წითელი ვერსია
  • 3
  • 6515

მედიაკურიოზები 2021

30 დეკემბერი 2021

ამბობენ, რომ ადამიანს შეცდომები აქცევს საინტერესო პიროვნებად. ამ მოსაზრების დამტკიცება შეუძლებელია, მაგრამ ქართულ მედიაში შეცდომები იმდენად ხშირია, რომ შეგვიძლია დავასკვნათ: შეცდომების შედეგად მედია უფრო საინტერესო თუ არა, უფრო სახალისო ნამდვილად ხდება.


ამ მასალაში წარმოგიდგენთ 2021 წელს ქართულ მედიაში დაშვებულ ყველაზე საყურადღებო და შესაძლოა, სახასიათო შეცდომებს, რომლებიც „მედიაკრიტიკამ“ დააფიქსირა.


მაშ ასე - დავიწყოთ ბანალური უყურადღებობით, რაც საკმაოდ ხშირად მიდის კონკრეტული პიროვნების სხვა სახელით მოხსენიებამდე. ამ მხრივ წლის უკონკურენტო ლიდერი პარლამენტის წევრი ალუდა ღუდუშაურია, რომელსაც სხვადასხვა ჟურნალისტი რამდენიმე კვირის განმავლობაში მოიხსენიებდა... ალუდა ქეთელაურად.


ამასთან, რიგ შემთხვევებში შეცდომას არა მხოლოდ თავად ჟურნალისტი, არამედ მისი რესპონდენტიც ვერ ამჩნევდა (ან „არ იმჩნევდა“) და საუბარი ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდებოდა; გამონაკლისი იყო ჩართვა ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში, სადაც ჟურნალისტმა შეცდომით წარმოთქმული „ქეთელაური“ იქვე შეასწორა „ღუდუშაურით“.


აღსანიშნავია, რომ „გვარის შეცვლის“ მსხვერპლი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანიც არაერთხელ გამხდარა. მაგალითისთვის, 2021 წლის არქივიდან შეგვიძლია გავიხსენოთ პირდაპირი ჩართვა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, სადაც ჟურნალისტმა ელჩი რამდენჯერმე მოიხსენია „დეგნარად“.


ალბათ სჯობს უყურადღებობას მივაწეროთ იმგვარი შეცდომებიც, როცა ჟურნალისტს სწორად ახსოვს რესპონდენტის სახელი და გვარი, მაგრამ არ ახსოვს მისი პროფესია ან საქმიანობის სფერო. 2021 წელს ამგვარი შეცდომის საგულისხმო მაგალითი ვიხილეთ ეროვნულ მუზეუმთან გამართული აქციის გაშუქებისას ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.


კერძოდ, აქციიდან პირდაპირი ჩართვისას რეპორტიორმა გვამცნო, რომ აქციაზე შეკრებილნი არიან „საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, მწერლები. აი, მათ შორის გია ბუღაძე“. ამის შემდეგ მან გია ბუღაძეს კომენტარის გაკეთება სთხოვა, თუმცა რესპონდენტმა საუბარი „პატარა კორექტივით“ დაიწყო და ჟურნალისტს შეახსენა, რომ იგი არა მწერალი, არამედ... მხატვარია.


მსგავსი შეცდომები კიდევ უფრო მასშტაბურ ფორმას იძენს გეოგრაფიასთან შეხებისას, სადაც ჟურნალისტებმა შესაძლოა არა მხოლოდ საზღვრები „შეცვალონ“, არამედ მთელი ქვეყანა დედამიწის სხვა რეგიონში „გადაიტანონ“. მაგალითად, იმავე ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა 7 მაისს „საქართველო-ყაზახეთის საზღვართან უსასრულო რიგების“ შესახებ გვაუწყა.


2021 წელს ქართულ მედიას ვერც ისეთი ისტორიული თარიღი „გადაურჩა“, როგორიც ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. კერძოდ, „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა 9 მაისს პირდაპირი ჩართვის დროს ეს დღე „ფაშიზმის გამარჯვების წლისთავად“ წარგვიდგინა და შესაბამისად, მოვლენის არსი საპირისპირო მნიშვნელობით შეცვალა.


საგულისხმოა, რომ ჟურნალისტები შეცდომებს უშვებენ არა მხოლოდ პირდაპირი ჩართვისას, არამედ გადაცემისთვის წინასწარ მომზადებული მასალების სტუდიიდან წარდგენისას და ინფორმაციის ტექსტური ფორმით მოწოდების დროსაც კი.


მაგალითად, 6 ოქტომბერს „იმედის დილის“ წამყვანმა „ნეტფლიქსის“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული სერიალი („კალმარის თამაშები“) მაყურებელს პოპულარულ თამაშად წარუდგინა, ხოლო 6 ივნისს „რუსთავი 2“-ის ვებგვერდზე კაშალოტი (Sperm whale) რატომღაც „ვეშაპის სპერმად“ თარგმნეს და ამგვარი აბსურდული შეცდომის ფორმით აცნობეს მკითხველს იემენელი მეთევზეების მიერ ვეშაპის მუცელში ძვირადღირებული მინერალის პოვნის შესახებ.


მოგვიანებით (სავარაუდოდ, თარგმანის აბსურდულობის გაცნობიერების შემდეგ), ტელეკომპანიის ვებგვერდზე მასალა წაიშალა და ამჟამად აღარ იძებნება, თუმცა მედიასაშუალებას შეცდომასთან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებია.


უცხო ენებიდან თარგმნა არ არის ერთადერთი პრობლემა, რომელიც ქართულ მედიაში შეინიშნება. ჟურნალისტები ზოგჯერ გვაოცებენ თავიანთი ქართულითაც. ამ მხრივ 2021 წელს უდაოდ გამორჩეული იყო ჩართვა „მთავარი არხის“ ეთერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დღეს, სადაც ჟურნალისტმა მაყურებელს პირდაპირ ეთერში აუწყა, რომ „ბიულეტენის ფურცელზე პეჩატი არ არის დასმული“.


და ბოლოს - შეცდომების კონტექსტში 2021 წელს აშკარად უკონკურენტო იყო ტვ „პირველის“ ეთერი, სადაც ჟურნალისტმა ვლადიმირ პოზნერის დაბადების წლად 1905 წელი გამოაცხადა და „მეტი დამაჯერებლობისთვის“ ეს თარიღი ვაჟა-ფშაველას წერილსაც დაუკავშირა, რომელიც მისივე თქმით, ამ წელს დაიწერა.


რეალურად, საქართველოში 2021 წელს იმყოფებოდა 1934 წელს დაბადებული ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი, ხოლო 1905 წელს დაბადებული მწერალი ვლადიმირ პოზნერი უკვე ორ ათეულ წელზე მეტია გარდაცვლილია და ბუნებრივია, 2021 წლის 1 აპრილს თეორიულადაც კი ვერ იქნებოდა რესტორან „ვინოტელში“.


ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ჟურნალისტმა ვლადიმირ პოზნერის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას შეცდომა დაუშვა და ერთმანეთში აერია ზემოხსენებული ორი პიროვნება, თუმცა ამ ეპიზოდში ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტიკის მკვლევარებმა დღემდე ვერ იპოვეს იმ წერილის პირველწყარო, რომელიც ჟურნალისტმა ვაჟას მიერ 1905 წელს დაწერილ მიმართვად წარმოგვიდგინა.



მანანა მჭედლიშვილი
  • 3
  • 6515
0 Comments