წითელი ვერსია
  • 2
  • 4456

მუდმივი წარსული

11 თებერვალი 2020

მარქსი თავის ნაშრომში, სახელად „თვრამეტი ბრიუმერი ლუი ბონაპარტისა“ წერს: „ჰეგელმა სადღაც შენიშნა: ყველა დიდი მსოფლიო ისტორიული ფაქტი და პიროვნება, ასე ვთქვათ, ორჯერ წარმოიშობაო. მას დაავიწყდა დაემატებინა: პირველად — როგორც ტრაგედია, მეორედ — როგორც ფარსი“.


განმეორების ეს კანონი გვეუბნება, რომ პირველ ჯერზე რაიმე ხდომილება ტრაგედიით მოდის, თავის გმირებს ქმნის, ტრაგიკულ ეთოსს ტოვებს, ხოლო განმეორების მცდელობა უკვე პაროდიაა, ექოა, რომელიც მხოლოდ ფარსად შეგვიძლია მოვნათლოთ.


ამ პრინციპით თუ განვიხილავთ ქართულ მედიასივრცეს, აღმოვაჩენთ ერთ საინტერესო მოვლენას:


ის სახეები, რომლებიც დიდი ხანია გვახსოვს, თითქოსდა ანახლებენ საკუთარ შოუებს, საკუთარ გონებას, საკუთარ იდეოლოგიას და მსოფლმხედველობას, თუმცა ისევ ძველს უბრუნდებიან. გადადიან სხვა არხებზე, თუმცა ზუსტად იგივე პათოსით, იგივე შინაარსებით


და მეტიც, იგივე სახელის მქონე შოუებით: ინგა გრიგოლიას „რეაქცია“, იქით „ფორმულას“ გიორგი თარგამაძე დაუბრუნდა, დროებანარევი თვისებებით, იგივე თხრობის მანერით და იმავე ვნებით, თუმცა ერთი ის თქვა, ჰომოფობი აღარ ვარო.. ისტორიის გამეორებისა და ტრაგედია/ფარსის უკეთ დანახვისათვის, ამ მაგალითებს არ უნდა გამოვაკლოთ ტელეკომპანია „კავკასიაც“, რომელიც არათუ სიახლეს, არამედ მხოლოდ წარსულის ლანდებს გვახსენებს.


არის ასეთი ხატოვანი გამონათქვამი (მის ავტორობასაც ხან ვის მიაწერენ, ხან ვის), რომელიც თანამედროვე ცხოვრების პარადოქსებს ასახავს: „ჩვენ გვყავს ბევრი ექსპერტები, მაგრამ უფრო მეტი პრობლემები, საუკეთესო მედიცინა, მაგრამ უარესი ჯანმრთელობა. [...] ვქმნით ახალ კომპიუტერებს, რომელიც ინახავს მეტ ინფორმაციას და კოპიებს, ვიდრე ადრე, მაგრამ ვურთიერთობთ უფრო და უფრო ცოტას.“


ზუსტად ასეა ჩვენი მედიასივრცეც. გვაქვს ბევრი და ახალი არხები, თუმცა ნაკლები და ერთნაირი შინაარსი.


წინა წერილში შევეხე იმ თემას, რომ საქართველოში დეფიციტია მედია მიმართულებით, თუმცა არა რიცხვობრივად, არამედ ხარისხობრივად; რომ პრობლემა არა მედიების რაოდენობაში, არამედ ხარისხშია, ანუ დისკურსში. ჩვენ განვიცდით დისკურსების დეფიციტს და გვაქვს მხოლოდ ერთი - მედიის ლიბერალური გაგება.


საჯარო სივრცე დაფუძნებულია ლიბერალურ ტრენდზე, რაც გულისხმობს, რომ სასამართლოს შეფასება, მედიაგარემოს შეფასება, პოლიტიკური აქტორების შეფასება - გვაქვს ლიბერალური. ყოველდღიური ამბები, ამა თუ იმ ჯგუფების გაშუქების სტანდარტი, ამბის თხრობის პრინციპიც გვაქვს მხოლოდ ლიბერალური.


ზუსტად აქედან იხსნება ჩვენი ტრაგედიის და ფარსის, ანუ განმეორების კანონზომიერებაც. როდესაც 90-იანებში, თავისუფალი ბაზარი, დასავლური ტრენდები, ანტისაბჭოთა განწყობები დაფუძნდა იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს მოხდა, მაშინ ტრაგედიასთან გვქონდა საქმე. ამ სივრცემ შექმნა ის მედიაგარემოც. გავიდა პერიოდი და მივხვდით, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება არც ეს ყოფილა, თუმცა ვეღარ შევცვალეთ ფუნდამენტურად დისკურსი, ამიტომაც ყოველი ახლის მცდელობა, ძველის შელამაზება, ძველის რესტავრაციაა და ზუსტად ეს მოსდის მედიასივრცესაც.


ჩვენ ყველა მიზეზი 90-იანების მანკიერ პრაქტიკებში უნდა ვეძებოთ.


მოკლედ რომ შევეხოთ ამ პერიოდს, ეს იყო საბჭოთა კავშირის სრული დემონიზაცია (რითიც ბევრი კარგი პროექტი, ის რაც ახლა ევროპაშია, გადავაყოლეთ საბჭოთა კავშირის იდეას), ყველაფერი საბჭოთა შევრაცხეთ ბოროტებად, ხოლო ყველაფერი ანტისაბჭოთა - სიკეთედ. გავაფეტიშეთ დასავლეთი და გამოვტოვეთ დასავლეთში დასავლეთის კრიტიკა. მაგალითად, მარქსი (ყველაზე მეტად ციტირებადი ავტორი ევროპაში) გამოვაცხადეთ მცდარ, მავნებელ მოვლენად, ხოლო ფუკუიამას ისტორიის დასასრული და ლიბერალური დემოკრატიის უალტერნატივო ზეიმი კი - ერთადერთ ჭეშმარიტებად (სხვათაშორის, ფუკუიამამ შემდგომში უარყო საკუთარი თეორია).


ანუ ჩვენ გავფორმდით პერიფერიად და როგორც პერიფერიას ახასიათებს, გადამეტებული მოტივაციით შევუდექით საქმეს. პრობლემებიც აქ გაჩნდა. რადგანაც წარმატებისათვის, ინტელექტუალად ყოფნისათვის, ანდაც საჯარო სივრცეში დაფიქსირებისათვის, მოთხოვნები და თამასა იყო ძალიან დაბალი, მთავარია გელანძღა საბჭოთა კავშირი და გაუაზრებლად გყვარებოდა დასავლეთი.


შესაბამისად იმ პერიოდის აქტორებმა შეწყვიტეს განვითარებაც. პოლიტიკოსებმა, საჯარო ინტელექტუალებმა, ჟურნალისტებმა და ა.შ. (ყველა არ იგულისხმება, რა თქმა უნდა) შეწყვიტეს კითხვა, შეწყვიტეს ახალი თეორიების გაცნობა, რადგანაც საჯარო სივრცე იყო ასე მოწყობილი, მინიმალური მოთხოვნები იყო საჭირო.


თუ ადრე მედიაში, დასავლეთიდან ან რუსეთიდან ვაკოპირებდით პროექტებს, ახლა ეგეც აღარ ხდება.


დასავლეთში იცვლება ტრენდები, თუმცა ჩვენთან ისევ ის სახეები არიან მედიაში, იმ ფორმით, რა ფორმითაც პირველად მოგვევლინენ.


ამის მიზეზი კი ზემოთ აღწერილშია, - ესაა კლასი, რომელმაც 90-იანებში შეწყვიტა განვითარება და ეგონა, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევა და ლიბერალური დემოკრატიის გამარჯვება, ეს იყო მსოფლიოს დასკვნითი ეტაპი. თუმცა 30 წელიწადში, ჩვენ მივიღეთ სრულიად ახალი მსოფლიო ტრენდები და ჩვენი, ძალიან დაბნეული, თანამედროვე უნარებს მოკლებული მედიასივრცე, რომელმაც არ იცის ახალი ენა და ნიშნები...


ამას მედიასივრცის კრიზისს თუ დავარქმევთ, და როგორც ანტონიო გრამშიმ აღწერა კრიზისი, ისეა ყველაფერი. „კრიზისი, ესაა როდესაც ძველი კვდება, ხოლო ახალი არ იბადება“. ჩვენს ვითარებას კარგად ეხმაურება; ცოტა კორექციის შემთხვევაში კიდევ უფრო ზუსტ დეფინიციას მივიღებთ: არც ძველი კვდება და არც ახალი იბადება.






გური სულთანიშვილი
  • 2
  • 4456
0 Comments