წითელი ვერსია
  • 1
  • 2682

მედია და განათლება

11 მარტი 2020

ახალი ათასწლეულის დასაწყისში საერთაშორისო თანამეგობრობამ აიღო ვალდებულება, რომ განათლება, განურჩევლად სქესისა, წარმომავლობისა თუ სოციალური კლასისა, ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო ყველასთვის.


სკანდინავიის ქვეყნებში, იქაური კეთილდღეობის სისტემა ამბობს დაახლოებით ასეთ რამეს - ჯანდაცვა და განათლება არ არის პროდუქტი, რომელსაც გინდა შეიძენ, გინდა არა; არამედ ესაა საჯარო სიკეთე, რომელიც უნდა მოიხმაროს ყველამ. ამას აქვს თავისი ფილოსოფიური საფუძვლებიც. საზოგადოება უნდა გავიგოთ არა როგორც მხოლოდ ინდივიდების ჯამი, არამედ რაღაც მთლიანი. ჯერ კიდევ ძველი ბერძნები ამბობდნენ, ნაწილების ჯამი არ უდრის მთელსო;


თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ განათლება და ჯანდაცვა ადამიანის საბაზისო უფლებაა, მაშინ


მედიაც ჩვეულებრივი განათლების ქვედანაყოფი გამოდის, რომელიც ერთი მხრივ, გამტარია ამ განათლების, მეორე მხრივ - მწარმოებელიც.


ასეთ მედიას, ალბათ პირველ რიგში საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა წარმოადგენდეს.


მაგალითად ევროპაში, განსაკუთრებით სკანდინავიურ ქვეყნებში მთავარი მედიასაშუალებები ძირითადად ცენტრში არის თავმოყრილი. ეს ამ ქვეყნებში ძლიერი საზოგადოებრივი მაუწყებლის ინსტიტუტით აიხსნება, რომელსაც ტრადიციულად დიდი აუდიტორია ჰყავს; განსხვავებით იგივე ამერიკული, ან მითუმეტეს სამხრეთევროპული ქვეყნებისა.


ამას შესაძლოა ისტორიული განმაპირობებელი ჰქონდეს. მედიაორგანიზაციები მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან სწორედ პოლიტიკურ ორგანიზაციებში ან მათთან თანამშრომლობით იქმნებოდა და მყარ იდეოლოგიურ საფუძვლებზე იდგა. განსხვავებით თანამედროვე პრესტიჟული და მეინსტრიმ მედიაორგანიზაციებისა, დასაწყისში მრავალი მათგანი ევროპაში დემოკრატიზაციის და სიტყვის თავისუფლების ტალღასთან ერთად გაჩნდა, როგორც ინდივიდის და საზოგადო უფლებებისთვის ბრძოლის პროცესის ნაწილი.


ჩვენთან საზოგადოებრივი მაუწყებელი იგივდებოდა სამთავრობო მაუწყებელთან, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში. ეს მედიის, როგორც საგანმანათლებლო ფუნქციის მქონე მექანიზმის საწინააღმდეგო აქტია. ახლანდელ საზოგადოებრივ მაუწყებელს მოშორდა პოლიტიკური წნეხი, თუმცა ის ბოლომდე ვერ ითავსებს საგანმანათლებლო ფუნქციას.


ეს არცაა გასაკვირი. რთულია ჩვენნაირ ქვეყანაში ასეთი რამის მოთხოვნა, მაშინ როდესაც


ყველაზე გაყიდვადი, ყურებადი და ტრენდული არის გასართობი შოუები, ნიუსები, სადაც ნეგატიური დღის წესრიგი ჭარბობს და ა.შ.


ამ ფუნდამენტური პრობლემის საფუძვლებს ვერც ჩვენს ქვეყანაში მოვძებნით და ვერც რომელიმე კონკრეტულ მედიამაუწყებელში, ეს გლობალური პრობლემაა.


ფრანგი ფილოსოფოსი ალან ბადიუ შენიშნავს ძალიან საინტერესო ასპექტს, რომ გვიანი კაპიტალიზმის პერიოდში პროდუქტის მიღების იდეა დაყვანილია დაკმაყოფილებამდე. ანუ საგნებმა და მოვლენებმა უნდა დაგვაკმაყოფილონ, რაც ნიშნავს იმას, რომ არაფერი ახალი შეგვძინონ, არ ემსახურონ რამე აღმატებულ იდეას, არ იყვნენ თავისთავად მაღალი ღირებულების, - უბრალოდ დაგვაკმაყოფილონ.


როდესაც ბადიუმ ეს დაწერა, იმ დროს არ იყო „ფეისბუკის“ ახალი ალგორითმი, რომელიც გულისხმობს, რომ თანამედროვე ამბის თხრობა - ეს ვიდეოს ენაა და რომ ამბების 70% ვიდეოთი უნდა იყოს მოყოლილი; არ იყო „Buzzfeed” და „Tasty”; არ იყო იუთუბზე ყველაზე პოპულარული მიმართულებები - სადაც უბრალოდ ნაკრებია ყველაზე დამაკმაყოფილებელი კადრების, სიმეტრიები, ჭანჭიკები, შენობების ნგრევა, საჭმლის მომზადების აჩქარებული ვიდეოები და ა.შ. ამ ყველაფრის პოპულარულობას არა რომელიმე მიმართულებისადმი ინტერესი იწვევს, არამედ ზოგადი მიდგომა, რომელიც ყველას ერთი აქვს, - ის აუცილებლად დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს.


ვიზუალურ ანთროპოლოგიაში მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ყოველი ეპოქა აისახებოდა სურათზე, კადრზე და ა.შ. ან პირიქით, ფორმაც ქმნიდა ეპოქებს.


დღევანდელი ეპოქა პოსტმოდერნისტულია - ამ ეტაპზე ხელოვნება შედის სიმულაციურობის ფაზაში. ის უკვე აღარ ასახავს არც ემპირიულ და არც ტრანსცენდენტურ რეალობას, როგორც ამას აკეთებდა მოდერნიზმი.


დღევანდელი მედიამიმართულება და ვიზუალურად დომინანტური ხაზი არა ესთეტიკის დაფუძნებას, არა მნიშვნელოვანის აღწერას, არამედ დაკმაყოფილების იდეას ემსახურება, რაც გვიანი სამომხმარებლო საზოგადოების კულტურული ლოგიკაა. და როგორც შპენგლერი წინასწარმეტყველებს,


ცივილიზაციას მაშინ შეექმნება პრობლემები, როდესაც ვეღარ გაიგებენ მის მიერ შექმნილ დიად ტექსტებს.


ეს კი გლობალური პრობლემაა; უბრალოდ, ყველა ქვეყანას საკუთარი ლოკალური სპეციფიკის შემუშავება მართებს.


მაგალითად, ქართული სპეციფიკა არ ერგება კინოწარმოების დასავლურ სტანდარტს, იმ მარტივი მიზეზით, რომ ჩვენთან პატარა ბაზარია, კინოგაქირავება არ იქნება რენტაბელური; შესაბამისად რთულია გადაიღო ფილმი, რომელიც მოგებას მოგიტანს.


ამ პრინციპით გამოდის, რომ კინო აღარ უნდა გვქონდეს? არა, რა თქმა უნდა. ჩვენ გვჭირდება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კინოინდუსტრია, რომელიც იქნება არა კომერციული, ე.წ. მეინსტრიმული კინოს სენტიმენტებით, არამედ თავისი მკაფიო სათქმელით და მოემსახურება საზოგადოების ინფორმირებას. ანუ, მისით ფულს ვერ ვიშოვით, უბრალოდ მისი მეშვეობით შევიტანთ განათლებას, რომელიც შემდეგ გვაშოვნინებს ფულს.


დაახლოებით ასე უნდა მოეწყოს მედია, განსაკუთრებით საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც დაფუძნებული იქნება არა მოგებაზე, არა პოლიტიკურ სათქმელზე, არამედ დამოუკიდებლად განათლებაზე, რომელიც დაფინანსებით უნდა განხორციელდეს და რაღა თქმა უნდა, აქაც სახელმწიფოს უნდა მივადგეთ კარზე.


განათლების უფლება ადამიანის კონსტიტუციით მინიჭებული ერთერთი ფუნდამენტური სოციალური უფლებაა, რომელიც ქმნის როგორც ინდივიდუალური, ასევე მთლიანად საზოგადოების განვითარების წინაპირობებს.



გური სულთანიშვილი
  • 1
  • 2682
0 Comments