წითელი ვერსია
  • 3
  • 3768

რა ვასწავლოთ, რა ვისწავლოთ?

27 ნოემბერი 2024

26 ნოემბერს, სოციალურ ქსელებში, პანიკის ახალმა ტალღამ გადაიარა - გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებები შევიდა, რაც ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამაში შესული მასალის მოცულობის შემცირებას გულისხმობს.


საგამოცდო პროგრამიდან ამოღებული ლიტერატურის ნუსხაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოები მოხვდა. მაგალითად, ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტური წერილი „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“, ილია ჭავჭავაძის პოემები „აჩრდილი“ და „განდეგილი“, პოლიკარპე კაკაბაძის, პაოლო იაშვილის და ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედება და ა.შ.


უცვლელადაა დატოვებული დავით კლდიაშვილის, გურამ დოჩანაშვილის, ჯემალ ქარჩხაძის, გურამ რჩეულიშვილის, ნიკო ლორთქიფანიძის, ტიციან ტაბიძის, კონსტანტინე გამსახურდიასა და მიხეილ ჯავახიშვილის ის ნაწარმოებები, რომლებიც 2024 წლის საგამოცდო პროგრამაში იყო.


ისედაც ჭარბად პოლიტიზებულ და პოლარიზებულ საზოგადოებაში მსგავსი ტიპის ცვლილება უპირობოდ ექცევა ხოლმე აღქმისა და რეალობის დიქოტომიაში.
გამონაკლისი არც ეს შემთხვევა აღმოჩნდა. პირიქით, მისი აპოკალიპტური ტენდენციით წარმოჩენას ხელი შუწყო ზოგიერთმა მედიამ და თავად სოციალურმა ქსელმა.


"ცენზურის მანქანა ჩაირთო... ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამა დაგვიცხრილეს და დაგვისეტყვეს ისარლოვებმა..“ - ვკითხულობთ „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ, ერთ-ერთი პედაგოგის ფეისბუკ-პოსტში.


ამასთან ერთად, საზოგადოებამ გააპროტესტა ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის პროგრამაში შესული ცვლილებებიც.


"წელს ისტორიის პროგრამაში შევიდა გარკვეული სახის ცვლილებები და ამოღებულ იქნა პროგრამიდან: 1802, 1804, 1812, 1819-20 წლის აჯანყებები რუსეთის წინააღდეგ.
ანუ აბიტურიენტები ამ საკითხებს უბრალოდ არ გაეცნობიან, რადგან პროგრამაში არ არის...“
- სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ეს პოსტიც „მთავარი არხის“ ერთ-ერთი წყაროა.


მოგვიანებით, განცხადება გააკეთა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ:


„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ სასწავლო პროგრამა არ შეცვლილა და პროგრამიდან არც ერთი ნაწარმოების ამოღება არ მომხდარა.


ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას. თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული სკოლებში აღარ ისწავლება.“ - ნათქვამია განცხადებაში.


დღის ბოლოს განმარტება გააკეთა განათლების მინისტრმაც, რომელმაც ეს ცვლილება იმ კამათს დაუკავშირა, რაც არაერთი წელია გაისმის - შევიდეს თუ არა ეროვნული გამოცდების პროგრამაში არასავალდებულო ნაწარმოებებიც.


„გვსურს, ინიციატივით მივმართოთ, რომ ის ლიტერატურა და ნაწარმოებები, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენს მოსწავლეებში ეროვნულ-პატრიოტული ღირებულებებისა და ფასეულობების გაღვივებას, გადავიდეს სავალდებულო სასწავლო ნაწილში“ - ვკითხულობთ მინისტრის განცხადებაში.


ამ ამბავმა ჩვენი საგანმანათლებლო-საზოგადოებრივი პრობლემების რამდენიმე კონტექსტი წარმოაჩინა;


უპირველესად, მედიის როლი და პასუხისმგებლობა, მითუფრო მაშინ, როცა საქმე ასეთ მგრძნობიარე საკითხებს ეხება. ამბავი იმის შესახებ, რომ ეს ნაწარმოებები მხოლოდ საგამოცდო პროგრამიდანაა ამოღებული და არა სასწავლო პროგრამიდან, ზოგ შემთხვევაში მკაფიოდ არ იყო განმარტებული და მართლაც ფართო ინტერპრეტაციების საშუალებას იძლეოდა.


თავის მხრივ, განათლების სამინისტროც მეტად თანმიმდევრული უნდა იყოს და სისტემურ პრობლემებს მუდმივი ექსპერიმენტების ფორმატში არ უნდა პასუხობდეს;


დისკუსიის საკითხია, მართლაც რა უნდა ჩაითვალოს სავალდებულო თუ არასავალდებულო ნაწარმოებებად. არც ამის შესახებ არსებობს ჩვენს საზოგადოებაში კონსენსუსი.


ალბათ ყველას ახსოვს მძაფრი საუბრები (შეხლა-შემოხლაც კი) იმასთან დაკავშირებით, უნდა ისწავლებოდეს თუ არა თანამედროვე სკოლებში ჰაგიოგრაფია, რომელი კლასებიდან (ან რა ფორმით) უნდა ისწავლებოდეს „ვეფხისტყაოსანი“ და ა.შ.


რაც შეეხება იმ ნაწარმოებებს, რომლებიც 2025 წლის საგამოცდო პროგრამის მიღმა დარჩა, ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია მათი დიდი ნაწილის სავალდებულო მასალად ქცევა. თუნდაც იმ ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რომელიც ასე მტკივნეულად დგას ჩვენს სასკოლო განათლების სისტემაში - იმას, რაც გამოცდაზე არ ბარდება, ნაკლები ყურადღება ექცევა.


ეს კიდევ ერთი დიდი პრობლემაა, რომლის გადაჭრაც თანაბრად ევალება როგორც სამინისტროს, ასევე პედაგოგებს და მთელ საზოგადოებას.


მავნე ტენდენციად მიმაჩნია ის ფაქტორი, რომ მოსწავლეებს ესა თუ ის ლიტერატურული ნაწარმოები მხოლოდ გამოცდისთვის ვასწავლოთ (ყურადღება გავუმახვილოთ). ეს ნაკლოვანი დამოკიდებულებაა როგორც ლიტერატურის, ასევე განათლების პროცესის მიმართ.


საზოგადოების კრიტიკული დისკურსი სწორედ აქეთ უნდა მიემართოს. ამაში მედიასაც დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, ოღონდ არა ცრუ ისტერიით და აღქმის კონტექსტებით, არამედ ფაქტების სრულყოფილად და ობიექტურად გაშუქებით და პირუთვნელი სიფხიზლით.


ფოტო "მთავარი არხი"

ნინია სადღობელაშვილი
  • 3
  • 3768
0 Comments