წითელი ვერსია
  • 3
  • 1712

მედია, როგორც დაზარალებული მხარე

10 ივლისი 2021

5 ივლისი დრამატული, საგანგაშო დღე გამოდგა ქართული საზოგადოებისთვის და, განსაკუთრებით, მედიისთვის. ამ დღეს დაგეგმილი ლგბტქ მარშის გასაპროტესტებლად გამართულ კონტრაქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს, რის შედეგადაც 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მათ შორის იყვნენ როგორც რეპორტიორები, ისე ფოტოგრაფები და ოპერატორები.


ცხადია, როცა საქმე ძალადობას ეხება, ნებისმიერი მსჯელობის დაწყებამდე უპრიანია, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ერთმანეთს, რომ ძალადობა მიუღებელია, ხოლო დანაშაულს აუცილებლად უნდა მოჰყვეს ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება. ამასთანავე, ნებისმიერ მასობრივ აქტს, გარდა სამართლებრივი შეფასებისა, სჭირდება ანალიტიკური შეფასებაც.


მიუხედავად იმისა, რომ განვლილი რამდენიმე დღის მანძილზე ანალიზის რამდენიმე მცდელობა მოვისმინეთ, მთლიანობაში მაინც ვერც ერთი ვერსია ვერ ხსნის იმას, რატომ იქცნენ მედიის წარმომადგენლები აგრესიის ობიექტებად. ამ მხრივ ყურადსაღებია ისიც, რომ როგორც უშუალოდ აქციის მიმდინარეობისას გაირკვა, ჟურნალისტებზე თავდასხმა მოულოდნელი იყო როგორც სამართალდამცველებისთვის, ისე თავად ჟურნალისტებისთვისაც.


რაც შეეხება შეფასებებს, უკვე მოგვიანებით, მედიასაშუალებების ერთმა ნაწილმა მედიაზე ძალადობის წახალისებასა და ორგანიზებაში ხელისუფლება და საპატრიარქო დაადანაშაულა.


თუ ამ მედიასაშუალებების ლოგიკას გავყვებით, მმართველი გუნდის მიზანი ოპოზიციური მედიის დასჯა იყო, მაგრამ გაუგებარია, რატომ უნდა დაესაჯა ხელისუფლებას, ვთქვათ, ტელეკომპანია „იმედის“ ან თუნდაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები, როცა ეს არხები აშკარად არ გამოირჩევიან ოპოზიციური სარედაქციო პოლიტიკით, ხოლო „იმედის“ შემთხვევაში უფრო ხშირად სრულიად საპირისპირო პრეტენზიებიც კი გვესმის.


აქედან გამომდინარე ფაქტია, რომ ეს „ახსნა“ პროპაგანდა უფროა ვიდრე ობიექტური ანალიზი და კვლავ გვაბრუნებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოლიტიკური დაპირისპირების ჭრილში, რაც მოცემულ შემთხვევაში აშკარად არ ყოფილა მოვლენათა განვითარების განმაპირობებელი ფაქტორი.


მეორე მხრივ, არც უშუალოდ აქციის მონაწილეების, ორგანიზატორებისა თუ მხარდამჭერების კომენტარები იძლევა ობიექტური დასკვნების გაკეთების საშუალებას. მაგალითად, სასულიერო პირებისა და ლგბტქ მარშის სხვა მოწინააღმდეგეებისგან არაერთხელ მოვისმინეთ, რომ პროტესტის მონაწილეთა გაღიზიანება, შესაძლოა, გამოიწვია მედიის მიერ მოვლენების მიკერძოებულად გაშუქებამ და კონტრაქციის მონაწილეთა მიმართ წინასწარვე დაკავებულმა უარყოფითმა პოზიციამ.


თუმცა, ვერც ეს ვერსია პასუხობს კითხვას, რატომ ხდებოდა აგრესიის მსხვერპლი განურჩევლად ყველა მედიის წარმომადგენელი; მათ შორის, არა მხოლოდ რეპორტიორები, არამედ, მაგალითად, ოპერატორები, რომელთა საქმიანობაც ნაკლებად უკავშირდება ამა თუ იმ მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკას.


ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოვლენის შემთხვევაში, ქართული მედიის დიდი ნაწილი ამჯერადაც უაღრესად რადიკალიზებული იყო და ცალკეულ გამოცემებსა თუ ტელევიზიებში ჯერ კიდევ აქციის დაწყებამდე იგრძნობოდა მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება მის მონაწილეთა მიმართ.


ამავე დროს, გვაქვს ისეთი სარედაქციო არჩევანის მაგალითებიც, როცა მედიასაშუალებები ცდილობდნენ, არცერთი მხარის მიმართ არ გამოეხატათ უარყოფითი დამოკიდებულება და ისეთი მაგალითებიც, როცა ესა თუ ის მედიასაშუალება, პირიქით, დაუფარავად უცხადებდა მხარდაჭერას კონტრაქციასა და მის მონაწილეებს. შესაბამისად, ეს ახსნაც საკუთარი პოზიციების დაცვას უფრო ჰგავს და არ გვაძლევს სრული სურათის დანახვის შესაძლებლობას.


დაბოლოს: პრობლემას მეტისმეტად გამარტივებულად წარმოგვიდგენს რამდენიმეჯერ გამოთქმული ვერსია, რომლის თანახმადაც ყველაფერი მხოლოდ ვიწრო ჯგუფის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი აგრესია ან სულაც პროვოკაცია იყო, და მისი მიზანი თავად კონტრაქციისა და მის ორგანიზატორთა დისკრედიტაცია შეიძლებოდა ყოფილიყო; შესაბამისად, ყველაფერი გამოძიებით და სამართლებრივი რეაგირებით უნდა შემოიფარგლოს.


ამ ვერსიით შეიძლება ვცადოთ უშუალოდ აქციის მსვლელობისას მომხდარი მოვლენების ახსნა, მაგრამ იგი ვერ ახსნის ნეგატიურ დამოკიდებულებას მთლიანად მედიის, როგორც ინსტიტუტისადმი, რაც ბოლო რამდენიმე დღეა, საზოგადოების დიდ ნაწილში შეინიშნება.


არადა, ეს რეაქცია, რომელიც ნათლად ადასტურებს ურთიერთგაუცხოებისა და ურთიერთმიუღებლობის არსებობას მასმედიას, საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილსა და ეკლესიას შორის, ისევე საჭიროებს გაანალიზებას, როგორც უშუალოდ აქციაზე მომხდარი ამბები.


დღეს, როცა ჯერ ძალიან ცოტა დროა გასული 5-6 ივლისის მოვლენებიდან, ცხადია, ვერ გვექნება ზუსტი პასუხი ყველა კითხვაზე. მაგრამ პრობლემის ირგვლივ ჯანსაღი დისკუსია და პასუხების მოძებნა აუცილებელია. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ისევ მედიამ უნდა ითამაშოს, რადგან სწორედ მედიას შეუძლია, ხელი შეუწყოს ლგბტქ მარშის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის გამოსავლის ძიებისკენ მიმართული დიალოგის დაწყებას.


აქედან გამომდინარე, ერთადერთი შენიშვნა, რომელიც მედიის მიმართ დღეს შეიძლება გამოვთქვათ, სწორედ ისაა, რომ მიდრეკილება გაშუქების მაქსიმალურად სკანდალური და „სანახაობრივი“ სტილისკენ აშკარად არ უწყობს ხელს დიალოგს და კონტრპროდუქციულია.


ძალიან ზოგადი დასკვნის სახით (და, უმთავრესად, ისევ საზოგადოების რეაქციებზე დაკვირვებით) ასევე შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ჩვენთვის „ტრადიციული“ ორპოლუსიანი მედიასივრცის ნაცვლად, სადაც მედიასაშუალებების უდიდესი ნაწილი გადანაწილებულია მთავარი პოლიტიკური მოთამაშეების ირგვლივ, „ლგბტქ პრაიდის“ თემისა და აქცია-კონტრაქციების გაშუქებისას მთავარი მნიშვნელობა საზოგადოებისთვის შეიძინა არა იმან, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირდება მედიასაშუალება, არამედ იმან, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას, ერთი მხრივ, ლგბტქ მარშის იდეასთან და მეორე მხრივ, საპატრიარქოსთან და სხვა ინსტიტუტებთან, რომლებიც აქტიურად ეწინააღმდეგებიან მარშის ჩატარებას.


ზვიად ავალიანი
  • 3
  • 1712
0 Comments