წითელი ვერსია
  • 104
  • 22132

პირველი ზღურბლის დაძლევა

14 აპრილი 2020

გავიხსენოთ, მოკლედ, რა გზას გადის გმირი, დასაწყისიდან დასასრულამდე:

1. ჩვენ გავიცანით გმირი. იგი იქ იყო, სადაც მისთვის კომფორტული გარემო და მშვიდი ცხოვრება იყო.
2. გავიგეთ, რომ უნდა მოხდეს რაღაც, რაც გმირს მოქმედებისკენ უბიძგებს. ეს მას არ უნდა, მაგრამ სხვა გზა არ აქვს.
3. გმირს დამატებითი მოტივაცია სჭირდება, რადგან ისეთი ნაბიჯი უნდა გადადგას, ყველას საფრთხეში რომ ჩააგდებს. მას სხვა გზა არა აქვს.
4. ახლა კი, გმირს ბრძენის რჩევა სჭირდება, რომელიც დაარიგებს, დაამშვიდებს და სწორ დარიგებებს მისცემს.


და აი, გმირი ურჩხულის დასამარცხებლად გაემგზავრა. აქ იწყება რეალური ამბის თხრობა. ეს ის ადგილია, რისთვისაც წიგნი გადავშალეთ, რისთვისაც თეატრში ან კინოში წავედით. ეს ადგილი დაახლოებით იმას ჰგავს, როდესაც სამოგზაუროდ მიდიხარ, ბილეთს იღებ, ჩანთას ალაგებ, ვაგონში ჯდები და მატარებელი დაიძვრება. ამ წამიდან ჩვენ ვხვდებით, რომ უკან დაბრუნების შანსი არ გვაქვს. ასეა გმირის საქმეც. გადაწყვიტა რა სამყაროს შეცვლა (შეყვარებულის დახსნა, ურჩხულისგან წყაროს გათავისუფლება), იმ წამიდან ჩვენ მისი თანამოაზრენი, თანამეინახენი და ჭირის გამზიარებლები ვხდებით.


გავიხსენოთ ქართული კლასიკა, კერძოდ, პოლიკარპე კაკაბაძის პიესა „ყვარყვარე თუთაბერი“. მისი შინაარსი ასეთია: რუსეთის იმპერიის დასასრული ახლოვდება. მოქმედება რუსეთ-ოსმალეთის ფრონტის ხაზთან ერთერთ ქართულ სოფელში ხდება. ნაცარქექია, იგივე ყვარყვარე თუთაბერი ნაცარს ქექავს და გვირაბის გათხრის იდეით გამოდის. გვირაბის, რომელშიც მატარებლებმა უნდა გაიაროს. ყვარყვარე მეწისქვილესთან იმალება. მეწისქვილე ნანობს, რომ შეიფარა. ყვარყვარე კი, ვალს აქეთ ადებს, მასთან რომ ცხოვრობს. სინამდვილეში, ყვარყვარეს მეწისქვილის ქალიშვილი მოსწონს (დაუსწრებლად). წისქვილში შემოდიან ქუჩარა და კაკუტა. როდესაც ოსმალებმა შემოუტიეს და რუსეთის არმიამ უკან დაიხია, ისინი სანგრებს თხრიდნენ. ქუჩარა და კაკუტა რუსებთან ერთად გაიქცნენ. გზად მკვდარი ოსმალოს ჯარისკაცი გაძარცვეს და ამ ტანსაცმლის გაყიდვის იმედი აქვთ, რომ საჭმლის ფული იშოვონ. ყვარყვარე თურქი ჯარისკაცის ლაბადას მოისხამს და ქუჩარას და კაკუტას პირობას უდებს, რომ თუ ნაძარცვის დაბრუნება უნდათ, შეშა უნდა დაჩეხონ. სანამ ქუჩარა და კაკუტა შეშას ჩეხავენ, ყვარყვარე კვლავ ნაცარს ქექავს, წარმოიდგენს, რომ დიდ სასახლეში ცხოვრობს და ცოლად მეწისქვილის ქალიშვილი - გულთამზე მოჰყავს. ისმის სროლის ხმა. ყვარყვარეს ჰგონია, რომ სოფელში ოსმალები შემოვიდნენ და თურქი ჯარისკაცის ტანსაცმელს არ იხდის (ამგვარად გადარჩენის იმედი აქვს), მაგრამ ცდება. შემოდიან რევოლუციონერები გულთამზე და სევასტი. მათ რუსი ჯარისკაცები მოსდევენ. სევასტი იმალება. გულთამზე ყვარყვარეს სთხოვს, გადაარჩინოს მისი შეყვარებული სევასტი და თავი რევოლუციონერად მოაჩვენოს. ჯარისკაცები სევასტის ნაცვლად ყვარყვარეს იჭერენ.


აი, აქ ყვარყვარეს არჩევანის საშუალება აქვს. გაამხილოს მისი ნამდვილი სახელი და ამგვარად აიცილოს დაპატიმრება (როგორც რევოლუციონერის), ან მიენდოს მისი ოცნების ქალის თხოვნას და თავი სევასტიდ გაასაღოს. როგორც კი ყვარყვარე თუთაბერი გადაწყვეტს, რომ გულთამზეს ნებას დაჰყვეს, ნაწარმოებში ეს გმირისთვის პირველი ზღურბლის გადალახვას ნიშნავს. ეს ის არჩევანია, საიდანაც უკან დაბრუნების გზა მოჭრილია. გმირმა ეს გზა ბოლომდე უნდა გაიაროს. და არ აქვს მნიშვნელობა, დადებითია გმირი, თუ უარყოფითი.


მაშ ასე, ჩვენ გავიგეთ, რომ პირველი ზღურბლი ყვარყვარესათვის გადაწყვეტილების მიღებაა. აირჩიოს ხიფათით სავსე გზა, თუ ცხოვრება ისე განაგრძოს, როგორც მანამდე?


როდესაც ჟურნალისტი სტატიას/სიუჟეტს ამზადებს ადამიანზე, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, საინტერესო იქნება გავიგოთ, რა იყო მისთვის პირველი შეფერხება, პირველი ზღურბლი, პირველი წინააღმდეგობა, რომლის გადალახვა მოუწია.


მაგალითად ექიმებს, ვინც დასავლეთის კლინიკებში მუშაობენ. ჩვენ მათ ყოველდღე ტელეეკრანებიდან ვხედავთ, მძიმე ვითარების შესახებ ისინი საკუთარ გამოცდილებას და ხედვას გვიზიარებენ, მაგრამ მათ შესახებ ცოტა რამ ვიცით. საინტერესოა, რა გზა გაიარეს მათ საქართველოდან მსოფლიოს წამყვან კლინიკებამდე. რატომ გადაწყვიტეს წასვლა, რა იყო მთავარი მოტივაცია და რა იყო პირველი ზღურბლი, რომლის გადალახვა მოუხდათ.


P.S.
პოლიკარპე კაკაბაძის პიესაში ზემოთ ჩამოთვლილი თანმიმდევრობა ოდნავ სახეცვლილია, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს წესები ზედმიწევნით ზუსტად შესასრულებელი არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაწარმოები სქემატური გამოვა.



ბასა ჯანიკაშვილი
  • 104
  • 22132
0 Comments