წითელი ვერსია
  • შესვლა
  • ავტორიზაცია
დარეგისტრირდით ჩვენს პლატფორმაზე Facebook-ით ან Google-ით
  • 1
  • 2231

მედია, ანტისემიტიზმი და ძალადობის წახალისება

02 თებერვალი 2026

ალბათ ხშირად გვსმენია, რომ ისტორია ზუსტი მეცნიერება არ არის; შესაბამისად, თითქოს ყველას აქვს უფლება, მედიის საშუალებით შემოგვთავაზოს ისტორიული პროცესების ორიგინალური ინტერპრეტაცია და კითხვები დასვას წარსულის ოფიციალურ ვერსიაზე, თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც...


2004 წლის 24 აპრილს რუსეთის ფედერაციის ნოვგოროდის მხარის სასამართლომ 10 000 რუბლით (იმდროინდელი კურსით - დაახლ. 300 ევრო) დააჯარიმა ადგილობრივი საინფორმაციო ბიულეტენის რედაქტორი პაველ ივანოვი (Павел Петрович Иванов) და დამნაშავედ ცნო იგი რასობრივი, ნაციონალური და რელიგიური ნიშნით სიძულვილის გაღვივებაში.


პაველ ივანოვი ქალაქ ნოვგოროდში 2000 წლიდან გამოსცემდა გაზეთს „რუსული ვეჩე“ (Русское вече). ამ გაზეთის ფურცლებზე ივანოვი რუსეთის ყველა პრობლემის სათავედ ებრაელებს წარმოაჩენდა და თანამემამულეებს მოუწოდებდა ებრაული წარმოშობის მოქალაქეების განდევნისკენ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან.


სხვა სიტყვებით - ივანოვი გაზეთის მკითხველებს, ერთი მხრივ, სთავაზობდა ისტორიის ალტერნატიულ ინტერპრეტაციას, რაც შეიძლება შევაფასოთ როგორც შეთქმულების თეორია, ხოლო, მეორე მხრივ, ამ ინტერპრეტაციას ებრაული თემის მიმართ სიძულვილის გაღვივების საფუძვლად იყენებდა.


ივანოვი არ დაეთანხმა ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილებას და 2004 წლის აგვისტოში ნოვგოროდში გამოცხადებული ვერდიქტი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა.


სტრასბურგმა იხელმძღვანელა რა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და კერძოდ, კონვენციის იმ ნაწილით, სადაც მკაფიოდ არის მითითებული, რომ დაუშვებელია კონვენციით გარანტირებული უფლებების (მათ შორის, გამოხატვის უფლების) გამოყენება კონვენციის ღირებულებების წინააღმდეგ, დაუშვებლად მიიჩნია ივანოვის საჩივარი.


საქმე „ივანოვი რუსეთის წინააღმდეგ“ ნათლად გვაჩვენებს, რომ გამოხატვის თავისუფლება ზოგჯერ შესაძლოა, ბოროტად იქნას გამოყენებული სიძულვილის გაღვივების მიზნით და ასეთ დროს მედიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, რათა სიტყვის თავისუფლების ლოზუნგით არ დაუშვას კონკრეტული რასის, ეთნიკური ჯგუფის თუ რომელიმე რელიგიური კონფესიის მიმდევართა დისკრიმინაცია.


აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში არაერთი მაგალითი შეგვიძლია ვიპოვოთ, როცა სასამართლოს მოუწია გამოხატვის თავისუფლებით შენიღბულ ანტისემიტიზმთან (ებრაელების სიძულვილთან) შეხება და ყველა შემთხვევაში ეს სიძულვილი შენიღბული იყო ისტორიის ალტერნატიული ინტერპრეტაციის ფორმით;


აქედან გამომდინარე ისეთი უტყუარი და დადასტურებული ფაქტების უარყოფა ან ეჭვქვეშ დაყენება, როგორიცაა, მაგალითად, ჰოლოკოსტი, სტრასბურგის მიერ დღეს უკვე თავისთავად ფასდება, როგორც ანტისემიტიზმი მიუხედავად იმისა, გამოხატავს თუ არა სიძულვილს ავტორი.


განვიხილოთ ეთნიკური ნიშნით სიძულვილის გაღვივების კიდევ ერთი შემთხვევა, სადაც საქმე თურქულ და ქურთულ ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირების პროვოცირებას ეხება და რომელიც ასევე სტრასბურგის განსახილველი გახდა.


1992 წლის აგვისტოში სტამბულის ერთ-ერთმა ყოველკვირეულმა გამოცემამ „ნამდვილი ახალი ამბები და კომენტარები“ (Haberde Yorumda Gerçek) გამოაქვეყნა მკითხველთა წერილები, რომლებშიც თურქეთის არმიას ეთნიკური ნიშნით ქურთების მასობრივ მკვლელობაში ადანაშაულებდნენ.


ამასთან, ერთ-ერთი წერილი იძლეოდა კონკრეტული პირების დადგენის საშუალებას, ვისაც უმძიმეს ბრალდებას უყენებდნენ და ქმნიდა შურიძიების და ეთნიკური დაპირისპირების საფუძველს.


ამ ფონზე სტამბულის სასამართლომ დამნაშავედ ცნო გამოცემის მფლობელი კომპანიის მთავარი მეწილე ქამალ შურექი (Kamil Tekin Sürek) და გამოცემის მთავარი რედაქტორი ხალხებს შორის სიძულვილის გაღვივებასა და სახელმწიფოს ერთიანობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში.


შურექი აცხადებდა, რომ თურქეთის სახელმწიფოში მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-6 (სამართლიანი სასამართლო პროცესი) და მე-10 მუხლები (გამოხატვის თავისუფლება).


ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ სტრასბურგი მივიდა დასკვნამდე, რომ შურექის მიმართ ნამდვილად დაირღვა სასამართლო-პროცედურული ნორმები, თუმცა საჩივრის მეორე ნაწილში (გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ თურქულ სასამართლოს საკმარისი საფუძველი ჰქონდა იმისთვის, რომ ჩარეულიყო და შეეზღუდა რედაქციის გამოხატვის თავისუფლება.


ანუ შურექისა და მისი გაზეთის მიმართ კონვენციის მე-10 მუხლი არ დარღვეულა.


აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების არგუმენტაციაში სტრასბურგი უთითებს ციტატებს გაზეთში გამოქვეყნებული წერილებიდან, რომლებიც მიმართულია თურქეთის არმიის სტიგმატიზებისა და ზოგადად თურქების, როგორც ეთნიკური ჯგუფის მიმართ შურისძიების წახალისებისკენ.


მაგალითად, წერილებში იყო ისეთი ფრაზები, როგორიცაა „ფაშისტური თურქული ჯარი“, „მკვლელების ბანდა“, „იმპერიალიზმის დაქირავებული ქილერები“ და ა. შ.


სტრასბურგის განმარტებით, რედაქცია პასუხისმგებელია მედიასაშუალებით გავრცელებულ სიტყვებზე, მიუხედავად იმისა, არის თუ არა კონკრეტული მასალა უშუალოდ რედაქციის მიერ მომზადებული და რედაქცია ასევე ვალდებულია განსაზღვროს მედიასაშუალების ზოგადი პოლიტიკა, რომელიც გამორიცხავს რასობრივი, ნაციონალური და რელიგიური ნიშნით სიძულვილის გაღვივებას.


მედიაკრიტიკა
  • 1
  • 2231
0 Comments