ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!
(ნაწილი XLXI)
„ლომის წილის“ სწორად წარმოთქმასა და დაწერას აღარ დაადგა საშველი! არადა, სულ უფრო პოპულარული ხდება ეს ხატოვანი გამოთქმა ჩვენს ახლანდელ მასმედიაში და სულ უფრო და უფრო ხშირად გვხვდება არასწორი სახით: „ლომის წვლილი“.
„ამ ადამიანმა ჩვენს წარმატებაში ლომის წვლილი შეიტანა“, – იტყვიან, და, როცა გაუსწორებ, „ლომის წვლილი“ კი არა „ლომის წილი“ უნდა ითქვასო, გაოცებული შემოგხედავენ: „რა წილი, რის წილიო?!“ – ეს შეკითხვა აწერიათ სახეზე.
ამ შეცდომას თავისი მიზეზები აქვს, განა არა! შინაარსით ხომ ჰგვანან ეს შესიტყვებანი ერთმანეთს – წილი შეიტანა და წვლილი შეიტანა (ჰგვანან, თუმცა ერთი და იგივენი, ცხადია, არ არიან!) და სიტყვებიც – წილი (ნაწილი) და წვლილი (ღვაწლი, დამსახურება) ბგერათშედგენილობითაც მსგავსნი არიან.
რაც შეეხება „ლომს“, ვინ ვერ მიხვდება, რომ დიდს, უმნიშვნელოვანესს, უზარმაზარს, უცხო სიტყვით – გრანდიოზულს ნიშნავს მეტაფორულად. ამრიგად, რაიმე საქმეში შეტანილი „ლომის წილიც“ და „ლომის წვლილიც“ ამა თუ იმ საქმეში ვიღაცის დიდ დამსახურებაზე მიგვანიშნებს.
ჰოდა, მოდი და ნუ დაიბნევი ასეთ ვითარებაში!
სხვა ენებზე მოლაპარაკეთ რა უჭირთ! მათთან ეს სიტყვები – „წილი“ და „წვლილი“ – ერთმანეთს არ ჰგვანან (რუს.: доля / лепта; вклад; გერმ.: Anteil / Scherflein; Beitrag; ინგლ.: Share / mite; contribution).
შეცდომა იმისაც უნდა დაბრალდეს, რომ უმეტესობისთვის უცნობია ამ ხატოვანი გამონათქვამის წარმომავლობა: „ლომის წილი“ იმ იშვიათ ფრთიან გამოთქმებს მიეკუთვნება, რომლებიც ლიტერატურულ ტექსტს ეფუძნებიან, მაგრამ იმ ტექსტში თვით ამ გამონათქვამს ვერ იპოვით. ის ლეგენდარული ეზოპეს იგავიდან იღებს დასაბამს, ან ალბათ უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით: ეზოპეს ერთი იგავის გააზრების შედეგად გაჩნდა.
ჯერ ეს იგავი გავიხსენოთ:
ლომი, ვირი და მელა
ლომი, ვირი და მელა სანადიროდ წავიდნენ. კარგად რომ ინადირეს, ლომმა ვირს ნანადირევის გაყოფა უბრძანა.
ვირმა ნანადირევი სამ ნაწილად გაყო. ლომი განრისხდა და ვირი დაგლიჯა. ახლა ნანადირევის განაწილება მელას უბრძანა. მელამ მთელი ნანადირევი ლომს დაუდო წინ, თვითონ კი მხოლოდ მცირედი იწილადა. ლომმა უთხრა:
– ნადირთა შორის უკეთილშობილესო, ვინ გასწავლა ეგრე გაყოფაო?
– ვირის ბედმაო, ხელმწიფევ, – მიუგო მელამ.
(გიგლა სარიშვილის თარგმანი. „ნაკადულის“ 1968 წლის გამოცემა, გვ. 24)
აი ამ იგავს ეფუძნება ხატოვანი გამოთქმა „ლომის წილი“, რაც თავდაპირველად იმ უსამართლობაზე ამახვილებდა ყურადღების, რომელიც მაშინ იჩენდა თავს, როდესაც ვინმე „ძლიერის უფლებით“ უსამართლოდ ითვისებდა გასაყოფი ნადავლის, საქონლისა თუ ქონების უდიდეს და საუკეთესო ნაწილს („ლომის წილი დაითრიაო“, – იტყოდნენ ასეთ დროს).
მერე ამ გამოთქმის მნიშვნელობა გაფართოვდა და დღესდღეობით მაშინაც იყენებენ, როცა უნდათ ამა თუ იმ საქმის წარმატებაში ან წარუმატებლობაში ვინმეს დიდი დამსახურება ან „დამსახურება“ (ბრჭყალებში!) აღნიშნონ. უფრო განზოგადებულად კი – გამოთქმით „ლომის წილი“ დღეს რაღაცის (რაიმეს) უმეტეს (უდიდეს) ნაწილს აღნიშნავენ და სხვა ენებზე ის ასე გამოითქმის: ინგლისურად – the lion’s share, გერმანულად – der Löwenanteil, ფრანგულად – la part du lion, რუსულად – львиная доля.
ახლა კი დროა სათანადო ნიმუშები „დავაგემოვნოთ“ ჩვენი მასმედიიდან.
ჯერ ეს წავიკითხოთ:
„ჩუღურეთელები მაქსიმალურად დაგვიჭერენ მხარს და თავიანთ ლომის წვლილს შეიტანენ, რათა საკონსტიტუციო უმრავლესობა მოვიპოვოთ“.
გასაგებია რისი თქმაც უნდა ამ ფრაზის ავტორს: მას იმედი აქვს, რომ ჩუღურეთელი ამომრჩევლების წვლილი ძალიან მნიშვნელოვანი (ყველაზე დიდი) იქნება იმ საქმეში, რაზედაც ამ ფრაგმენტშია საუბარი.
და რა დაშავდებოდა, ასეც რომ ეთქვა?
საზოგადოდ, ხატოვანი ანუ ფრთიანი გამოთქმები აცოცხლებს მეტყველებას, უფრო ადვილაღსაქმელსა და შთამბეჭდავს ხდის მას, თუმცა, თუ ისინი „გაცვეთილია“ ხშირი ხმარებისგან, მსმენელსა თუ მკითხველზე ზემოქმედების ძალას კარგავენ და ხშირად იმის საწინააღმდეგო ეფექტს იძლევიან, რის მიღწევასაც მათი მეშვეობით ვლამობდით. სადღეისოდ „ლომის წილიც“ ასეთ დევალვირებულ გამოთქმებს უნდა მივათვალოთ.
რაც ამ ფრაგმენტზე ითქვა, არსებითად იგივე უნდა ითქვას მათზეც, რომლებსაც ქვემოთ წაიკითხავთ:
„იმ უბედურებაში, რაც საქართველოში დატრიალდა, ლომის წვლილი ჟურნალისტებს მიუძღვით“;
„მოსამართლეთა „კლანს“ ლომის წვლილი აქვს კანდიდატობაზე უარის მიღებაში“;
„სტუმართა გამარჯვებაში ლომის წვლილი კლიმენტი წიტაიშვილმა შეიტანა, რომელმაც მოედანზე საათი დაჰყო და ჯერ გოლი გაიტანა, ხოლო შემდეგ საგოლე პასი მიითვალა“;
„თუ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, ლომის წვლილი თქვენ გეკუთვნით, ბიჭებო“;
* * *
ამ ბლოგში შევეცადეთ, გაგვერკვია ობიექტური და სუბიექტური მიზეზები იმისა, თუ რატომ ამბობენ და წერენ მართებული „ლომის წილის“ ნაცვლად უმართებულო „ლომის წვლილს“. აღმოჩნდა, რომ ლინგვისტურად არცთუ მარტივ შემთხვევასთან გვქონია საქმე, რაც ამ ვითარების გამოსწორების იმედს, ახლო მომავალში მაინც, არ იძლევა.
ჩემი აზრით, ყველაფერს მაინც ის აჯობებდა, თავი შეგვეკავებინა ამ სტერეოტიპული სინტაგმის გამოყენებისგან, მით უფრო, რომ, როგორც უკვე ვთქვით, იგი ერთობ „გაცვდა“ და იმ ზემოქმედებას ვეღარ ახდენს, რასაც ხატოვანი გამოთქმებისგან მოველით.
მე, პირადად, არ მაგონდება შემთხვევა ის ოდესმე ან ზეპირმეტყველებისას, ან ნაწერში გამომეყენებინოს და, თქვენ წარმოიდგინეთ, სულაც არ ვნანობ ამის გამო! თუ მინდა რაიმე საქმეში ვინმეს დიდი დამსახურება აღვნიშნო, ასე ვიტყვი: „ამ ადამიანმა ჩვენს წარმატებაში დიდი (ან ყველაზე მეტი, ან კიდევ – ფასდაუდებელი) წვლილი შეიტანა“.
რა ლომი, რის ლომი!
რა ლომი, რის ლომი!
25 ოქტომბერი 2025ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!