ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!
(ნაწილი XIX)
ჩვენს მედიას თუ დავუჯერებთ, ფასები ძვირდება.
„ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში ფასები საშუალოდ 15 თეთრით გაძვირდა“ (netgazeti.ge, 06.04.2021);
„ვინ ცდილობს ხელის მოთბობას პანდემიის დროს გაძვირებული ფასებით“ (kvirispalitra.ge, 17.11.2021);
„იტალიაში საწვავის ფასი რეკორდულად გაძვირდა“ (1tv.ge, 26.10.2021);
„ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანიების ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბენზინის ფასი ორჯერ გაძვირდა“ (tvpirveli.ge, 01.11.2021);
მოდით, ვიკითხოთ, რა არის ფასი და შესაძლოა თუ არა მისი გაძვირება?
ფასი საქონლის ფულადი ღირებულებაა (ქეგლ, ერთტომეული, 1986), ხოლო გაძვირება ფასის მომატებას ნიშნავს („გაძვირდება – ძვირი გახდება, – ფასი მოემატება“ [ქეგლ, ერთტომეული, 1986]). აქედან გამომდინარე, ფასის გაძვირება იმას ნიშნავს, რომ ფასს ემატება... ფასი, ანუ ფასის ფასი მატულობს. მაგრამ ფასი აქვს არა ფასს, არამედ საქონელს.
შესაბამისად, ძვირდება ან იაფდება არა ფასი, არამედ საქონელი (ნაწარმი, პროდუქტი...), ხოლო ფასი იზრდება (იმატებს/მატულობს) ან მცირდება (იკლებს).
იგივე უნდა ითქვას ტარიფის შესახებაც. არც მისი გაძვირება/გაიაფება შეიძლება. არადა წამდაუწუმ გვესმის და ვკითხულობთ:
„თბილისის ყველაზე დიდი გაზგამანაწილებელი კომპანიის ‘თბილისი ენერჯის’ ტარიფი გაძვირდა“ (radiotavisupleba.ge, 27.05.2021);
„სწრაფი გადახდის ტერმინალების ნაწილმა კომუნალური გადასახადების საკომისიო ტარიფი გააძვირა“ (gruzinform.ge, 18.11.2021).
ტარიფი არის „რაიმე სახის გადასახადის (ან საზღაურის) განაკვეთი ან განაკვეთთა ცხრილი“ (ქეგლ, ერთტომეული, 1986), ამიტომ ვერც ის გაძვირდება ან გაიაფდება; ტარიფიც იზრდება ან მცირდება:
„’თბილისი ენერჯის’ აბონენტებისთვის გაზის ტარიფი გაიზარდა“ (1tv.ge, 27.05.2021);
„გაზის ტარიფი შემცირდა“ (1tv.ge, 26.12.2018).
რაც შეეხება ზედსართავებს, ფასსაც და ტარიფსაც მიესადაგება მაღალი, მომატებული, გაზრდილი, დაბალი, დაკლებული, შემცირებული და არა – გაძვირებული ან გაიაფებული. მაგალითად:
„საქართველო აზერბაიჯანისგან ე.წ. სოციალურ გაზს [...] შემცირებული ტარიფით მიიღებს“ (radiotavisupleba.ge, 17.12.2020).
ამისგან განსხვავებით არასწორია:
„[რუსთავის მერმა] მგზავრობის გაძვირებული ტარიფის აღმნიშვნელი აბრა ჩამოხსნა და ძველი ფასი 1, 50 ლარი დააბრუნა“ (intermedia.ge, 06.01.2019); – „გაძვირებული ტარიფის“ ნაცვლად უნდა იყოს „გაზრდილი ტარიფის“.
ანდა:
„ამას ემატება გაუფასურებული ლარი; შედეგად, გაძვირებული ფასები ადგილობრივ მოსახლეობას ორმაგ დარტყმას აყენებს“ (publika.ge, 16.11.2021)
„გაძვირებული ფასების“ ნაცვლად უნდა იყოს „გაზრდილი ფასები“.
რა ძვირდება - ფასი თუ საქონელი?
20 დეკემბერი 2021ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!