წითელი ვერსია
  • 23
  • 3444

რა მიზეზია, რომ კულტურაზე არ ვსაუბრობთ?!

05 აგვისტო 2024

ზაფხულის სადაგ დღეებში ჩვენს ტელეარხებს ჩავუჯექი.


მინდოდა იმ გადაცემებისთვის შემევლო თვალი, რომლებიც კულტურის სხვადასხვა სფეროს აშუქებს - თეატრი, ლიტერატურა, კინო, თანამედროვე ხელოვნება;


მაგრამ რას იპოვი, რაც არ არის?


უფრო სწორად, ამ შინაარსის გადაცემები იმდენად ცოტაა, რომ ტოტალურ სიცარიელეს მაინც ვერ ავსებს.


რა არის ამის მიზეზი?


უპირველესად, ალბათ ის, რომ უკვე დიდი ხანია, ჩვენი მედიასივრცე სრულიად პოლიტიზებულია. განსაკუთრებით კერძო არხები, რომელთა შექმნის მოტივიც, თავის დროზე, სწორედ პოლიტიკურ კონიუნქტურაში საკუთარი ნიშის დამკვიდრება და კონკრეტული ელექტორატის „მობილიზება“ იყო.


ცხადია, მათ სრული უფლება აქვთ, ისეთი შინაარსი ჰქონდეთ, როგორიც დამკვეთებს და დამფინანსებლებს მოესურვებათ, თუმცა საქმე სწორედ ამ „სურვილშია“ - რატომ არ ჩნდება მათ საეთერო ბადეში კულტურა?


ის, რაც არის, მკაცრად მასკულტურულია - გასართობი გადაცემები, შოუები (ათასში ერთხელ მაღალი მხატვრული ხარისხითაც), სამზარეულო თუ მუსიკალური კონკურსები, თოქ-შოუები და ა.შ;


კულტურის პროცესების შესახებ სიახლეებს დილის და შუადღის შოუებში შეიტყობთ და მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ჟურნალისტები პროფესიულად აშუქებენ, კულტურა მაინც რჩება იმ განტევების ვაცად, რის ხარჯზეც მედია თავის კომერციულ რეიტინგებს წერს.


უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ ყველაზე კეთილსინდისიერად საზოგადოებრივი მაუწყებელი იქცევა. ეს ბუნებრივიცაა - მისი მიზანი ხომ საზოგადოების ყველა ინტერესის და მოთხოვნილების ასახვაა.


ამ არხზე შეხვდებით გადაცემებს, სადაც არგუმენტირებულად და პროფესიული სიღრმით მსჯელობენ, საუბრობენ ხელოვნებაზე; მართალია, გასულ სეზონზე რამდენიმე ისეთი გადაცემაც დაიხურა („დღის კოდი“, „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“), რომლებიც მაყურებლის განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობდა, მაგრამ მთლიანობაში ეს არხი მეტ-ნაკლებად ემსახურება სახელოვნებო თემებზე ორიენტირებული მაყურებლის მოთხოვნილებას და გემოვნებას. იმედია, ეს ტენდენცია ახალ სეზონზეც გაგრძელდება და უფრო მასშტაბურ სახესაც მიიღებს.


ასევეა ტვ „აჭარაც“, რომელიც ყურადღებით აშუქებს ხელოვნების სხვადასხვა სფეროს და კულტურის მიმართ მუდმივ ინტერესს ავლენს. ზოგიერთ გადაცემას (მაგალითად, „სცენა“) უკვე თავისი ისტორია აქვს, თავისი მაყურებელი ჰყავს და ის იშვიათი სივრცეა თანამედროვე ქართულ მედიაში, სადაც თეატრზე ასე პროფესიულად საუბრობენ.


საინტერესო არხია „არტარეაც“, პრინციპში, ერთადერთი სახელოვნებო არხი, რომლის მთელი შინაარსი კულტურის გაშუქებაა. თუმცა, ამ ბოლო დროს, ძირითადად ძველი გადაცემები მეორდება.


რუსეთ-უკრაინის ომმა და ბოლოდროინდელმა საომარმა კონფლიქტებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ყურადღებამ სხვა პრიორიტეტებისკენ გადაინაცვლა; კულტურა კვლავ რჩება მარგინალურ სივრცედ, და რატომღაც, ადამიანებს კვლავ ჰგონიათ, რომ ის სასიცოცხლოდ ნაკლებ მნიშვნელოვანია.


იქნებ, ომებიც იმიტომ ხდება, რომ იმას არ ვანიჭებთ მნიშვნელობას, რაც ადამიანისთვის უმთავრესია?..


ვიდრე კულტურა საინფორმაციო გამოშვებების მხოლოდ ბოლო ბლოკში გაშუქდება, როგორც ჩვენი ცხოვრების რიგითი (ბოლო) დანამატი, მანამდე პრიორიტეტებიც სხვა იქნება და მსოფლიო წესრიგიც.


წინ ახალი სატელევიზიო სეზონია. თუმცა, საეჭვოა, საარჩევნო ვნებათაღელვაში, ჩვენი ტელეარხების უმეტესობამ კულტურის შინაარსზე იფიქროს და საეთერო ბადე სახელოვნებო გადაცემებითაც შეავსოს.


კულტურა სხვა მედია-ცნობიერების არჩევანია და დიდი გამოწვევაა, რომელიც ერთ დღესაც, აუცილებლად უნდა მივიღოთ.


ნინია სადღობელაშვილი
  • 23
  • 3444
0 Comments