წითელი ვერსია
  • 5
  • 3072

ფუძემონაცვლე ზმნების ხიბლი და ფილოსოფია

13 სექტემბერი 2025

„ავტომობილში ერთი ადამიანი ზის (ან: იჯდა)“;


„ავტომობილში სამნი სხედან (ან: ისხდნენ)“ – თუ ერთია – ზის (ან იჯდა), თუ მეტი – სხედან (ან ისხდნენ);


ერთი და იმავე ვითარების აღსაწერად მხოლობითში სხვა ფუძის მქონე ზმნა გვჭირდება, მრავლობითში – სხვა. თუ ვიტყოდით, „სამნი ზიან (ან იჯდნენ)“, ეს ცუდი ქართული იქნებოდა, მიმანიშნებელი იმისა, რომ მისი მთქმელის ენობრივი კომპეტენცია ეჭვს ბადებს.


ანდა: მასწავლებელმა ბავშვი მერხზე დასვა, მაგრამ მასწავლებელმა ბავშვები მერხებზე დასხა; („დასხმა არს მრავალი კაცი რა დააჯდუნოს“, – სულხან-საბა).


ასეთ ზმნებს, რომლებიც ბევრი არ არის, ფუძემონაცვლე ზმნებს უწოდებენ და ისინი ჩვენი ენის მშვენებაა – ფუძემონაცვლეობა ექსპრესიულობით (ანუ გამომსახველობით) გამორჩეული ლინგვისტური მოვლენა გახლავთ, თანაც ფილოსოფიური აზრითაც დატვირთული – რაოდენობრივი ცვლილების თვისებრივ ცვლილებაში გადასვლის სიმბოლური გამოხატულებაა ლინგვისტური ხერხით!


აბა რა! ერთ ქვას თუ მოისვრი განზე, იტყვი, ქვა გადავაგდეო, ბევრს თუ მოისვრი, მოგიწევს თქვა, გადავყარეო! ერთი ქვის გადაგდება რა ბედენაა, მრავალი ქვის გადაყრა კი მისგან თვისებრივად განსხვავებული ქმედებაა, ის შეიძლება შრომადაც ჩაითვალოს, ერთი ცალი ქვის მოსროლას კი შრომად ვინ მიიჩნევს!


ერთ ცალ ნაყოფს თუ ხედავ მსხლის ხეზე, იტყვი, ერთი მსხალი აბიაო, ბევრს თუ ხედავ, მაშინ ასე უნდა თქვა – ასხიაო („მოსხმა – მრავლად ხილის მობმა“, – სულხან-საბა). სად ერთი კინკილა ნაყოფი ხეზე და სად ნაყოფით დახუნძლული ხე – თვისებრივად სხვადასხვა რამეა, რასაკვირველია!


ასევე: კოღო მოვკალი, მაგრამ კოღოები დავხოცე / გავწყვიტე („დიდსა ვერ მოჰკვლენ, ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა“, – რუსთველი);


თეფში გავტეხე, მაგრამ თეფშები დავამტვრიე / დავამსხვრიე / დავლეწე (გრძნობის გამოხატვის რა ძალაა ხაზგასმულ სიტყვებში, არა? – ხომ გახსოვთ ლეონიძის ყივჩაღის ნათქვამი: „მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები, ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!“);


იატაკზე რვეული ეგდო, მაგრამ იატაკზე რვეულები ეყარა („ყრა – უპატიურად მრავალთა დება“, – სულხან-საბა);


ძირს დაგდებული ვაშლი ავიღე, მაგრამ ძირს დაყრილი ვაშლები ავკრიფე;


მონეტა დამივარდა, მაგრამ მონეტები დამიცვივდა;


ოღონდ ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს: ზოგს „დასხდომა“ მრავლობითი კი არა, „ჯდომა“ ზმნის ზრდილობიანი ფორმა ჰგონია, თანაც ისეთი, რომელიც ერთი ადამიანის მიმართაც შეიძლება გამოვიყენოთ.


ამიტომ ამგვარ უცნაურ ფრაზებსაც შეხვდებით: დასხედი და შენი ხმა არ გამაგონო!“ („ზრდილობიანად“ უწყრება მასწავლებელი მოსწავლეს!)


დასხედი, ქალბატონო რუსიკო!“ (ამ ორი ფრაზიდან პირველს ძველ პრესაში წავაწყდი, მეორე კი ერთი თანამედროვე ელექტრონული ჟურნალიდან გადმოვიწერე).


„დასხედიო“, ერთს არ ეტყვიან, „დასხედით“ მაშინ უნდა გამოვიყენოთ, როცა მიმართვის ობიექტი ორზე მეტია. ხოლო, თუ პატივისცემა გვინდა გამოვხატოთ მათდამი, ვისაც მივმართავთ, გინდ ერთი იყოს, გინდ რამდენიმე, ამისთვის სულ სხვა ფუძე დაგვჭირდება: „დაბრძანდით!“



ლევან ბრეგაძე
  • 5
  • 3072
0 Comments