენტი ხართ, მაგრამ ეს დიდწილად ცერემონიული როლია მიმართა BBC HARDtalk-ის წამყვანმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.


წამყვანის კომენტარი არ იყო შემთხვევითი:


საუბრის დასაწყისში დასმულ კითხვას - ფიქრობთ, რომ რუსეთს საქართველოზე კონტროლის დამყარება უნდა?


ზურაბიშვილმა უპასუხა: რუსეთს არა მარტო საქართველოს კონტროლი, არამედ ალბათ, ევროპის ნაწილების კონტროლიც უნდა. მას ძველი ამბიციები და იდეაფიქსი აქვს, დარჩეს იმპერიალისტურ სახელმწიფოდ. მაგრამ რაზე უნდა ვფიქრობდეთ, რა უნდა რუსეთს, თუ რა გვინდა ჩვენ?


დასაწყისში ჭადრაკის პარტია ვახსენეთ და ვნახოთ, როგორ თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავს წამყვანს რესპონდენტი მთავარი კითხვისკენ:


- რუსეთი აფხაზეთში ღრმაწყლოვან პორტს აშენებს...პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა: რუსეთმა ახალი ბაზის შესახებ განაცხადა, მაგრამ ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით. ამ პორტმა შეიძლება საქართველოს ამ ომში ჩართვა გამოიწვიოს?


ზურაბიშვილი: ველა შემდეგი პროექტი, რომელიც ევროკავშირს შავი ზღვის, სტრატეგიული ტრანსპორტირების მიმართულებით აქვს და კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან კავშირებს ეხება, საშიშროების წინაშე იდგება... საჭიროა, ევროპელებმა გაიაზრონ, რომ არ შეიძლება ისინი რუსეთმა შავი ზღვიდან გაასახლოს.


კითხვა: რას მოუწოდებთ ევროკავშირს?


ზურაბიშვილი: უნდა დაიწყონ აქამდე არსებული [პროექტების] განხორციელება - შავი ზღვის ნავსადგურებში... სადაც ჩვენ ევროკავშირისა და ამერიკის აქტიური ინვესტიციები უნდა ვიხილოთ...


კითხვა: რა გამოდის, რომ ისინი პირდაპირი მნიშვნელობით ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებიან?


დღეს, როცა დასავლეთი ასე პირდაპირ და დაუფარავად ცდილობს რუსეთის გაზრდილი ამბიციების დაოკებას, როცა ევროკავშირი (და არა მხოლოდ) დიდი ხანია, უკრაინაში ომმა რუსეთის პირისპირ უკვე ღიად დააყენა, კითხვის პათოსი, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია.


საქართველომ ერთხელ უკვე ნახა, რას ნიშნავს რუსეთის პირისპირ მარტოდმარტო, შიშველი ხელებით დგომა და სწორედ ამიტომაც სურს, აირჩიოს ევროკავშირი და ნატო, როგორც მშვიდობის ფარი.


ამ კონტექსტში, კიდევ უფრო უცნაურად ჟღერს საქართველოს თემაზე დეტალურად ინფორმირებული წამყვანის მომდევნო კითხვა:


- როდესაც თქვენ გისმენთ, რჩება განცდა, რომ საქართველომ არჩევანი უნდა გააკეთოს ნატო-ევროკავშირსა და რუსეთს შორის?


და შემდგომ გამოტანილი განაჩენი:


- მოდით ვისაუბროთ უცნაურ ვითარებაზე, სიმართლეა ის, რომ საქართველო ვერ გაწევრიანდება ნატოში, პირველ რიგში, სეპარატისტული ანკლავების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო. ეს არ შეიცვლება, ხომ ასეა?


პრეზიდენტის პასუხზე, რომ აფხაზებსა და ოსებს შეუძლიათ დაინახონ ჩვენთან ერთად ევროკავშირში გაერთიანება, როგორც საკუთარი პერსპექტივა, წამყვანი მორიგ უცნაურ კითხვას სვამს:


- მას შემდეგ, რაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგენიჭათ, საქართველოს ევროკავშირში წევრობა რეალურია?


გასაგებია, რომ ნატო-მდე საქართველოს დიდი გზა აქვს გასავლელი, ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი რეალობა ასეთია; თორემ ხვალ (პირობითად) შესაძლოა, ვითარება აბსოლუტურად განსხვავებული იყოს, ასეთია რეალპოლიტიკა.


რაც შეეხება ევროკავშირს - მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ცოტა უხერხული ხომ არაა ევროპული პერსპექტივის ასე ღიად ეჭვქვეშ დაყენება?


ხომ არ არის ეს საზრდო ევროსკეპტიკოსთა ფანტაზიებისთვის, რომ ნატო და ევროკავშირი მხოლოდ დასავლური სატყუარაა და უმჯობესია, რუსეთთან „დავალაგოთ“ ურთიერთობები?


ჰარდთოქი მწვავე კითხვებს ნიშნავს და არა - ქვეყნის ევროპული მომავლის ეჭვქვეშ დაყენებას.


BBC HARDtalk-ის წამყვანობა პროფესიონალიზმის ნიშანია, მასში ეჭვის შეტანას არავინ აპირებს. მითუფრო გაუგებარია ასეთი რიტორიკა იმ წამყვანისგან, რომელიც ზედმიწევნით კარგად ერკვევა ქართული პოლიტიკის რეალიებში.


საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე გამოკვეთა საგარეო პოლიტიკური კურსი ევროპული და ჩრდილოატლანტიკური სტრუქტურებისკენ.


იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, არჩეული კურსიდან გადახვევას არ აპირებს.


ამ გზაზე კი მას მოკავშირეები სჭირდება და არა სკეპტიკოსები.


კატო თავართქილაძე
  • 7
  • 5148
0 Comments