წითელი ვერსია
  • 5
  • 3507

პანდემია და ეთნიკური უმცირესობების პრობლემები

05 მაისი 2020

კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა, რომ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში არსებობს სერიოზული პრობლემები, რომელიც კრიზისულ პერიოდში მომენტალურად იჩენს თავს.


ის ფაქტი, რომ მარნეულის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები ყველაზე მეტად დაზარალდნენ კოვიდ-ინფექციით, ნათლად მეტყველებს ეთნიკურ უმცირესობებთან კომუნიკაციის პრობლემის არსებობაზე.


პანდემიის დასაწყისშივე ინფიცირების ერთერთი დიდი კერა სწორედ მარნეულში გაჩნდა, რის გამოც ქალაქი ყველაზე ადრე ჩაიკეტა. მოგვიანებით, ვნახეთ ადგილობრივი ფერმერების აქცია, რომლებსაც მოსავლის გატანის პრობლემა შეექმნათ. კადრები, რომლებიც ვიხილეთ, განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო, რადგან აქციის მონაწილეთა უმეტესობა უსაფრთხოების ზომებს არღვევდა. 25 აპრილს კი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლები - მუშევანი, ხატისოფელი და ვანათი ჩაიკეტა, საიდანაც ინფიცირებულების გამოყვანას სოფლის მოსახლეობის აგრესია და საპატრულო და სამედიცინო ბრიგადებთან მათი დაპირისპირება მოჰყვა. კიდევ ერთი საპროტესტო აქცია მარნეულელმა ფერმერებმა გამართეს - ისინი მოსავლის გატანას ითხოვდნენ. კადრებში ჩანდა, რომ აქციის მონაწილეების მიერ ისევ არ იყო დაცული უსაფრთხოების რეკომენდაციები.


რატომ სჭირდებათ ადგილობრივებს კომუნიკაციის ასეთი ხმაურიანი და სახიფათო მეთოდების გამოყენება და რატომ არ გაიზიარეს მათ ის რეკომენდაციები, რომლებიც მეტნაკლებად გაიგო და შეასრულა მოსახლეობის უმრავლესობამ? - დასკვნა მარტივია, ენობრივი ბარიერი მუდმივად იყო კომპაქტურად დასახლებული ეთნიკური უმცირესობების პრობლემა;


ამ შემთხვევაში ჩვენთვის საინტერესოა, როგორ აღმოჩნდა საკმაოდ დიდი რეგიონი მედიისგან იგნორირებული მაშინ, როდესაც საქართველოს მედიაბაზარზე კონკურენცია წარმოუდგენლად მაღალია?


პრობლემა, პირველ რიგში, ინფრასტრუქტურულია, როგორც ირკვევა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფლების უდიდეს ნაწილს არ აქვს ინტერნეტზე წვდომა; მეორე მხრივ, საქმე გვაქვს მედიების გულგრილობასთან, რომლებსაც არ აინტერესებთ, მოსახლეობის აღნიშნული ჯგუფებისათვის შესაბამის ენაზე მოამზადონ მედიაპროექტები. ერთადერთი ენა, რომლითაც ადგილზე ჩასული ცენტრალური არხების რეპორტიორები ადგილობრივებს ეკონტაქტებიან, რუსულია. რატომ არ გვყავს აზერბაიჯანულენოვანი, ან სომხურენოვანი რეპორტიორები და რატომაა ეს ნიშა თითქმის ცარიელი?


ჯერ კიდევ პრეპანდემიურ პერიოდში გამოქვეყნებული ერთერთი დოკუმენტის მიხედვით, პრობლემები, რომელიც უშუალოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებს აწუხებთ, პირდაპირ კავშირშია ენობრივ ბარიერთან და ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების უკიდურესად დაბალ ხარისხთან.


ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების შესახებ დოკუმენტი „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის“ ცენტრმა მოამზადა და ის გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნდა.


განათლების, საჯარო უწყებებთან ენობრივი ბარიერის გამო გართულებული კომუნიკაციის, კომუნალური პრობლემების გარდა, „მოსახლეობას არ აქვს წვდომა ინტერნეტზე, ბეჭდურ მედიაზე, ტელემაუწყებლობა ადეკვატური მოცულობით არ ახორციელებს ინფორმაციის მიწოდებას მათთვის გასაგებ ენაზე” - ნათქვამია დოკუმენტში;


ამავე დოკუმენტის თანახმად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობით დასახლებული სოფლების უმეტესობაში, მოსახლეობის ცოდნა სახელმწიფო სერვისებზე უკიდურესად დაბალია. აღმოჩნდა, რომ ადგილობრივებს არც ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების შესახებ აქვთ საჭირო ინფორმაცია.


როგორი იქნება მარნეული-ბოლნისი-თეთრიწყაროს პოსტკრიზისული გამოსავალი? - ფაქტია, რომ სახელმწიფოსთან ერთად, საზოგადოებას და მედიას შესაბამისი დასკვნები აქვს გასაკეთებელი; რათა არ დავრჩეთ იმ ზერელე განცხადებების და რეკომენდაციების ამარა, რომლებიც სოციალურ ქსელებში ხშირად გამოითქმის სხვადასხვა რადიკალური ჯგუფების თუ ცალკეული პერსონების მიერ, და რომელთა ავტორები კატეგორიულად მოითხოვენ, არაქართულენოვანმა მოსახლეობამ სასწრაფოდ შეისწავლოს ქართული ენა.


რატომ ვერ მოხერხდა დღემდე ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრა, ეს კიდევ ცალკე თემაა, რომელიც ადგილობრივებს არანაკლებ აღელვებთ.


ლელა კურდღელაშვილი
  • 5
  • 3507
0 Comments