წითელი ვერსია
  • 7
  • 5786

ფრთხილად, ეს პარონიმია!

03 თებერვალი 2022

ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!

(ნაწილი XXIV)


(ერთი უცხო სიტყვის უფლებათა დასაცავად)


პარონიმები – ჟღერადობით მსგავსი, მაგრამ შინაარსით განსხვავებული სიტყვები – პრობლემებს ქმნის. წამდაუწუმ ურევენ ერთმანეთში აღქმასა და აღთქმას, მოკვდავსა და მომაკვდავს, კამპანიასა და კომპანიას და სხვ. და სხვ.


მეტ უხერხულობას პარონიმები მაშინ იწვევენ, როდესაც ისინი ერთ სფეროს (დარგს) მიეკუთვნებიან და თანაც ტერმინებს წარმოადგენენ. ასეთებია: მძლეოსნობა და ძალოსნობა – სპორტის სამყაროდან და ბრუნვა და ბრუნება – გრამატიკის სფეროდან. ძალიან ხშირია ამათი ურთიერთაღრევა, რის გამოც ვერ ვიტყვით, რომ ტერმინებად მათი შერჩევა წარმატებული იყო, მაგრამ ახლა ამას არაფერი ეშველება. ისღა დაგვრჩენია გავაცნობიეროთ მათ შორის არსებული განსხვავება და ყურადღებით ვიყოთ მათი გამოყენებისას.


* * *


ერთი ლათინური სიტყვიდან civilis, რაც „სამოქალაქოს“ ნიშნავს, ნაწარმოები ორი სიტყვა გვაქვს: ცივილიზებული (განვითარებული, კულტურას ნაზიარები) და ცივილური (სამოქალაქო, არა სამხედრო, არა სპორტული... მაგალითად, ტანსაცმელი).


ესენიც პარონიმები არიან და მათი აღრევა, უფრო ზუსტად, ცივილიზებულის მაგივრად ცივილურის ხმარება იმდენად გახშირდა (არამარტო ქართულში, – ამის თაობაზე ქვემოთ ვიტყვით), რომ სიტყვა „ცივილიზებული“ ლამის მთლად განიდევნოს მესმედიიდან და პოლიტიკოსთა მეტყველებიდან.


მაგალითები:


„რუსეთის ულტიმატუმი ცივილური სამყაროს მიერ უარყოფილი იქნება“ (interpressnews.ge, 13.12.2021);


„ჩვენ ცივილური ქვეყანა ვართ, მიუხედავად ბევრი პრობლემისა“ (tabula.ge, 29.09.2021);


ცივილური პოლიტიკური სამყარო აღიარებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს“ (akhali.ge, 11.02.2021);


ცივილური ქვეყნები მზად არიან შეასრულონ გაერო-ს მითითებები“ (kvira.ge, 29.09.2020).


აქ „ცივილურის“ ადგილას ყველგან „ცივილიზებული“ (განვითარებული, ცივილიზაციას ნაზიარები ქვეყნები, სამყარო) უნდა იყოს, რაკიღა „ცივილური“, როგორც ითქვა, „სამოქალაქოს“ ნიშნავს და სამოქალაქო ქვეყნები, სამოქალაქო სამყარო ძნელი სათქმელია რას უნდა გულისხმობდეს.


* * *


როგორც ზემოთ ვთქვით, ცივილიზებულის ცივილურით ჩანაცვლება სხვა ენებშიც შეინიშნება, თანაც ისე ხშირად, რომ ბოლო დროს ლექსიკონებში კიდევაც აღნიშნავენ, სასაუბრო მეტყველებაში „ცივილური“ „ცივილიზებულის“ მნიშვნელობითაც გამოიყენებაო.


სასაუბრო მეტყველებას დიდ მოთხოვნებს ვერ წავუყენებთ, მაგრამ პრესას, ბეჭდური იქნება ეს თუ ელექტრონული, ისევე არ მიეტევება ცივილიზებულის ჩანაცვლება ცივილურით, როგორც აღქმისააღთქმით ანდა მოკვდავისამომაკვდავით.


„ცივილურისთვის“ „ცივილიზებულის“ ფუნქციის შეთავსება რომ – ზოგ შემთხვევაში მაინც – დიდ გაუგებრობას გამოიწვევს, ეს ხომ ცხადია! კი, ბატონო, სიტყვა „ცივილური“ წიგნური (მწიგნობრული) წარმომავლობისააო, იუწყებიან ლექსიკონები, მაგრამ ეს ვის აძლევს მისი დისკრიმინაციის (ექსპლუატაციის) ნებას, ვის აქვს ამ საბრალოსათვის სხვა სიტყვის სატარებელი ტვირთის აკიდების უფლება!


და მკითხველსაც ხომ აქვს თავისი უფლებები! ჰოდა, რა იფიქროს ამ მკითხველმა, როცა წაიკითხავს, რომ თურმე გამოჩენილი ხელოვანი პიერ პაოლო პაზოლინი „გადაღებების დროს აუცილებლად აწყობდა საფეხბურთო შეხვედრებს და შემთხვევა თუ მიეცემოდა ბავშვებთანაც არ თაკილობდა ცივილურ კოსტუმში ბურთის გორებას“ (lelo.ge, 2020.06.14). დიდია იმის ალბათობა, რომ ამჯერად სწორად გამოყენებული „ცივილური“ წამკითხველმა „ცივილიზებულის“ მნიშვნელობით გაიგოს, და რა აზრს გამოიტანს მაშინ აქედან, ღმერთმა უწყის!


* * *


შეიძლება ისიც თქვან, განსაზღვრება „ცივილიზებული“ ძალიან ხშირად გვჭირდება, „ცივილური“ კი – იშვიათად, და დიდი ამბავი ორივეს აღსანიშნავად ერთ სიტყვას თუ გამოვიყენებთო, რასაც ვერ დავეთანხმებით, ვინაიდან ენის განვითარება მნიშვნელობათა დიფერენციაციის გზით მიმდინარეობს, უკუპროცესი კი ენის ბუნებას ეწინააღმდეგება.


ამრიგად, სიტყვა „ცივილურის“ გათავისუფლება ზედმეტი ტვირთისაგან ამ თვალსაზრისითაც პროგრესულ მოვლენად უნდა ჩაითვალოს.


ლევან ბრეგაძე
  • 7
  • 5786
0 Comments