წითელი ვერსია
  • 0
  • 5754

ფორა და ჰანდიკაპი

19 თებერვალი 2022

ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!

(ნაწილი XXV)


ერთობ იშვიათია შემთხვევა, როდესაც ერთ ენაში ერთსა და იმავე დროს თითქმის ერთნაირი სიხშირით გვხვდება ორი სხვადასხვა უცხო ენიდან შემოსული ერთი და იმავე მნიშვნელობის სიტყვები. ამისი მაგალითია იტალიური წარმომავლობის „ფორა“ და ინგლისური „ჰანდიკაპი“.


ჰანდიკაპი სპორტული ტერმინია და მიხეილ ჭაბაშვილის „უცხო სიტყვათა ლექსიკონი“ მას ასე განმარტავს:


„რაიმე სპორტულ შეჯიბრებაში [...]: შედარებით სუსტი მონაწილისათვის მიცემული უპირატესობა“.


ის ზუსტად იმასვე ნიშნავს, რასაც იტალიური წარმომავლობის ფორა, რომლის თაობაზე იმავე ლექსიკონში ვკითხულობთ:


ფორას მისცემს – რაიმე უპირატესობას მისცემს თავისზე სუსტ მოწინააღმდეგეს“.


როგორც უკვე ვთქვით, დღევანდელი ქართული სპორტული ჟურნალისტიკის ენაში ორივე ეს სიტყვა თითქმის თანაბარი სიხშირით იხმარება, მაგრამ თითქმის ყოველთვის არასწორად.


განმარტებებიდან კარგად ჩანს, რომ ჰანდიკაპი და ფორა ბუნებრივი უპირატესობა კი არ არის, არამედ ხელოვნურად შექმნილი უპირატესობაა ძალთა იმ დისბალანსის შესამცირებლად, რაც მეტოქეთა შორის არსებობს.


მას ორი მიზნით მიმართავენ: 1. დაიყოლიონ სუსტი მოწინააღმდეგე ჩაებას ასპარეზობაში, 2. შერკინებას მეტი აზარტი შემატონ.


სპორტული ჟურნალისტების ენაში კი ორივე ეს სიტყვა უმეტესად სწორედ ჩვეულებრივი, ბრძოლაში მოპოვებული უპირატესობის აღსანიშნავად გამოიყენება.


მაგალითი:


„წინა ტურში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თსუ-მ პლეი-ოფამდე 3 ტურით ადრე, მდევართან 9-ქულიანი ფორა შეინარჩუნა და რეგულარულ სეზონში პირველობა გაინაღდა“ (1tv.ge, 15.05.2021).


ამ ფრაგმენტში ხაზგასმული უცხო სიტყვის ნაცვლად უნდა იჯდეს მშვენიერი ქართული სიტყვა უპირატესობა, რომელიც განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით არის: „...უკეთესის, წარმატებულის მდგომარეობა“.


ეტყობა, ჰანდიკაპის გამოყენება ჩვეულებრივი უპირატესობის მნიშვნელობით სხვა ენებშიც გვხვდება, ოღონდ სასაუბრო მეტყველებაში. ამას გვაფიქრებინებს ამ სიტყვის განმარტება რუსულ „ვიკისლოვარში“ (მნიშვნელობა მე-4). ნიშანდობლივია, რომ საილუსტრაციო მაგალითად სპორტული კი არა, ყოფითი ვითარების ამსახველი ფრაზაა დამოწმებული.


ადრეც გვითქვამს და ახლაც გავიმეოროთ, რომ სასაუბრო მეტყველებას მკაცრ მოთხოვნებს ვერ წავუყენებთ, სპეციალურ სფეროში კი (ამჟამად სპორტზე გვაქვს ლაპარაკი), ვალდებულნი ვართ ტერმინები ზუსტი მნიშვნელობით გამოვიყენოთ.


ჩვენს სპორტულ ჟურნალისტიკაში კი აი ეს ვითარებაა:


„დოკ რივერსის გუნდმა აღნიშნული ჰანდიკაპის დაქაჩვის და თამაშის შემოტრიალების საშუალება მასპინძლებს არ მისცა“ (1tv.ge, 21.01.2019);


„პირველ ნახევარში ქუინ სნეიდერის გუნდმა 72:50 მოიგო და 22-ქულიანი ფორა ჰქონდა“ (for.ge, 19.06.2021);


„სწორედ ამ ათწუთეულში მოპოვებული ჰანდიკაპი გამოდგა გადამწყვეტი“ (worldsport.ge, 5.08.2021);


„მიუხედავად ამისა, 'დინამო ბათუმმა' 'დინამო თბილისთან' უპირატესობა ქულით გაზარდა და ახლა 3-ქულიანი ფორა აქვს“ (worldsport.ge, 12.09.2021);


„...მობილიზება შეძლო და მესამე პარტიაში ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც 4:0 დაწინაურდა და შემდეგ უპრობლემოდ შეინარჩნა ეს ჰანდიკაპი 7:3“ (leadersport.ge, 09.07.2021);


„ფლორიდელებმა პირველი მეოთხედი 12 ქულით მოიგეს, ხოლო დიდ შესვენებაზე 23-ქულიანი ფორით გავიდნენ“ (crystalsport.ge, 22.12. 2021);


ჩავანაცვლოთ ხაზგასმული უცხო სიტყვები ქართული „უპირატესობით“ და უცხო ენებთანაც პირნათელი ვიქნებით და მშობლიურთანაც!


/ილუსტრაცია givecentral.org/


ლევან ბრეგაძე
  • 0
  • 5754
0 Comments