წითელი ვერსია
  • 3
  • 2959

კვლავაც „აუდიენციის“ გამო

03 ივნისი 2023

ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!

(ნაწილი XXXIII)



ერთ ადრინდელ ბლოგში (18 ივლისი 2021) იმის თაობაზე ვისაუბრეთ, რომ მასმედიაში სიტყვა „აუდიენცია“ უმეტესად არასწორად გამოიყენებოდა. სამწუხაროდ, ეს ვითარება დღემდე უცვლელია.


რა გახდა ამ ერთ-ერთი ხშირადხმარებული უცხო სიტყვის მნიშვნელობის დასწავლა და მერე მისი სათანადო დანიშნულებით „მოხმარება“!


მიუძღვის თუ არა ამაში ბრალი ლექსიკონებს – ჩვენსას თუ უცხოურს? ნაწილობრივ ჰო, ვინაიდან, მაგალითად, ქართული ენის განმარტებითსა და მის ბაზაზე შექმნილ სხვა ლექსიკონებში ლათინურიდან მომდინარე ამ უცხო სიტყვის სრული მნიშვნელობა მკაფიოდ არ ჩანს, თუმცა განმარტება არასწორიაო, ვერ ვიტყვით.


კერძოდ, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის როგორც ადრინდელი (1950 წ.), ისე უახლესი (2008 წ.) გამოცემები ამგვარი სიტყვარებისთვის დამახასიათებელი ლაკონიურობით გვაუწყებენ, რომ აუდიენცია არის „ოფიციალური მიღება მაღალი თანამდებობის პირის მიერ“.


დაახლოებით ასეთივე ვითარებაა უცხოურ ლექსიკონებშიც. რაკი აქ „მაღალი თანამდებობის პირი“ და „მიღება“ წერია, შეიძლება მივხვდეთ, რომ ეს ვერ იქნება ვერც თანაბარი და ვერც დაახლოებით თანაბარი რანგის თანამდებობის პირთა შეხვედრა.


მეტი სიცხადეა „ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში“, სადაც ვკითხულობთ:


აუდიენცია (ლათ. Audientia – მოსმენა). ოფიციალური მიღება სახელმწიფოს მეთაურის ან სხვა მაღალი თანამდებობის პირის მიერ. საერთაშორისო სამართალის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურს უფლება აქვს მოითხოვოს აუდიენცია სახელმწიფოს თუ მთავრობის მეთაურთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან“.


აქედან აშკარაა, რომ აუდიენცია რანგით განსხვავებულ პირთა საქმიანი შეხვედრაა. თანაც აუდიენციას რანგით დაბალი პირი მოითხოვს რანგით მაღალი თანამდებობის პირისაგან, რასაც ეს მაღალი თანამდებობის პირი (ჩვეულებრივ, სახელმწიფოს, მთავრობის ან საეკლესიო იერარქიის უმაღლესი წარმომადგენელი) ან დათანხმდება, ან არა.


უფრო ნათლად არის ეს სიტყვა განმარტებული გერმანულ ენციკლოპედიაში:


აუდიენცია: [...] პიროვნული „მოსმენა“, ანუ ვიზიტი [იერარქიის] მკაფიოდ (deutlich) უფრო მაღალ საფეხურზე მყოფ პერსონასთან“.


მოკლედ, ფიგურალურად რომ ვთქვათ, აუდიენცია ქვემოდან ზემოთ მიმართული „მოძრაობაა“.


ახლა ეს ინფორმაცია წავიკითხოთ:


„შეხვდება თუ არა ღარიბაშვილი ზელენსკის? – უკრაინის პრეზიდენტი ევროპის პოლიტიკურ სამიტს ესწრება. ამავე ღონისძიებაზე იმყოფება საქართველოს პრემიერ მინისტრიც. ზელენსკიმ დააანონსა, რომ ექნება ორმხრივი შეხვედრები. ახლა მთავარი კითხვაა, გაიმართება თუ არა ღარიბაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის პირისპირ აუდიენცია“.


რაკი აქ დასახელებულ პირთ თავ-თავიანთ ქვეყნებში უმაღლესი სახელისუფლო პოსტები უკავიათ, ამიტომ მათ შეხვედრას აუდიენცია ვერ დაერქმევა (მით უმეტეს, რომ ორივენი იმ დროს უცხოეთში იმყოფებოდნენ).


იგივე ვითარებაა აქაც:


„პრემიერ-მინისტრმა გაეროში აუდიენცია თურქეთის პრეზიდენტთან გამართა“.


და აქაც:


„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს შეხვდა. შეხვედრა არაფორმალური ხასიათის იყო. რუსული სამთავრობო მედიის, TACC-ის ცნობით, აუდიენციის დასაწყისში პუტინმა ძინპინს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე მესამე ვადით არჩევა მიულოცა“.


ორი ქვეყნის პრეზიდენტები ხვდებიან ერთმანეთს, ამიტომ ეს სწორედაც რომ შეხვედრაა და არა აუდიენცია. მით უფრო, რომ შეხვედრა არაოფიციალური ყოფილა, აუდიენცია კი, როგორც უკვე ითქვა, ოფიციალური ვიზიტია.


ახლა ეს წავიკითხოთ:


„საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს. აუდიენცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში მიმდინარეობს“.


საქართველოში სტუმრად მყოფი უცხოელი პოლიტიკოსის შეხვედრას მასპინძელი ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებთან, თანაც ამ ორგანიზაციის ოფისში, აუდიენცია ვერანაირად ვერ დაერქმევა.


აი აქ კი ეს უცხო სიტყვა სავსებით მართებულად ზის:


„29 სექტემბერს ვატიკანში, რომის პაპთან პოეტ დათო მაღრაძის აუდიენცია შედგა“.


P. S.

მოდი, იოსებ იმედაშვილის (მრავალმხრივი მოღვაწის: მწერლის, ჟურნალისტის, ლექსიკოგრაფის...) „უცხო სიტყვათა ლექსიკონსაც“ ჩავხედავ-მეთქი, ვიფიქრე, როცა ბლოგზე მუშაობას მოვრჩი (მისი ლექსიკონის მესამე გამოცემა მაქვს, 1928 წლისა, ბუკინისტურ მაღაზიაში შეძენილი ოდესღაც), და იქ აღმოვაჩინე ამ უცხო სიტყვის ბევრად სრულყოფილი განმარტება!


აი ნახეთ:


აუდიენცია, ლათ., მეფის ან წარჩინებული პირის მიერ მიღება უცხო სახელმწიფოთა წარმომადგენლების, მოხელეების ან კერძო პირების“.


შლა წიგნების მიყვარს ძველის“ (გალაკტიონი).


ლევან ბრეგაძე
  • 3
  • 2959
0 Comments