წითელი ვერსია
  • 14
  • 30359

რა მოხდა გურამ დოჩანაშვილის დაკრძალვაზე?

10 აპრილი 2021

6 აპრილს, თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლის, გურამ დოჩანაშვილის დაკრძალვისას, სასულიერო ღვთისმსახურება მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა (იმავე მეუფე ნიკოლოზმა) აღავლინა და შემდგომ ჟურნალისტთა კითხვებსაც უპასუხა.


საუბრის დასაწყისშივე ცხადი შეიქნა, რომ მღვდელთმთავარს გარდაცვლილ მწერალზე ლაპარაკი სურდა და ელოდა, რომ ჟურნალისტები სწორედ გურამ დოჩანაშვილსა და მის შემოქმედებაზე დაუსვამდნენ კითხვებს. მაგრამ, ლაპარაკი დაიწყო თუ არა, ტელეკომპანია „ფორმულის“ კორესპონდენტმა მეუფეს სიტყვა გააწყვეტინა და ჰკითხა:


„მეუფეო, არ შემიძლია არ გკითხოთ ჭყონდიდში მიმდინარე პროცესებზე. ჩვენ ვხედავთ დაპირისპირებულ მხარეებს ჭყონდიდში. მეუფე სტეფანე, რომელსაც იქ არ ემორჩილება მღვდელმსახურების ნაწილი...“


საერთოდ, ქართული მედია სამგლოვიარო ცერემონიებისა თუ ვინმეს გარდაცვალების გაშუქებისას ხშირად არღვევს ჟურნალისტურ ეთიკას – გვიჩვენებს ჭირისუფალთა ტკივილსა და ტანჯვას, მაყურებელზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენის მიზნით არ ერიდება თავად გარდაცვლილის ხანგრძლივად ჩვენებასაც და ა.შ.


ამგვარი ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ბოლო მაგალითი ამ რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერშიც ვიხილეთ, რამაც, სხვათა შორის, საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია.


მაგრამ გურამ დოჩანაშვილის დაკრძალვისას სასულიერო პირსა და ჟურნალისტს შორის მომხდარი კამათი პროფესიული ეთიკის კონტექსტსაც კი სცდება და გვიჩვენებს, რომ ქართველ ჟურნალისტთა ნაწილი რედაქციის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად ზოგჯერ დემონსტრაციულად უგულებელყოფს არა მხოლოდ პროფესიულ ეთიკას, არამედ საზოგადოებაში მიღებულ ეტიკეტის ნორმებსა და კულტურულ ტრადიციებსაც.


ჟურნალისტის კითხვის შემდეგ დიალოგი მასა და მეუფე ნიკოლოზს შორის ასე გაგრძელდა:


მეუფე ნიკოლოზი: თქვენ ახლა უსმენთ თქვენს შეკითხვას თქვენ თვითონ?


ჟურნალისტი: დიახ.


მეუფე ნიკოლოზი: აი, რა დღე არის ახლა? რაზე ვლაპარაკობთ? ბატონი გურამის დღე არის, გაჩერებულია დრო და როგორ შეიძლება ახლა სხვა საკითხებზე საუბარი?


ჟურნალისტი: ხშირად არ ვხვდებით მეუფეო და...


მეუფე ნიკოლოზი: როგორ არ ვხვდებით? როცა გნებავთ, მაშინ შეგხვდებით. დღეს არის ბატონი გურამის დღე და მე მგონია, რომ ნებისმიერ სხვა თემაზე საუბარი შეურაცხყოფს ამ დღეს... რა ვიცი... მარადისობაზე ვლაპარაკობთ და დრო არის გაჩერებული... დღეს გაჩერდა დრო... დღევანდელ დღეს ჩვენ ყველანი ვუძღვნით ბატონ გურამ დოჩანაშვილს, მის ღვაწლს და მე ვფიქრობ, რომ დღეს არ ღირს სხვა თემებზე საუბარი...


ამ სრულიად ლოგიკურ პასუხს მოჰყვა სიტუაციის კიდევ უფრო მეტად გამწვავება, ხოლო კითხვებმა აშკარად პროვოკაციული ხასიათი შეიძინა:


„ანუ სხვა კითხვებზე არ გვიპასუხებთ?“ – ჩაერთო საუბარში ტვ „პირველის“ კორესპონდენტი, რომელიც, როგორც ჩანს, ასევე სასულიერო პირებს შორის მიმდინარე კონფლიქტზე აპირებდა კითხვის დასმას.


მეუფე ნიკოლოზი: მე ასე მგონია, რომ არ ღირს... თქვენ რას ფიქრობთ? არ მეთანხმებით?


ჟურნალისტები, რასაკვირველია, არ ეთანხმებიან. ინიციატივას კვლავ ტელეკომპანია „ფორმულა“ იღებს:

„იმდენად კრიტიკული არის ვითარება, რომ... ხომ არ გვიპასუხებდით ამ კითხვაზე?“


მეუფე ნიკოლოზი: მოტრიალდით და გაიხედეთ... ბატონი გურამის საფლავს შეხედეთ... ყოველგვარი კრიტიკული დრო გაჩერებულია. არაფერი არ არის კრიტიკული... ყველაფერი კარგად იქნება... პირობას გაძლევთ.


ჟურნალისტი: განხეთქილების საფრთხეები არსებობს ეკლესიაში?


აქ, როგორც ჩანს, მიტროპოლიტს უკვე ეჭვი შეეპარა, საერთოდ იცოდა თუ არა მის წინ მდგომმა ჟურნალისტმა, ვინ იყო გურამ დოჩანაშვილი და მას ასეთი კონტრშეკითხვით მიმართა:

„თქვენ ბატონი გურამ დოჩანაშვილის რა გაქვთ წაკითხული, შეგიძლიათ მითხრათ?“


ჟურნალისტი: მეუფეო, არ ვსაუბრობთ ახლა ჩვენ გურამ დოჩანაშვილზე.


მეუფე ნიკოლოზი: რას ჰქვია, არ ვსაუბრობთ?! აბა, რაზე ვსაუბრობთ? როგორ გეკადრებათ... რა გაქვთ წაკითხული, შეგიძლიათ მითხრათ?


ჟურნალისტი: არ ვაპირებ, მეუფეო.


მეუფე ნიკოლოზი: კარგით, არც მე არ ვაპირებ მაშინ...


ამ სიტყვებით კამათი დასრულდა. ჟურნალისტის პასუხიდან თითქოს გაუგებარი რჩება, რას არ აპირებს იგი – შეკითხვაზე პასუხის გაცემას, თუ დოჩანაშვილის რომელიმე ნაწარმოების წაკითხვას. თუმცა ეს, ცხადია, არ არის მთავარი ინტრიგა ამ ამბავში, რომელსაც ყველაზე უკეთ თავად გურამ დოჩანაშვილი აღწერდა, მაგრამ საინტერესოა, წაიკითხავდა თუ არა ამ ტექსტს თავად ჟურნალისტი ან მაშინ მაინც თუ გააცნობიერებდა თავის უტაქტობას.


6 აპრილს, „ფორმულის“ 17 საათის საინფორმაციო გამოშვებაში, სიუჟეტები ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე დაპირისპირებისა და გურამ დოჩანაშვილის დაკრძალვის შესახებ ცალ-ცალკე გავიდა ეთერში, თუმცა მეუფე ნიკოლოზის კომენტარი და მისი კამათი ჟურნალისტთან მაყურებელს არცერთ მათგანში არ უნახავს.


საზოგადოების დიდი ნაწილი აღწერილი სცენის ვიდეოჩანაწერს სოციალურ ქსელში გაეცნო და, თუ მომხმარებელთა გამოხმაურებებით ვიმსჯელებთ, არ გაგვიჭირდება იმის გამოცნობა, რატომ არ მოხვდა ეპიზოდი საინფორმაციო გამოშვებებში.


  • 14
  • 30359
0 Comments