წითელი ვერსია
  • 3
  • 2717

მასკის და მედიის ომი „ტვიტერში“

18 აპრილი 2023

ახალი მფლობელი - ახალი წესები. ილონ მასკის გადაწყვეტილებით, სოციალური ქსელის Twitter-ის ანგარიშების ვერიფიკაციის ნიშანი ფასიანი გახდა. მომხმარებლებს თავისი გვერდების ავთენტურობის დამადასტურებელი ლურჯი ნიშნის შესანარჩუნებლად ყოველთვიური საფასურის გადახდა მოუწევთ.


მრავალი წლის განმავლობაში Twitter-ის გვერდების სახელწოდებებთან პატარა ლურჯი ნიშანი იყო მიმაგრებული - ნდობის ერთგვარი ინდიკატორი. სწორედ ვერიფიკაციის ეს ნიშანი გასაზღვრავდა - გვერდი ავთენტური იყო თუ ყალბი.


2022 წლის დეკემბრიდან Twitter-ის ახალმა მფლობელმა ილონ მასკმა გვერდების ვერიფიკაციის ახალი ფერადი სისტემა აამოქმედა.


განახლებული სისტემით, ოქროსფერი ნიშნით კომპანიები ისარგებლებდნენ, ნაცრისფერით - სამთავრობო გვერდები, ძველი ლურჯი ნიშანი კი კერძო პირებისთვის იქნებოდა.


2023 წლის მარტის ბოლოს კი კომპანიამ განაცხადა, რომ აპრილიდან ვერიფიკაციის ლურჯი ნიშანი ჩამოერთმეოდა იმ გვერდებს, რომლებიც არ იქნებიან Twitter Blue-ს ხელმომწერები. ეს კი კერძო პირებისთვის ყოველთვიურად 8 დოლარი ღირს. განსხვავებული ტარიფი მოქმედებს ბიზნეს-ორგანიზაციებისთვის.


მომხმარებელთა ნაწილმა Twitter-ის ეს გადაწყვეტილება საპირველაპრილო ხუმრობას შეადარა. რამდენიმე კომპანიამ და ცნობილმა ადამიანებმა ვერიფიკაციის თანხის გადახდაზე უარი თქვეს. ვერიფიკაციის ნიშნის გარდა, Twitter Blue-ს გამომწერებს „ტვიტებში“ გაცილებით მეტი სიმბოლოს გამოყენება შეეძლებათ და აქამდე დაშვებული 240 სიმბოლოდან ლიმიტი 10 ათასამდე გაეზრდებათ.


ფასიანი სერვისის ამოქმედების პირველი „მსხვერპლი“ ამერიკული გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსი“ აღმოჩნდა, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ ვერიფიკაციის საფასურს არ გადაიხდიდა.


აპრილიდან გაზეთის Twitter-ის გვერდზე ვერიფიკაციის ლურჯი ნიშანი გაქრა. ამას მოჰყვა ილონ მასკის მიერ „ნიუ-იორკ თაიმსის“ შესახებ კრიტიკული „ტვიტების“ სერია, სადაც ის გამოცემის მუშაობას უინტერესოს და პროპაგადისტულს უწოდებდა.


“ნიუ-იორკ თაიმსის“ რეალური ტრაგედია ის არის, რომ მათი პროპაგანდა საინტერესოც კი არ არის “, - დაწერა მასკმა.


მართალია, „ნიუ-იორკ თაიმსის“ მთავარმა გვერდმა Twitter-ში ლურჯი ნიშანი დაკარგა, თუმცა გამოცემის სხვა გვერდებმა, რომლებიც სხვადასხვა რუბრიკებს ეძღვნება, ვერიფიკაცია შეინარჩუნეს.


ამასთანავე, გაუგებარი დარჩა, რატომ არ აქვს გამოცემას ოქროსფერი ნიშანი - ახალი ფერადი სისტემის შესაბამისად, როგორც ეს მაგალითად, „ვაშინგტონ პოსტის“ ან „ასოშიეიტედ პრესის“ გვერდებს აქვთ.


ვერიფიკაციის ნიშნის დაკარგვის შემდეგ „ნიუ-იორკ თაიმსი“ საკუთარ პოზიციაზე რჩება - რედაქციაში განაცხადეს, რომ ვერიფიკაციის სანაცვლოდ ფულს არ გადაიხდიან.


მთავარი პრობლემა, რაც ილონ მასკის მიერ ვერიფიკაციის სისტემის შეცვლამ გამოიწვია, - ნდობაა. სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილი შიშობს, რომ გართულდება ნამდვილი ანგარიშების ყალბისგან გარჩევა.


Twitter-მა ვერიფიკაციის ცნობილი ლურჯი ნიშანი 2009 წელს აამოქმედა მას შემდეგ, რაც პლატფორმა გააკრიტიკა რეპერმა კანიე უესტმა, ხოლო ამერიკელმა სპორტსმენმა ტონი ლა რუსამ სასამართლოს მიმართა იმიტატორების მიერ შექმნილი ყალბი ანგარიშების გამო.


ანგარიშის სახელთან მიმაგრებული პატარა ლურჯი ნიშანი აღნიშნავდა, რომ გვერდი შემოწმებულია და მისი ავთენტურობა - დადასტურებული.


ამათან, „ნიუ-იორკ თაიმსი“ ერთადერთი გამოცემა არ არის, რომელთანაც Twitter-ს პრობლემები აქვს.


გასულ კვირაში PBS-მა და NPR-მა შეწყვიტეს სოციალური ქსელის გამოყენება მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციამ ამ ორ მაუწყებელს „სახელმწიფო მედიის“ აღმნიშვნელი სტატუსი მიანიჭა. ანალოგიური სტატუსით Twitter-ში ჩინეთისა და რუსეთის პროპაგანდისტული მედიასაშუალებებია მარკირებული.


ამას ამერიკული მაუწყებლების პროტესტი მოჰყვა. მოგვიანებით Twitter-მა აღნიშვნა შეცვალა როგორც „მთავრობის მიერ დაფინანსებული მედია“, თუმცა მაუწყებლები ამ განსაზღვრებას არაზუსტს და შეცდომაში შემყვანს უწოდებენ. NPR აღიშნავს, რომ ის წლიური ბიუჯეტის 1 პროცენტზე ნაკლებს იღებს ფედერალური მთავრობისგან.


„მთავრობის მიერ დაფინანსებულ მედიასაშუალებად“ არის წარმოდგენილი Twitter-ში „ამერიკის ხმაც“.


საჯარო პროტესტი გამოთქვა სამაუწყებლო კომპანია BBC-მ, რომელიც მთავრობის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალების სტატუსით იყო მარკირებული.


„BBC არის და ყოველთვის იყო დამოუკიდებელი. ჩვენ დაფინანსებული ვართ ბრიტანეთის საზოგადოების მიერ სალიცენზიო მოსაკრებლის გზით“, - აღნიშნული იყო განცხადებაში.


მოგვიანებით, BBC-სთან ინტერვიუში ილონ მასკი მაუწყებელს დაპირდა, რომ მის ანგარიშზე წარწერას „მთავრობის მიერ დაფინანსებული მედია“ შეცვლიდა წარწერით „საზოგადოების დაფინანსებული“ და ეს დაპირება შეასრულა.


ამავე ინტერვიუში მასკმა თქვა, რომ Twitter-ის მართვა რთულია და მზად არის გაყიდოს კომპანია, თუ მყიდველი გამოჩნდება.


ქეთი ჩოხელი
  • 3
  • 2717
0 Comments