წითელი ვერსია
  • 20
  • 3410

მარადიული რესპონდენტები

25 თებერვალი 2020

ვინ გახსენდებათ სიტყვებზე „მარადიული რესპონდენტი“? ალბათ, გუბაზ სანიკიძე, შალვა ნათელაშვილი, და სხვებიც. მარადიულ რესპონდენტებს ერთი რამ აერთიანებთ - ისინი არასოდეს საუბრობენ მაგალითად, ეკონომიკაზე ან ჯანდაცვის სისტემაზე, ანუ იმაზე, რისგანაც შედგება პოლიტიკა. მხოლოდ ილანძღებიან.


ბოდრიარი ამბობს, რომ „მასკომუნიკაცია, ერთგვარი ცალმხრივი კომუნიკაციაა“, რაც თავისთავში ნიშნავს, რომ ის აკომუნიკაციაა – ის სხვაა, ვიდრე კომუნიკაცია; ინფორმაციის მიმღები ინფორმაციაზე ვერ რეაგირებს როგორც რაციონალური სუბიექტი, რადგან ის ჭარბი ინფორმაციითაა გაბრუებული.


პრობლემა იქ ჩნდება, რომ თუ დასავლეთში, ამ აკომუნიკაციის, ცალმხრივობის სათავეში საკულტო ფიგურები, მონუმენტური მნიშვნელობის მოაზროვნეები არიან, ჩვენთან ამ ისედაც პრობლემურ აქტს ახორციელებს გუბაზ სანიკიძე, შალვა ნათელაშვილი და სხვა ე.წ. „მარადიული რესპონდენტები“, რომლებსაც მოლა ნასრედინივით ნებისმიერ თემაზე შეუძლიათ საუბარი (უფრო ზუსტად კი, ლანძღვა).


ამას შეგვიძლია დავარქვათ, რომ ამ ტელევიზიებს მოსახლეობა მძევლად ჰყავს აყვანილი - ერთი მხრივ, ძველი სახეების კვლავწარმოებით, მეორე მხრივ კი ასეთი გარემო ბლოკავს ახალი სახეების, ახალი ექსპერტების გამოჩენას. აქედან იქმნება მოჯადოებული წრის პრინციპიც.


ამ ყველაფერს ემატება ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებული მედიასაშუალებები არათუ ეძებენ ახალ სახეებს, არამედ პირიქით; და ამის მიზეზი არის თავად პოლიტიკურ ძალებში.


ყოფილი მმართველი ძალა, ახლა კი ოპოზიციაში მყოფი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც მაშინაც და ახლაც ფლობს მედიარესურსებს და საკუთარი თავის აქტუალიზებას ზუსტად მედიით ახდენს, 2012 წლის შემდეგ საკუთარ ყოფილ ჩინოვნიკებს ასაღებს დარგის ექსპერტებად.


მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი თამარ კინწურაშვილი შემდგომში უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას მოადგილე, მანამდე კი მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იყო. სწორედ კინწურაშვილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა ფილმი „7 ნოემბრის“ შესახებ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით იყო გადაღებული და რომელშიც პირდაპირ ჩანდა, თითქოს ნოემბერში გამართული საპროტესტო აქციები რუსეთის მიერ მხარდაჭერილი შეთქმულების ნაწილი იყო. შემდგომ კინწურაშვილმა მისი ეს ნაბიჯი (ეთერში ფილმის გაშვება) - „შეცდომად“ შეაფასა.


იმ პერიოდის პირველი არხი იყო სახელმძღვანელო იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ეს იყო მმართველი ძალის დანაშაულებრივი ქმედებების დადებითად გამშუქებელი არხი, დაკომპლექტებული მხოლოდ „გამპრავებლებით“.


ფუნდამენტური პრობლემა ისაა, რომ ახლა თამარ კინწურაშვილი მედიაექსპერტია და საუბრობს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს მედია, რა სტანდარტები და ეთიკური რეგულაციებია საჭირო. ის „მედიის განვითარების ფონდის“ დირექტორია, რომელსაც ეკუთვნის მაგალითად, ფაქტების გადამოწმების პროექტი „მითების დეტექტორი“.


აგრეთვე, ბათუ ქუთელია, რომელიც 2007-2008 წლებში თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, 2006-2007 წლებში კი თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილე იყო. ის უსაფრთხოების საკითხებშია ექსპერტი.


ნოდარ ხარშილაძე, რომელიც 2009-2012 წლებში თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, 2012 წელს კი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, ჯერ „რუსთავი2“-ის და ახლა უკვე „მთავარი არხის“ შეუცვლელი ექსპერტია.


სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება - გია ნოდია, თინა ბურჯალიანი და ნონა წოწორია..


ესაა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდის მაღალჩინოსნები, რომლებმაც არასამთავრობო სექტორში გადაინაცვლეს და „მარადიულ რესპონდენტებად“ გვევლინებიან.


გური სულთანიშვილი
  • 20
  • 3410
1 Comments

შორენა გოგიჩაიშვილი

უნდა გავაზიარო <3 ეს მედიაპლატფორმა ჩემი პლანეტაა, აშკარად!