წითელი ვერსია
  • შესვლა
  • ავტორიზაცია
დარეგისტრირდით ჩვენს პლატფორმაზე Facebook-ით ან Google-ით
  • 0
  • 3184

რა შემთხვევაში (არ) არის დაცული გამოხატვის თავისუფლება?

20 დეკემბერი 2025

გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა და ამა თუ იმ საზოგადოების დემოკრატიულობის ხარისხი ხშირად, სწორედ, ამ ღირებულების დაცვის ხარისხით ფასდება.


გამოხატვის თავისუფლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიისთვის, თუმცა ამავე დროს ჟურნალისტებმა კარგად იციან ისიც, რომ გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტური (ანუ ნებისმიერ შემთხვევაში დაცული) უფლება არ არის და გარკვეულ გარემოებებში ის შესაძლოა, შეიზღუდოს.


ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა დგება მაშინ, როცა სიტყვის თავისუფლება დემოკრატიის სხვა ფუნდამენტურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, ანუ მავანი სიტყვის თავისუფლებას იყენებს იმ სისტემის წინააღმდეგ, რომელი სისტემითაც არის გარანტირებული.


მაგალითად - დაუშვებელია სიტყვის თავისუფლების უფლებაზე აპელირება რასიზმის, ფაშიზმის, ანტისემიტიზმის, რელიგიური შეუწყნარებლობის და სხვა ისეთი იდეების გავრცელების შემთხვევაში, რომლებიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს.


ასევე დაუშვებელია სიტყვის თავისუფლებაზე აპელირება, თუ ეს უფლება ტერორიზმის მხარდასაჭერად ან ტერორიზმის რომანტიზების მიზნით გამოიყენება.


განვიხილოთ მაგალითები.


2001 წლის 13 სექტემბერს, ნიუ-იორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე ტერორისტული თავდასხმიდან ორი დღის შემდეგ, ერთ-ერთ ფრანგულ გაზეთში გამოქვეყნდა კარიკატურისტ ლერუას ნახატი, სადაც გამოსახული იყო სავაჭრო ცენტზე თავდასხმა და წარწერა: „ჩვენ ყველანი ამაზე ვოცნებობდით. ჰამასმა ეს გააკეთა“.


კარიკატურას მძაფრი რეაქცია მოყვა საზოგადოებაში და მიუხედავად იმისა, რომ თავად კარიკატურისტის მტკიცებით, მას მხოლოდ „ამერიკული იმპერიალიზმის კრიტიკა“ სურდა, საქმე სასამართლომდე მივიდა. სასამართლომ კარიკატურისტს და გაზეთის აღმასრულებელ რედაქტორს ჯარიმის სახით 1 500 ევროს გადახდა დააკისრა, თავად ფაქტი კი შეაფასა, როგორც ტერორიზმის გამართლება.


დენი ლერუამ მიიჩნია, რომ ფრანგულმა სასამართლომ არაობიექტურად განიხილა მისი საქმე და 2003 წელს მიმართა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, თუმცა სტრასბურგმა გამოხატვის თავისუფლების ნაწილში აბსოლუტურად გაიზიარა ფრანგული სასამართლოს არგუმენტაცია და დაადგინა, რომ კარიკატურისტს არ შეზღუდვია გამოხატვის თავისუფლება, რადგან ლერუას კარიკატურა სცდებოდა „ამერიკული იმპერიალიზმის კრიტიკას“, ამართლებდა ძალადობას და, შესაბამისად, ვერ იქნებოდა დაცული ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-10 მუხლით, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება.


კერძოდ, გადაწყვეტილების ნაწილში ვკითხულობთ, რომ „კარიკატურა არ შემოიფარგლება „ამერიკული იმპერიალიზმის კრიტიკით“ (რაც, თავის მხრივ, გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება), არამედ ამართლებს მასთან (ამერიკულ იმპერიალიზმთან - ავტ.) ბრძოლას ტერორიზმის საშუალებით; შესაბამისად, ამგვარი კარიკატურის და წარწერის გამოქვეყნებით ავტორმა დააფიქსირა საკუთარი მორალური მხარდაჭერა ტერორისტების მიმართ და შეურაცხყო გარდაცვლილთა ხსოვნა“.


აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილებაში სტრასბურგმა ასევე მიუთითა, რომ „პირი, რომელიც სარგებლობს გამოხატვის თავისუფლების სიკეთით, ვალდებულია, მიიღოს გარკვეული პასუხისმგებლობები“.


ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე და სანქციის ზომის (ფინანსური ჯარიმა 1 500 ევროს ოდენობით) გათვალისწინებით სტრასბურგმა დაადგინა, რომ ფრანგული სასამართლოს მიერ დაკისრებული სასჯელი მართლზომიერი იყო იმ კანონიერი მიზნის მისაღწევად, რომელიც სასამართლოს ჰქონდა დასახული.


***


ლერუას საქმესთან შედარებით უფრო დრამატული აღმოჩნდა ტერორიზმის გამართლებასთან დაკავშირებული ისტორია, რომელიც დაახლოებით იმავე პერიოდში დანიაში განვითარდა.


2012 წელს კოპენჰაგენის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო მედიაკორპორაცია Mesopotamia Broadcast და მისი შვილობილი კომპანია ROJ TV დანიის სისხლის სამართლის კოდექსის 114-ე მუხლის დარღვევაში, რომელიც ტერორიზმს ეხება და დააჯარიმა ისინი 349, 000 ევროს ეკვივალენტი დანიური კრონით.


ბრალდების მტკიცებით, რაც სასამართლომ სრულად გაიზიარა, ტელეკომპანია 2006 წლიდან 2010 წლამდე რეგულარულად ეწეოდა ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) სასარგებლო პროპაგანდას. ეს პარტია კი დასავლეთის ქვეყნების უდიდეს ნაწილს (და მათ შორის, მთლიანად ევროპის კავშირს) ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰქონდათ შეტანილი.


კორპორაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება დანიის უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მაღალმა ინსტანციამ არათუ შეარბილა საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტი, არამედ პირიქით, ჯარიმის ოდენობა 671,000 ევროს ეკვივალენტამდე გაზარდა და საბოლოო ჯამში, ტელეკომპანიას მაუწყებლობის ლიცენზიაც შეუჩერა.


ამ მოვლენების ფონზე, 2013 წელს კომპანიამ საკუთარი თავი ბანკროტად გამოაცხადა, თუმცა ROJ TV-ს საქმე სტრასბურგამდე მაინც მივიდა, რაც საშუალებას გვაძლევს კიდევ ერთხელ ვთქვათ, თუ როგორ განმარტავს და რა შემთხვევაში იცავს გამოხატვის თავისუფლებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.


მომჩივანის აზრით, მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი (გამოხატვის თავისუფლება), თუმცა სტრასბურგმა წარმოებაში არ მიიღო საჩივარი და განმარტა, რომ მომჩივანი ცდილობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეათე მუხლით სარგებლობას ისეთი მიზნებისთვის, რომლებიც თავად ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციის ღირებულებებს ეწინააღმდეგება.


ფოტო: theguardian

  • 0
  • 3184
0 Comments