წითელი ვერსია
  • 6
  • 3590

ოპოზიციური მედია გერმანიის ელჩის წინააღმდეგ

21 დეკემბერი 2020

წლევანდელი საპარლამენტო არჩევნებით საქართველოში ხელისუფლება არ შეცვლილა, მაგრამ არჩევნების შემდეგ მოსახლეობა, შეიძლება ითქვას, ისტორიული პროცესის მოწმე შეიქნა: ქვეყნის ისტორიაში პირველად ოპოზიციური მედია, რომელიც თავს მუდამ „პროდასავლური ორიენტაციის ავანგარდში“ წარმოგვიდგენდა, ღიად დაუპირისპირდა დასავლეთის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.


უკვე რამდენიმე კვირაა ტელეკომპანიები „მთავარი არხი“, „ფორმულა“ და ტვ „პირველი“ უცხოელ ელჩებს საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში ადანაშაულებენ. ეს კამპანია უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის „ჩაწოდებით“ წამოიწყო „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, რომელსაც დღემდე არ უთქვამს უარი „მთავარი ბრალმდებლის“ როლის შესრულებაზე. თუმცა, ელჩების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში არანაკლებ საყურადღებო შტრიხად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ ოპოზიციური მედია განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა აშშ-ისა და გერმანიის ელჩებისადმი.


ამასთან, თუ კელი დეგნანის წინააღმდეგ „ამბოხი“ მეტ-ნაკლებად მაინც „მოზომილია“, გერმანიის ელჩისადმი აგრესიამ უკვე იმდენად დემონსტრაციული სახე შეიძინა, რომ პიროვნული მიუღებლობის შთაბეჭდილებასაც კი ტოვებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჰუბერტ კნირშის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები გვესმის არა მხოლოდ ოპოზიციური მედიიდან, არამედ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული, „ელიტარული“ არასამთავრობო სექტორიდანაც.


გავიხსენოთ, რომ ოპოზიციური მედიისა და „ელიტარული“ არასამთავრობო სექტორის თავდასხმა გერმანიის ელჩზე ჯერ კიდევ გაზაფხულზე, 8 მარტის შეთანხმების განხილვისას განხორციელდა. არადა, 8 მარტის შეთანხმებაც ხომ სწორედ იმ ელჩების მხარდაჭერით იქნა მიღწეული, ვინც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ დიალოგში შუამავლობა იკისრა.


8 მარტის შეთანხმების კონტექსტში, როგორც გვახსოვს, ოპოზიცია და მისი მხარდამჭერი მედია განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდნენ გიორგი რურუას გათავისუფლებაზე და მისთვის, ფაქტობრივად, პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებას ითხოვდნენ.


რურუას საკითხი, „გასაგები მიზეზების“ გამო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო „მთავარი არხისთვის“, რომელიც რურუას პატიმრობას წარმოგვიდგენს, როგორც „ზეწოლას ‘თავისუფალ’ მედიაზე“, თუმცა მას შემდეგ, რაც ჰუბერტ კნირშმა განაცხადა, რომ რურუას გათავისუფლება შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა, „მთავარ არხს“ ხელიდან გამოეცალა ყველა არგუმენტი, ხოლო გერმანიის ელჩი მყისიერად აღმოჩნდა მისი კრიტიკის ქარ-ცეცხლში.


ამ ისტორიის შემდეგ ოპოზიციური მედია, როგორც ჩანს, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ გერმანიის ელჩი არ არის (ან კი რატომ უნდა იყოს?!) მისი პოლიტიკური მოკავშირე და, შესაბამისად, იგი ჯერ კიდევ არჩევნებამდე გადაიყვანეს ამ მედიასაშუალებების „შავ სიაში“.


ამას ადასტურებს კნირშის წინააღმდეგ ოპოზიციური მედიისა და არასამთავრობო სექტორის მიერ ზაფხულში განხორციელებული შეტევის „მეორე ტალღაც“, რომლის დროსაც დიპლომატმა დაგმო გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტში წარდგენილი კანდიდატის − სოფო კილაძის წინააღმდეგ მიმართული კამპანია და აღნიშნა, რომ პირადი თავდასხმები პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.


მაშინ კნირშის განცხადებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურისა და არასამთავრობო სექტორის სხვა წარმომადგენლების მხრიდან იმდენად აგრესიული რეაქცია მოჰყვა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობას საგანგებო განცხადების გაკეთებაც კი მოუწია. განცხადებაში ევროპამ ყველას შეახსენა, რომ გერმანიის ელჩი ევროკავშირში საქართველოს მთავარი მოკავშირეა − ანუ სახელმწიფოთა იმ გაერთიანებაში, რომელთანაც საქართველოს თავისი მომავლის დაკავშირება სურს.


ასეთი წინაისტორიის ფონზე, ალბათ, არც უნდა იყოს გასაკვირი, რომ არჩევნების შემდეგ კელი დეგნანთან ერთად სწორედ ჰუბერტ კნირში იქცა თავდასხმების სამიზნედ და ისევე, როგორც წინა შემთხვევების დროს, დაპირისპირება ამჯერედაც ოპოზიციამ (კერძოდ კი თაკო ჩარკვიანმა) დაიწყო.


2 დეკემბერს ჩარკვიანმა ელჩების თანამონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებები შეადარა ქეთევან დედოფლის წამებას, რომელსაც, მისივე სიტყვებით, ბევრი (?!) ელჩი ესწრებოდა, თუმცა მათ არაფერი მოიმოქმედეს.


ამ შედარებით ჩარკვიანმა, ერთი მხრივ, ისტორიით მანიპულირება სცადა და შეურაცხყოფა მიაყენა რეალური ქეთევან დედოფლის მეგობრის, პორტუგალიელი მისიონერის, ამბროზიო დუშ ანჟუშის ხსოვნას, რომელმაც საფრთხის მიუხედავად, ფაქტობრივად, „მოიპარა“ და შთამომავლობას შემოუნახა დედოფლის ნეშტი (მისი გადარჩენა მისიონერს, ცხადია, არ შეეძლო), ხოლო, მეორე მხრივ, შეურაცხყოფა მიაყენა თანამედროვე ევროპელ და ამერიკელ დიპლომატებს, რომლებსაც ბრალი დასდო „პროდასავლური ოპოზიციის“ „გაწირვასა“ და ხელისუფლებასთან „გარიგებაში“.


ასეთ შეურაცხყოფას დიპლომატები, როგორც წესი, უპასუხოდ არ ტოვებენ და რამდენიმე დღის შემდეგ, ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მოვისმინეთ ჰუბერტ კნირშის პასუხიც. ელჩმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ ელჩებს ვერ წარუდგინა ვერცერთი მყარი სამხილი იმის დასადასტურებლად, რომ არჩევნები გაყალბდა, ხოლო საკუთარი თავის ქეთევან წამებულთან შედარება ყველაზე ეგზოტიკური ფანტაზიაა, რაც მას ოპოზიციის მხრიდან მოუსმენია. ელჩმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პარლამენტი, როგორც ასეთი, ლეგიტიმაციას იძენს მოსახლეობისგან და არა საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის შესვლა-არშესვლით.


ეს განცხადებები პოლიტიკური ოპოზიციისთვის და მასთან დაკავშირებული მედიასაშუალებებისთვის იმდენად მიუღებელი გამოდგა, რომ გერმანიის ელჩი მაშინვე იქცა მორიგი თავდასხმის მსხვერპლად. ამჯერად მას საქართველოს ისტორიისადმი და უშუალოდ ქეთევან წამებულისადმი უპატივცემულობაში დასდეს ბრალი.


ამ მხრივ, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის გარდა, რომელიც ელჩების წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას ხელმძღვანელობს, თავი გამოიჩინა „ტაბულის“ რედაქტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა.


ერთმაც და მეორემაც გაიხსენა ნაცისტური პერიოდი გერმანიის ისტორიაში და, ფაქტობრივად, მოუწოდა ელჩს, თავი შეიკავოს ისტორიული პარალელებისგან და, საერთოდ, გერმანელმა (?!) ამგვარი კომენტარები თურმე არ უნდა აკეთოს.


საინტერესოა, რომ ოპოზიციის ერთ-ერთმა „ცნობადმა სახემ“, სალომე სამადაშვილმა, უკვე სხვა მედიასაშუალებით გამოსვლისას სცადა ჰუბერტ კნირშის დაცვა, ხოლო, მოგვიანებით, გრიგოლ ვაშაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტის დატოვებისა და პარტიიდან გასვლის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ელჩების წინააღმდეგ მიმართული კამპანია დაასახელა.


აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ელჩების წინააღმდეგ მიმართული აგრესია თავად ოპოზიციის შიგნითაც იწვევს აზრთა სხვადასხვაობას, თუმცა სიტუაცია და ძალთა ბალანსი ჯერჯერობით იმგვარია, რომ დიპლომატების წინააღმდეგ ორგანიზებული საინფორმაციო თავდასხმები ახლო მომავალში ქართული პოლიტიკური ცხოვრებისა და ოპოზიციური მედიის საეთერო ბადის განუყოფელ ნაწილად დარჩება.


არჩილ სიხარულიძე
  • 6
  • 3590
0 Comments