წითელი ვერსია
  • 3
  • 2158

პირი მიწისა თუ მიწა პირისა?

31 ივლისი 2025

ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!


(ნაწილი XLV)



ხატოვანი გამოთქმა „აღიგავა/წარიხოცა პირისაგან მიწისა/ქვეყნისა“ ბიბლიური წარმომავლობისაა და ნიშნავს: მოისპო, განადგურდა, აღმოიფხვრა, უკვალოდ გაქრა.


იგი რამდენჯერმე გვხვდება წმინდა წერილში, პირველად „დაბადებაში“ (6, 7): აღვხოცო კაცი, რომელი შევქმენ, პირისაგან ქუეყანისა“; ახალი თარგმანით: მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი“ (ძველად „ქვეყანა“ „მიწასაც“ ნიშნავდა).


ამ ბიბლიურ ხატოვან გამოთქმას მაშინ იყენებენ, როცა სურთ ემოციურად გამოხატონ რაიმეს განადგურების, სრული მოსპობის საფრთხე, ან როცა რაიმეს სრული განადგურებით იმუქრებიან.


ციტატები კლასიკოსთა ნაწერებიდან:


„შრომა, შრომა და კვალად შრომა გვეწეროს მისწრაფებად, ძმანო ქართველნო, თუ არ გვინდა აღვიგავნეთ პირისაგან ქვეყანისა“ (ილია ჭავჭავაძე);


„მაგრამ ჩვენ კიდევ დაგვრჩენია ისეთი ნაშთები ძველი კულტურისა, რომელიც არც აგრე ადვილად წარიხოცება პირისაგან ქვეყნისა(აკაკი წერეთელი).


ხატოვანებასთან ერთად აქ ემოციურობას გამოთქმის არქაული ენობრივი ფორმაც აძლიერებს. და თუმცა დღევანდელ ავტორებთან „ქუეყანას“ მისი თანამედროვე შესატყვისი „მიწა“ ანაცვლებს (როგორც ეს ბიბლიის ახალ თარგმანშია), მაგრამ არქაულობის საკმარისი დოზის შენარჩუნება მაინც ხერხდება მსაზღვრელ-საზღვრულის ძველებური თანმიმდევრობის (ჯერ საზღვრული, მერე მსაზღვრელი) შენარჩუნებით:


„კრემლში მიაჩნიათ, რომ უკრაინა უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა სამხედრო გზით“;


ანდა:


„ზოგადი უნარების გამოცდა „აღიგავა პირისაგან მიწისა“ – წარსულს ჩაბარდა“.


მსაზღვრელ-საზღვრულის ეს განლაგება – პირისაგან მიწისა, რომელსაც პოსტპოზიციურ წყობას ეძახიან, ბუნებრივი იყო ძველი ქართულისთვის, დღევანდელი ქართულისთვის კი პრეპოზიციული წყობაა ბუნებრივი – ჯერ მსაზღვრელი, მერე საზღვრული: „მიწის პირისგან“.


ეს გარემოება იწვევს შეცდომას, რომელსაც ესოდენ ხშირად ვხვდებით როგორც ელექტრონულ, ასევე ბეჭდურ მედიაში: ერთმანეთს „ერწყმის“ თანამედროვე ქართულისთვის ბუნებრივი სიტყვათწყობისკენ სწრაფვა და ფრაზის ძველქართულად „მოქცევის“ სურვილი, რის შედეგადაც ასეთ ენობრივ კონსტრუქციას ვიღებთ: „მიწისაგან პირისა“, რაც უაზრობაა.


მაგალითები:


25 ოქტომბრის ღამეს ჩეჩნეთის ლიდერმა ტელეგრამში „სუსტი“ უწოდა რუსეთის არმიის საპასუხო მოქმედებას უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ იმ ტერიტორიების დაბომბვაზე, რომლებიც კადიროვს რუსულად მიაჩნია და მოუწოდა რუსეთის სარდლობას, „მიწისაგან პირისა აღგავონ უკრაინული ქალაქები“;


„როგორც ავღანეთში მყოფმა ქართული ჯარის კაპელანმა მითხრა, ავღანელებს რუსები სძულთ, რადგან მათ მიწისაგან პირისა აღგავეს იქაურობა“;


„მიწისძვრა კი არა, რატომ არ აღვიგვებით მიწისაგან პირისა, მე ის მიკვირს…“;


„...ერთი და ორი კომლი – ის ერთი და ორი კომლი უნდა შევინარჩუნოთ, რომ მიწისაგან პირისა, თითოეული სოფელი არ აღიგავოს“;


მიწისაგან პირისა უნდა აღვგავოთ კორუფცია“.


თანაც, ამ ბოლო დროს მოხშირებული ეს შეცდომა კარგად შენიღბულიც გახლავთ: უცბად ვერც შეამჩნევ, რომ ენობრივ ლაფსუსთან გაქვს საქმე!


გამოსავალი ეს არის:


ან უნდა შეველიოთ არქაიზმის რიტორიკულ ეფექტს და, მაგალითად, ის ციტატა, ბოლოს რომ წავიკითხეთ, ასე გადავაკეთოთ: მიწის პირისგან უნდა აღვგავოთ კორუფცია“,


ან კიდევ... ბევრი ვივარჯიშოთ (როგორც მსახიობები ვარჯიშობენ!) და ისე გავიწაფოთ ამ ბიბლიური ფრაზის წარმოთქმაში, რომ შეცდომა აღარ მოგვივიდეს.



P.S.


ამ ბლოგზე მუშაობისას იმგვარი განცდა მქონდა, თითქოს ეს ენობრივი უზუსტობა რაღაცას მაგონებდა, მაგრამ ვერ ვიხსენებდი – რას!


ბოლო წერტილი რომ დავსვი და თავიდან ბოლომდე ჩავიკითხე მთელი ტექსტი, გამახსენდა: არის ერთი ლინგვისტური მოვლენა, რომელსაც სპუნერიზმს ეძახიან – ქართულ ვიკიპედიაშიც შეგიძლიათ იხილოთ; იქ ის ასეა განმარტებული:

„სიტყვათა თამაშის ერთ-ერთი სახე, სადაც ხდება თანხმოვნების, ხმოვნების, მორფემების ტრანსპოზიცია, უნებლიე გადართვა. ძირითადად წინადადების დასაწყისში, რასაც თან ახლავს კომიკური ეფექტი. ტერმინი ოქსფორდის კოლეჯის ერთ-ერთი ცნობილი მასწავლებლის, უილიამ სპუნერის სახელს უკავშირდება. გადმოცემის თანახმად, უილიამ სპუნერი მეტად ემოციური ადამიანი იყო და მის აღელვებას ბუნებრივად თან სდევდა მსგავსი ვერბალური ცდომილებები, რომელიც წინასწარი განზრახვის გარეშე ხდებოდა“.


ქართული სპუნერიზმის მაგალითებად დასახელებულია: ჩანა-დანგალი, ხაჭარული აჭაპური, ცივა პივია და სხვ. (წყარო: მერი გიორგაძის სადოქტორო დისერტაცია).


ვფიქრობ, „მიწისაგან პირისა“-ც სპუნერიზმის ნიმუშად უნდა მივიჩნიოთ.


ლევან ბრეგაძე
  • 3
  • 2158
0 Comments