წითელი ვერსია
  • 11
  • 11007

ომის გაკვეთილები

06 მარტი 2024

„უკრაინელიაო, რომ გაიგებ, გინდა ჩაეხუტო“ - ერთ-ერთი ტელევიზიის პოპულარული წამყვანის ფრაზა მეტისმეტად ზუსტად გამოხატავს ქართული მედიის ინფანტილურ დამოკიდებულებას ომის მიმართ, რომელიც მსოფლიო გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს უკვე ცვლის.


მისი შედეგები შესაძლოა, საბედისწერო გახდეს სამყაროსთვის, რომლის მეტ-ნაკლებ სტაბილურობას და რყევების ამპლიტუდას უკვე შევეჩვიეთ. ქართული მედიის არაპროფესიონალიზმი ამ ომმა კიდევ უფრო გააშიშვლა.


ორი წლის წინ დაწყებული რუსეთ-უკრაინის ომი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. თუმცა, რუსულ საინფორმაციო ველს ნათლად ეტყობოდა, რომ უკრაინაში შეჭრისთვის ნიადაგი თანმიმდევრულად დაგეგმილი საინფორმაციო ომით მზადდებოდა.


ჩვენ არ ვმსჯელობთ ომის გამომწვევ მიზეზებზე, არც მის სავარაუდო შედეგებზე და იმ ფაქტორებზე, მის გახანგრძლივებას რომ უწყობს ხელს.


ვსაუბრობთ თემაზე - რატომ ქრება უკრაინა ქართული მედიის რადარებიდან.


მედიის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ თავდაპირველად, ტოპონიმიკისა და სახელების იქაურ ყაიდაზე წარმოთქმაში (დნეპროპეტროვსკი - დნიპროპეტროვსკი, ლვოვი - ლვივი‎, ვლადიმერი - ვოლოდიმირ, ალექსი - ოლექსი...) გამოიხატა.


ტელეეთერებში აჟღერდა ქართველების მიერ შესრულებული უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი; მსხვილი რეიტინგული მაუწყებლების ეკრანებზე საინფორმაციო გამოშვებების ფონად აფრიალდა უკრაინის სახელმწიფო დროშა; საინფორმაციო გამოშვებებში იყო ჩართვები უკრაინიდან, მისალმებით - Слава Украiнi!; იყენებდნენ სრულიად გადაუმოწმებელ ინფორმაციას ტელეგრამ-არხებიდან; საომარ მოქმედებებს არჩევდნენ ქართველი ექსპერტები; საინფორმაციო გამოშვებები იწყებოდა უკრაინით; მედია-ფონი იყო მეტისმეტად ისტერიული და ჯანსაღი განსჯისთვის ადგილს არ ტოვებდა.


სრულიად განსხვავებულ რეჟიმში მუშაობდა უკრაინული მედია: - ტონი მშვიდი, გაწონასწორებული წამყვანები, მაქსიმალური ინფორმაციულობა.


ერთი დეტალი: აფეთქებების სერიის შემდეგ, წამყვანებმა გადაცემა მიწისქვეშა გადასასვლელში, სახელდახელოდ მოწყობილი სტუდიიდან განაგრძეს. შუა ეთერის დროს წამყვანმა ვაჟმა ქალს პალტო მოახურა - ძალიან ცივაო, ქალმა გაუღიმა და მადლობა გადაუხადა... და ეს ხდებოდა კიევში, რომლის თავზე ჭურვები ცვიოდა.


ამ ფონზე, აჟიტირებული და ემოციური ქართველი წამყვანები არასერიოზულად და არაპროფესიონალურად გამოიყურებოდნენ.


დღეს ვითარება შეიცვალა და უკრაინის თემის მიმართ ნაკლებ ყურადღებას რამდენიმე მიზეზი აქვს.


ორი წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ საომარ მოქმედებათა პერიპეტიების მიმართ ინტერესი შენელდეს. ადამიანი ფსიქოლოგიურად იღლება, ვერ უძლებს მუდმივ დაძაბულობას; არათუ უკრაინაში, საკუთარ ტერიტორიაზე მიმდინარე ომსაც გარკვეულწილად, თითქოს, ეგუება. გვახსოვს, ასე იყო აფხაზეთის ომის დროსაც.


კიდევ ერთი მიზეზია მოლოდინები, მედიამ რომ გააჩინა: - ომი დღე-დღეზე უკრაინის გამარჯვებით დასრულდება, რადგან დასავლეთმა მოსკოვს უმკაცრესი ეკონომიკური სანქციები დაუწესა და სამხედრო ტექნიკითაც ეხმარებაო.


რუსეთმა სანქციების გვერდის ავლა ნაწილობრივ მოახერხა. არც უკრაინის ხელისუფლების დაპირება შედგა, რომ გაზაფხულისთვის მძლავრ შეტევაზე გადავიდოდნენ და სერიოზულ დარტყმას მიაყენებდნენ რუსეთს. ამას თავდაცვის მინისტრის ცვლილებაც კი მოჰყვა.


ქართულ მედიაში რატომღაც, არც მეტისმეტად პოპულარული ზალუჟნის გადადგომას მოჰყოლია დიდი განხილვები და არც პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ არესტოვიჩის და გონჩარის შეცვლილ რიტორიკას; იმის მიუხედავად, რომ თავის დროზე, მედია ორივე მათგანის მიმართ უცვლელ პიეტეტს ინარჩუნებდა.


ინტერესის შენელება განაპირობა იმანაც, რომ ოპოზიცია და ოპოზიციურად განწყობილი მედია უკრაინის გამარჯვებას საქართველოს ხელისუფლების უპირობო მარცხს უკავშირებდა. ზოგიერთი მათგანი, ქართველ მებრძოლებთან ერთად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებისკენ მოგვიწოდებდა იმ საბაბით, რომ რუსებმა ამ ტერიტორიებზე განთავსებული საჯარისო ნაწილები უკრაინაში გადაისროლეს და ჩვენთვის აღარავის სცალია.


ვითარებას ცვლის დასავლეთის პოზიციებიც: - ერთის მხრივ, ისმის უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები; მეორეს მხრივ, პრეზიდენტი ზელენსკი, მისთვის დამახასიათებელი პირდაპირობით, მოითხოვს სამხედრო დახმარებას.


ომს, რომელსაც რუსები სამ დღეს - ერთ კვირას უწინასწარმეტყველებდნენ, ბოლო არ უჩანს. ზოგიერთი სამხედრო ექსპერტი ამას დასავლეთის პოზიციით ხსნის, რომელიც უკრაინელების ხელით ცდილობს რუსეთის დასუსტებას.


შეცვლილი ტონი, საქართველოს მიმართ დამოკიდებულებამ, ელჩის გაწვევამ, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში საქართველოს დადანაშაულებამაც განაპირობა.


ვითარება სერიოზულად შეცვალა ისრაელ-პალესტინის დაპირისპირებამ - მსოფლიო მედიის ყურადღება ახალმა სამხედრო კონფლიქტმა მიიპყრო, რომელსაც ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს.


რა გვაჩვენა რუსეთ-უკრაინის ომმა?


- მითი რუსული არმიის უძლეველობის შესახებ გადაჭარბებული აღმოჩნდა, - უკრაინა ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს რუსეთს.


- დასავლეთის დახმარება მნიშვნელოვანია, მაგრამ არა - საკმარისი.


- ქართული მედია კი ვერ ახერხებს ინფანტილიზმიდან გამოსვლას. საერთაშორისო და რეგიონული პოლიტიკა, სამხედრო თემატიკა მისთვის დაუძლეველი სირთულეა.


სხვა მხრივ, რუსული აგრესია საქართველომ საკუთარ თავზე არაერთხელ გამოსცადა და უკრაინის უპირობო მხარდაჭერა მოსალოდნელიც იყო და ლოგიკურიც.


ფოტო foreignpolicy.com

კატო თავართქილაძე
  • 11
  • 11007
0 Comments