წითელი ვერსია
  • 9
  • 9252

ფენშუი, ნიორი და გზა დემოგრაფიული აღმასვლისკენ

29 იანვარი 2024

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეკონომიკური განვითარება ეკონომიკის ზრდის ტემპზეა დამოკიდებული, ეს უკანასკნელი კი მისი სტრუქტურის - ცალკეული დარგებისა და ქვედარგების თანაფარდობაზე დგას, შეიძლება რომელიმე უქმე დღეს, სავარძელში მოსასვენებლად მოკალათებულს, ტელეეთერიდან მთელი ეს ალგორითმი ამოგიყირავონ.


2024 წლისთვის ეკონომიკის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების გეგმა რომ დროულად შეგემუშავებინათ, თქვენზე ერთი თვით ადრე იზრუნეს და „რუსთავი2“-ის შუადღის ეთერში ფენშუის სპეციალისტმა დაგარიგათ, რომ თქვენი სახლის სამხრეთ-აღმოსავლეთ სექტორში უნდა დაალაგოთ წითელი დრაკონები, მაგრამ მატერიალური დოვლათის გარანტირებისთვის ასე იოლად ვერ გამოძვრებით;


ეს დრაკონები დილის 7-დან 9 საათამდე უნდა მიიტანოთ ონკანთან და შავი მარკერით თვალები უნდა აუხილოთ (წამყვანი გულმოდგინედ ინიშნავს რიტუალის თანმიმდევრობას).


არ დაგავიწყდეთ, როცა შინ ბრუნდებით, თქვენ ხართ „ფულის ენერგია“ და თუ ფანჯრის რაფაზე დედათქვენის წლობით ნალოლიავებ ბალბაზე ან რაიმე კაქტუსზე მოგიხვდათ მზერა, ის ამ ენერგიისგან თვალის დაუხამხამებლად დაგცლით. მოაშორეთ!


ნურც ლარნაკის ყვავილებს გააჭაჭანებთ, ეს „ჩი ენერგიაა“ და ფულის უხილავ ტომრებს წამიერად ფატრავს.


თუ ყველა მითითება ზედმიწევნით შეასრულეთ, შესაბამისად, თქვენი შემოსავალი ხუთნიშნა რიცხვს გასცდა და უკვე თამამად შეგიძლიათ დაგეგმოთ შვებულების გატარება შვეიცარიის სამხრეთში;


სახლს მთლად სადაზღვევო კომპანიის ანაბარა ნუ დატოვებთ, გასვლის წინ, გარდერობის თავზე ერთი თავი ნიორი შეაგდეთ. ესეც ზემოთ ნახსენები ფენშუის სპეციალისტის რჩევა.


„წიწაკაც ხომ შემიძლია?“ - მორიდებით ჩაეკითხება წამყვანი.


რესპონდენტი გამონაკლისს უშვებს: - „შეგვიძლია...“


„რუსთავი2“-ის ნუმეროლოგი ვენგო ლომთაძე კი მონუსხული ხმით განმარტავს, რიგ შემთხვევებში, რატომ არ დგება ჩვენს ცხოვრებაში სიახლეები და შესაძლოა, სრულიად გაუცნობიერებლად, ჩვენ თვითონ ვაჩერებდეთ ცხოვრების დინამიკას.


როგორ? კედლის საათი არ უნდა გაჩერდეს!


მართლაც, რომ დავსხდეთ, გამოვთვალოთ და ჩვენი საათების გაჩერებული ისრების ჯამური ხანგრძლივობა ჩვენი წარუმატებლობების რაოდენობის პირდაპირპროპორციული აღმოჩნდეს?!


კიდევ გაგვიბედავენ და გვეტყვიან, რომ საათი ელემენტით, თავის მხრივ, ელემენტი კი მასში მიმდინარე ელექტროქიმიური რეაქციების ხარჯზე მუშაობს და არავითარი კავშირი არ აქვს ეგზისტენციურ კრიზისებთან?!


გსმენიათ ქვეყნის დემოგრაფიული განვითარების პრობლემებზე და გაინტერესებთ, რა ღონისძიებებს ატარებს სახელმწიფო ამ მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებების დასაგეგმად?


ფიქრობთ, რომ ეკონომიკა, შრომის ბაზარი, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები ან საკვების ხელმისაწვდომობაა ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც უშუალო ზეგავლენას ახდენს ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე?


ეზოთერიკოსი ანზორ ოდიშარია გეტყვით, რომ დემოგრაფიული სტატისტიკის გაუმჯობესების საწინდარი წარმატებული პარტნიორული ურთიერთობები და საშუალო არითმეტიკული ხერხით გამოთვლილ თარიღებში ჩატარებული ჯვრისწერის რიტუალებია;


ამისთვის კი ხის ტოტზე სელის თოკები უნდა შეაბათ და მენდელსონის მარშის ნაგულისხმევი რიტმით თქვათ: - „მე მზად ვარ ჰარმონიული პარტნიორული და სექსუალური ურთიერთობებისთვის“.


რა დროს ღირებულებათა თანხვედრა ან ინტელექტუალური და ემოციური კავშირებია? მკაცრად გაამახვილეთ ყურადღება საცხოვრებელი ბინის, სადარბაზოს, დომოფონის, მანქანის და ტელეფონის ნომრებზე.


***


2023 წლის მიწურულს, ჰაბლის ტელესკოპმა სატურნის რგოლების შიდა მხარის ჩრდილოვანი არეალები დაათვალიერა, რათა პლანეტების კლიმატი შეისწავლოს, თუმცა, ჯერ მხოლოდ ის ვიცით, რომ სატურნზე სეზონები დაახლოებით 7 წელს გრძელდება.


ამ დროს ანზორ ოდიშარია დგას უცნობი ადამიანის სახლის კართან და ბინის ნომრით, ან მისი მეპატრონის სახელის ანბანური თანრიგის მიხედვით ხვდება, ღირს თუ არა დაკაკუნება.


როგორც იტყვიან, არ გადართოთ, რეკლამის შემდეგ მოგიყვებათ, „როგორ დავმუხტოთ წყალი და მივაღწიოთ მიზნებს“.


***


ფინელი კინორეჟისორი აკი კაურისმიაკი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: „როცა ახალგაზრდა ვიყავი, საათობით ვიჯექი აბაზანაში და ახალ-ახალი იდეები მებადებოდა. ახლა დავბერდი და, უბრალოდ, ვზივარ აბაზანაში“.


***


ტელეპროდიუსერები სხედან აბაზანებში და ფიქრობენ, როგორ შეავსონ დილის და შუადღის ეთერი.


- ტომ!


- იდეა არ არის.


თუთა ჯგუშია
  • 9
  • 9252
0 Comments