წითელი ვერსია
  • 6
  • 2514

მედიასოციოლოგია

11 ოქტომბერი 2020

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ შედეგები წინასწარვე განსაზღვრულია: ან მთავრობამ უკვე გააყალბა არჩევნები, ან მოსახლეობამ უკვე გამოუტანა განაჩენი არსებულ ხელისუფლებას.


ასეთი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლი უკავია მედიას და იმ სტრატეგიას, რომელსაც შეგვიძლია მედიასოციოლოგია ვუწოდოთ. სტრატეგიის არსი შემდეგია: ეს თუ ის ტელეკომპანია ამა თუ იმ სოციოლოგიურ სამსახურს ავალებს პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის მაჩვენებელთა გაზომვას და შემდეგ მიღებულ რიცხვებზე დაყრდნობით ავრცელებს და ამკვიდრებს სასურველ პროგნოზს.


ჩვეულებრივი სოციოლოგიური კვლევის ობიექტური გაშუქებისგან ეს პროცესი იმით განსხვავდება, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებისგან მაყურებელი რადიკალურად განსხვავებულ სურათს იღებს, რადგან მედიასოციოლოგია ემსახურება ამავე მედიასაშუალების პოლიტიკურ და იდეოლოგიურ ამოცანებს და არა რეალური ვითარების ასახვას. შესაბამისად, ისეთ პოლიტიზებულ მედიაგარემოში, როგორიც ამჟამად საქართველოშია, თითოეულ არხს ჰყავს არა მხოლოდ საკუთარი მაყურებელი, არამედ საკუთარი „სანდო“ სოციოლოგიური სამსახურიც, რომელზე დაყრდნობითაც ცდილობს სასურველი პროგნოზის პოპულარიზაციას.


ამ მხრივ გამონაკლისი არც მიმდინარე წანასაარჩევნო კამპანია გამოდგა. მხოლოდ სექტემბრის თვეში მსხვილმა ტელევიზიებმა საზოგადოებას წარუდგინეს ოთხი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები, რომლებიც ამომრჩეველს სრულიად განსხვავებულ პროგნოზებს სთავაზობენ. კერძოდ, გამოკითხვები ჩაატარეს ორგანიზაციებმა: იპსოს/IPSOS (დამკვეთი − „მთავარი არხი“), გორბი/GORBI („იმედი“), Edison Research („ფორმულა“) და Survation („რუსთავი-2“).



თუ თვალს გადავავლებთ ამ შედეგებს, დავინახავთ, რომ მათ შორის განსაკუთრებული განსხვავება იკვეთება მმართველი გუნდის − „ქართული ოცნების“ რეიტინგში. კერძოდ, თუ GORBI-სა და Survation-ის მიხედვით იგი დამაჯერებლად ლიდერობს, Edison Research-ისა და, განსაკუთრებით, IPSOS-ის თანახმად, მას გაცილებით ნაკლები მხარდაჭერა აქვს; სამაგიეროდ, ამ გამოკვლევებში უფრო მაღალია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მოკავშირე პარტიების მხარდაჭერა.


ყურადღებას იქცევს ის გარემოებაც, რომ GORBI-ს გამოკითხვასთან შედარებით, IPSOS-ისა და Edison Research-ის გამოკვლევებში საგრძნობლად დაბალია არა მხოლოდ „ქართული ოცნების“, არამედ, ასევე, „პატრიოტთა ალიანსის“ რეიტინგიც, რაც იმით შეიძლება აიხსნას, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მის მხარდამჭერთა რიტორიკაში „პატრიოტთა ალიანსი“ „ქართული ოცნების“ მოკავშირე ძალას წარმოადგენს.


ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გამოკვლევებში ასახული რიცხვები, როგორც წესი, პირდაპირ თუ ირიბად ირეკლავს ცალკეული მედიასაშუალებების დამოკიდებულებას ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის მიმართ.


წინასაარჩევნო პერიოდში გამოკითხვათა ამგვარი მოზღვავება გვახსენებს, რომ პრინციპული არჩევნების წინ განწყობის შექმნას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს როგორც ოპოზიცია, ისე მმართველი გუნდი; მეორე მხრივ, აშკარაა, რომ პოლიტიზებული მედიასოციოლოგიის პირობებშიც კი, ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ ძალად მაინც „ქართული ოცნება“ რჩება.


ამასვე ადასტურებს ჩვენ მიერ განხილულ პერიოდში, კერძოდ 14 სექტემბერს გამოქვეყნებული კიდევ ერთი გამოკვლევის შედეგები. აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული ეს გამოკვლევა არ ყოფილა შეკვეთილი არც ერთი მედიასაშუალების მიერ, მაგრამ მასში საკმაოდ მაღალია ოპოზიციური ჯგუფების მხარდამჭერთა ჯამური რაოდენობა.


დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ქართველ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება წელსაც რადიკალურად პოლარიზებულ მედიაზე და სოციოლოგიაზე დაყრდნობით მოუწევს, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ საქართველოში არ არსებობს არა მხოლოდ პროფესიონალური მედიაგარემო, არამედ, ფაქტობრივად, არც სამეცნიერო მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული სანდო სოციოლოგია.


წინასაარჩევნო მედიასოციოლოგია დიდწილად ასახავს არა არსებულ სინამდვილეს, არამედ გვაწვდის ამა თუ იმ მედიასაშუალების მესვეურთათვის სასურველ პროგნოზებს, რითაც, საბოლოო ანგარიშით, ისევ ამომრჩეველი ზარალდება.




ფოტო astrata.eu

არჩილ სიხარულიძე
  • 6
  • 2514
0 Comments