წითელი ვერსია
  • 9
  • 4545

ოთახიდან გაუსვლელად

27 ივნისი 2022

ლეგენდარული ამერიკელი ტელეწამყვანის ედვარდ მაროუს ბიოგრაფია იმის მაგალითია, როგორ მიაღწია ჟურნალისტმა ცვლილებებს ოთახიდან გაუსვლელად.


ზოგადად, XX საუკუნის ჟურნალისტიკის ისტორიაზე საუბარი შეუძლებელია ედვარდ მაროუს ხსენების გარეშე.


მისი კარიერა მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწყო, როცა CBS-ის რადიორეპორტიორად მუშაობდა და ომის მიმდინარეობას აშუქებდა. მაროუ იყო პირველი ჟურნალისტი, რომელმაც რეპორტაჟი მოამზადა ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკიდან.


მოგვიანებით ედვარდ მაროუ რადიო და ტელეგადაცემებს უძღვებოდა CBS-ის ეთერში, რამაც ის პოლიტიკური ჟურნალისტიკის „მეფედ“ აქცია. მისი კარიერის მწვერვალად კი „მაკარტიზმის“ მხილება ითვლება.


გასული საუკუნის 50-იანი წლები ამერიკაში „კუდიანებზე ნადირობის“ ეპოქას წარმოადგენს, რომელმაც მოგვიანებით „მაკარტიზმის“ სახელწოდება მიიღო.


სენატორი ჯოზეფ მაკარტი, რომელიც სათავეში ჩაუდგა ანტიამერიკული საქმიანობის შემსწავლელ კომისიას, კომუნისტური იდეების გავრცელებაში ადანაშაულებდა პოლიტიკოსებს, კულტურის და მეცნიერების, პროფკავშირების წარმომადგენლებს. მაკარტისტები სამსახურიდან ათავისუფლებდნენ სახელმწიფო მოხელეებს. „წმენდაში“ მოყვნენ ცნობილი პროგრესული მოღვაწეებიც, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სამსახურებიდან გაათავისუფლეს, დააპატიმრეს ან „შავ სიაში“ შეიტანეს.


ამასთან, სენატორი მოხერხებულად იყენებდა ჟურნალისტების ინტერესს სენსაციების მიმართ და შესაბამისად, პოლიტიკურ ბრძოლაში ამერიკული ტელევიზიაც ჩაერთო.


და ასეთ ვითარებაში ედვარდ მაროუმ გაბედა დინების საწინააღმდეგოდ წასვლა.


1953 წელს, მის გადაცემაში გავიდა ჟურნალისტური გამოძიება სამხედრო მფრინავ მილო რადულოვიჩზე, რომელიც ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალებიდან დაითხოვეს, - მისი ოჯახის წევრების თითქოსდა კომუნისტური განწყობების გამო.


მაროუმ ტელემაყურებელს უამბო რადულოვიჩის ისტორია და ეჭვქვეშ დააყენა მფრინავის გათავისუფლების სამართლიანობა. მალე მფრინავი სამსახურში აღადგინეს.


1954 წლის 9 მარტს CBS-ის ეთერში გავიდა მაროუს კიდევ ერთი გადაცემა, რომელიც ჯოზეფ მაკარტის საქმიანობაზე, მის გამონათქვამებზე და მწვავე კრიტიკაზე იყო აგებული.


ამ გადაცემების ეთერში გასვლის შემდეგ რედაქციაში არ წყდებოდა აღშფოთებულ მოქალაქეთა სატელეფონო ზარები და წერილები.


იმავდროულად ტელეკომპანიამ დაკარგა სპონსორები და შემოსავლები, თუმცა მაინც მხარი დაუჭირა საკუთარი ჟურნალისტის და მთელი სარედაქციო ჯგუფის გადაწყვეტილებას.


სენატორმა მაკარტიმ ბრალდებებზე საპასუხოდ საეთერო დრო მოითხოვა. 1954 წლის 6 აპრილს, CBS-ის ეთერში გამოსვლისას მან ედვარდ მაროუს „ტურების ხროვის მეთაური“ უწოდა. თუმცა ამ გამოსვლამ მხოლოდ დააზარალა მისი რეპუტაცია. ცხადი გახდა, რომ სენატორმა ზომიერება დაკარგა და მისი ბრალდებები საფუძველს იყო მოკლებული.


მაკარტის ქცევა დაგმეს პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა და ამერიკელმა სენატორებმა.


როგორც ედვარდ მაროუმ თავის გადაცემაში აღნიშნა, „გამოძიებასა და ბრალდებას შორის ზღვარი მეტისმეტად ვიწროა და სენატორმა მას მრავალჯერ გადააბიჯა“.


ჯოზეფ მაკარტი იძულებული გახდა, პოლიტიკიდან წასულიყო.


ჯორჯ კლუნის მიერ 2005 წელს გადაღებული ფილმი „ღამე მშვიდობისა და წარმატებებს გისურვებთ“, თითქმის დოკუმენტური სიზუსტით მოგვითხრობს ამ ისტორიას და წარმოადგენს ერთგვარ ქრესტომათიულ სახელმძღვანელოს ჟურნალისტებისთვის:


- როგორ უნდა დაიცვას ჟურნალისტმა ზღვარი, რომ კრიტიკის ჩარჩოებს არ გასცდეს და მხარედ არ იქცეს;


- როგორ აკრიტიკებს ედვარდ მაროუ სენატორს, მაგრამ ამავდროულად, როგორ აკონტროლებს თითოეულ სიტყვას, რათა არ გადავიდეს პროპაგანდაში.


- ის ღიად ადანაშაულებს სენატორს, მაგრამ მხოლოდ ფაქტების დასახელებით. იყენებს საკმაოდ უხეში ფორმის კრიტიკულ ფრაზეოლოგიას, მაგრამ არ სცილდება სტანდარტით დაშვებულ ლექსიკას და არ გადადის სიძულვილის ენაზე.


- ის თამამად უთმობს ეთერს მოწინააღმდეგე მხარეს - სენატორს; აძლევს საშუალებას, ისაუბროს საკუთარ არგუმენტებზე.


ჯორჯ კლუნი ამ ფილმის რეჟისორი, სცენარის ავტორი და ერთ-ერთი როლის შემსრულებელიცაა იმავდროულად. აღსანიშნავია, რომ მამამისი, ნიკ კლუნი თავის დროზე ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი იყო.


თუმცა ყველაზე საინტერესო ალბათ ის არის, რატომ გადაწყვიტა კლუნიმ ამ თემაზე ფილმის გადაღება. როგორც ირკვევა, ჰოლივუდის ვარსკვლავს განსაკუთრებულად აწუხებდა ერაყში მიმდინარე საომარი მოქმედებები. 2000-იან წლებში, ჯორჯ კლუნი ღიად აკრიტიკებდა ამერიკის მონაწილეობას ერაყის ომში.


„ჩემი პოზიციის გამო ქვეყნის მოღალატეს მეძახდნენ. შემდეგ ფილმის სცენარი დავწერე და ამ ფორმით ვთქვი, რომ კითხვები უნდა დავსვათ, სანამ ხალხს ომში გავგზავნით. ვფიქრობ, ჩემი პოზიციის გამოხატვის ზუსტი გზა ვიპოვე ამ ფილმის მეშვეობით“ - თქვა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში.



მარიკა ბაკურაძე
  • 9
  • 4545
0 Comments