წითელი ვერსია
  • 16
  • 2316

ფაქტია თუ შეფასება?

29 სექტემბერი 2024

მედიიდან ინფორმაციის მიღებისას საზოგადოება რამდენიმე ფუნდამენტური გამოწვევის წინაშე დგას.


ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ რამდენად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს „ფეიკ-ნიუსი“ და რამდენად მნიშვნელოვანია, მკითხველს/მაყურებელს ჩამოუყალიბდეს ყალბი ინფორმაციის ამოცნობისა და ზოგადად, შინაარსის კრიტიკულად გააზრების უნარი.


მაგრამ, სანამ დავფიქრდებით იმაზე, შეესაბამება თუ არა სინამდვილეს ესა თუ ის ამბავი, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიაზროთ, საერთოდ გვიყვება თუ არა ჟურნალისტი „ამბავს“, რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება იყოს ნამდვილი ან გამოგონილი.


პოლიტიკურად პოლარიზებულ მედიაგარემოში ჟურნალისტები ხშირად აკეთებენ შეფასებებს, რომელიც საერთოდ შეუძლებელია, დაექვემდებაროს სიმართლის ან სიცრუის კატეგორიას, რადგან შეფასება, ფაქტებისადმი სუბიექტური დამოკიდებულებაა და არა თავად ფაქტი.


მაგალითად, როცა საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ამბობს, რომ ესა თუ ის ამბავი (ამ შემთხვევაში - არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების ფონდის შექმნა) არის „არასამთავრობოების მოსყიდვისა და მათი დამორჩილების მცდელობა ხელისუფლების მხრიდან“, ეს ნიშნავს, რომ ჟურნალისტი აკეთებს სუბიქტურ და მკვეთრად პოლიტიკურ შეფასებას, რაც საერთოდ არ არის მისი ფუნქცია.


მეტიც, - ამ შემთხვევაში ჟურნალისტი ამბის თხრობას პირდაპირ შეფასებით იწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავარი „მესიჯი“, რომელიც მან აუდიტორიამდე უნდა მიიტანოს, სწორედ პოლიტიკური შეფასებაა („ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციების მოსყიდვას და დამორჩილებას ცდილობს“), ხოლო ყველაფერი დანარჩენი (მათ შორის თავად ამბავიც) ისეა მოწოდებული, რომ ჟურნალისტის მიერ დასაწყისშივე გაკეთებული შეფასება დაადასტუროს.


ერთი სიტყვით, - საქმე გვაქვს პოლიტიზებული მედიის საქმიანობის კლასიკურ შემთხვევასთან, როცა მედია არსებობს არა იმისთვის, რომ აუდიტორიას ინფორმაცია მიაწოდოს, არამედ იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს კონკრეტული პოლიტიკური შეფასებების (ანუ პოლიტიკური პოზიციის) გავრცელებას და პოპულარიზაციას.


მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, შეფასების ამოცნობა მარტივია, თანამედროვე მედიის მუშაობის სპეციფიკაში გაუთვითცნობიერებელი ადამიანი ხშირად იბნევა და ჟურნალისტის მიერ მოწოდებულ შეფასებას ისე იღებს, როგორც ფაქტს.


ამას, შესაძლოა, ხელს უწყობდეს ის გარემოებაც, რომ აუდიტორია ნაკლებად მოელის ჟურნალისტისგან სუბიექტურ შეფასებებს, რადგან ფაქტისა და შეფასების ერთმანეთისგან გამიჯვნა ჟურნალისტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პროფესიული სტანდარტია.


მიმდინარე წლის დასაწყისში, შეერთებულ შტატებში გამოქვეყნებული ერთ-ერთი გახმაურებული კვლევა აჩვენებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ სტანდარტის დაცვა:


კვლევის მიხედვით, ამერიკელების 45%-ს უჭირს ფაქტისა და შეფასების ერთმანეთისგან გამიჯვნა.


არ გვაქვს არავითარი საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ საქართველოში ამ მხრივ უკეთესი ვითარებაა.


შესაბამისად, მანიპულაციის საფრთხის შესამცირებლად სასურველია, ჟურნალისტებმა მკაცრად გამიჯნონ ერთმანეთისგან ფაქტი და მოსაზრება. სასურველია, ეს უკანასკნელი დაუთმონ სხვა აქტორებს (მაგალითად, პოლიტიკასთან დაკავშირებული ამბების შემთხვევაში - სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს).


ეს, ერთის მხრივ, მაყურებელს მისცემს საშუალებას, გაიგოს, რომ არსებობს მოცემული ამბის შეფასების რამდენიმე ვერსია (რომლებიც, შესაძლოა, რადიკალურად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან);


ასევე, ამ შემთხვევაში, გაცილებით მაღალი იქნება იმის ალბათობა, რომ აუდიტორიამ მკაფიოდ გაავლოს ზღვარი უშუალოდ ფაქტსა და მის შეფასებას შორის.


იდეაში, მედია ყოველთვის ამ სტანდარტით უნდა ხელმძღვანელობდეს, თუმცა, რადგან რეალური მედიაგარემო საგრძნობლად განსხვავდება იმისგან, რაც იდეაში უნდა იყოს და რისკენაც უნდა მივისწრაფვოდეთ, სასურველია, თავად საზოგადოებაც (ანუ, მედიის მომხმარებელიც) უკეთ გაერკვეს თანამედროვე მედიისგან მომდინარე საფრთხეებში და გამოიმუშაოს ალგორითმი, რომელიც მას საშუალებას მისცემს ამოიცნოს:


რა არის ინფორმაცია, რა არის სუბიექტური შეფასება და რა - უბრალოდ ვარაუდი ან პროგნოზი.


მაგალითად,


ზემოაღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით, მარტში, ჟურნალმა „ფორბსმა“ დეტალურად განუმარტა საკუთარ მკითხველს, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ინფორმაცია იმისთვის, რომ იგი ფაქტად ჩავთვალოთ და რა შემთხვევაში გვაქვს საქმე შეფასებასთან.


ცნობილი ავტორი ბრაის ჰოფმანი წერს:


"ფაქტი - არის ობიექტური რეალობა, რომლის შესახებაც არავინ კამათობს.


მაგალითად, თუ გასულ კვარტალში კომპანიამ 3.6 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა და კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ კომპანიამ გასულ კვარტალში 3.6 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, - ეს არის ფაქტი.


თუ ის ამბობს, რომ კომპანია მომავალ კვარტალშიც გამოიმუშავებს 3.6 მილიარდს, ეს - ვარაუდია.


ხოლო თუ ის ამბობს, რომ კომპანიას ძალიან კარგი ფინანსური მაჩვენებლები აქვს - ეს უკვე შეფასებაა."


ეს მაგალითი შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც ფორმულა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გამოვიცნოთ, როდის გვიყვება მედია ამბავს და როდის გვაწვდის (ან თავს გვახვევს) საკუთარ შეფასებებს.


ფოტო bbc.com

ზვიად ლიპარტელიანი
  • 16
  • 2316
0 Comments