წითელი ვერსია
  • 8
  • 9533

ყვითელი პრესის „დიაგნოზი“

25 მარტი 2024

შეიძლება თუ არა, მედია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საბაბით, ისე შეეხოს ადამიანის პირად ცხოვრებას, რომ მძიმე დეპრესიამდე ან სიკვდილამდეც კი მიიყვანოს?


პროფესიული და ზოგადად, ადამიანური ეთიკის ნორმების თანახმად, არ შეიძლება.


მაგრამ მედია, სამწუხაროდ, ხშირად აბიჯებს ამ ზღვარს, რაც არაერთი ადამიანური ტრაგედიის მიზეზი გამხდარა.


ამასთან, პირადი ცხოვრების მიმართ „ზღვარგადასულ ცნობისმოყვარეობასა“ და საზოგადოებრივი ინტერესით მანიპულირებაში შემჩნეულია არა მხოლოდ ე. წ. „ყვითელი პრესა“, არამედ მაღალ პროფესიულ სტანდარტებსა და სოლიდურ რეპუტაციაზე პრეტენზიის მქონე მედიასაშუალებებიც.


საქართველოსთვის ეს თემა უცხო არ არის: - პოლიტიკურად პოლარიზებული ქართველი ჟურნალისტების პრაქტიკაში ხშირია „მოწინააღმდეგე ბანაკის წარმომადგენელთა“ პირად ცხოვრებაში უხეში შეჭრა, ადევნება, ე. წ. „სახლში მივარდნა“, ნათესავებისა და ოჯახის წევრების ბულინგი და ა.შ.


აღარაფერს ვამბობთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებაზე, რაც, სამწუხაროდ, თითქოს სიტყვის თავისუფლების განუყოფელ ნაწილადაც კი აღიქმება და ამის გამო ბოდიშსაც იშვიათად იხდიან.


ამგვარი არაჯანსაღი და არაკეთილსინდისიერი ინტერესის ობიექტები, როგორც წესი, პოლიტიკოსები და სხვა „ცნობადი სახეები“ ხდებიან ხოლმე.


მოდით, ერთ-ერთი, საერთაშორისო მასშტაბით გახმაურებული ისტორიის მაგალითზე ვნახოთ, რა შეიძლება გამოიწვიოს ასეთმა არაეთიკურმა დამოკიდებულებამ ადამიანის პირადი ცხოვრების მიმართ.


22 მარტს, უელსის პრინცესამ (ანუ, ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის - პრინც უილიამის მეუღლემ) ქეით მიდლტონმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, სადაც აცხადებს, რომ სიმსივნეს ებრძვის და მოცემულ მომენტში ქიმიოთერაპიის კურსს იტარებს.


ამ მიმართვაში, ალბათ, არაფერი იქნებოდა სკანდალური, რომ არა ის საინფორმაციო ფონი, რის გამოც პრინცესა, დიდი ალბათობით, უბრალოდ, იძულებული გახდა, გამოჩენილიყო საზოგადოების წინაშე და ღიად ესაუბრა იმაზე, რაზეც საჯაროდ საუბარი მისთვის, სავარაუდოდ, ძალიან მძიმეა.


რამდენად მტკივნეული იყო მიდლტონისთვის ამ ვიდეომიმართვის ჩაწერა, კარგად იგრძნობა თუნდაც მისი საუბრიდან;


თუმცა, ასეც რომ არ იყოს, ფაქტია, რომ თუ მას საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გამოტანა სურდა, ამას მანამდეც გააკეთებდა, მაგრამ მედიამ სხვა არჩევანი უბრალოდ აღარ დაუტოვა.


როგორ?


როგორ და აი, ასე: 16 იანვრიდან მოყოლებული, ანუ, მას შემდეგ, რაც უელსის პრინცესას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და სამეფო ოჯახმა განაცხადა, რომ რეაბილიტაციის პროცესის გამო ქეითი აღდგომამდე საჯაროდ აღარ გამოჩნდებოდა, მედიაში უამრავი ჭორი თუ დაუდასტურებელი ინფორმაცია გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ „გაქრა“ „სინამდვილეში“ პრინცესა და რას მოასწავებდა მისი „იდუმალი გაუჩინარება“.


პრინციპში, უამრავი მხოლოდ ტირაჟი იყო... შინაარსი კი, ქეითის და უილიამის პირად ცხოვრებას უკავშირდებოდა...


უფრო კონკრეტულად: ტაბლოიდები გამუდმებით წერდნენ იმის შესახებ, რომ მათ შორის დაძაბული ურთიერთობაა და ამის მიზეზი უილიამის „გვერდითი რომანია“...


ასახელებდნენ კონკრეტულ სახელსაც: ლედი როუზ ჰანბერის, იგივე მარკიზა ჩოლმონდელის...


თანაც, ამას აკეთებდნენ იმისდა მიუხედავად, რომ უილიამმა და ქეითმა არაერთხელ უარყვეს გავრცელებული ჭორები გვერდითი რომანების და ზოგადად, ქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.


განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამას აკეთებდა არა მხოლოდ „ყვითელი პრესა“, არამედ ფაქტობრივად ყველა „კალიბრის“ გამოცემა თუ ტელევიზია, ამერიკული CBS-ის ჩათვლით.


როგორც ვარაუდობენ, სწორედ CBS-ის ეთერში გასული იუმორისტული თოქ-შოუ გახდა „ბოლო წვეთი“ ქეით მიდლტონისთვის, როცა მისმა წამყვანმა სტივენ კოლბერტმა ამჯერად უკვე ცინიკურ კონტექსტში „გადაამუშავა“ ტაბლოიდების მიერ გავრცელებული ყველა ჭორი თუ ყურმოკრული ამბავი უილიამისა და ქეითის შესახებ.


საკუთარი დიაგნოზისა და გაუჩინარების მიზეზის საჯაროდ გამოცხადებით, ქეით მიდლტონმა ამჯერად, წერტილი დაუსვა საინფორმაციო ბულინგს მისი პიროვნების და ოჯახის მიმართ; თუმცა, როგორ აისახება ასეთი სტრესი ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ეს „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დამაკმაყოფილებელ“ მედიას, ბუნებრივია, არ აინტერესებს.


აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ უელსის კიდევ ერთი პრინცესა, რომელიც ირიბი და, შესაძლოა, პირდაპირი მნიშვნელობითაც კი, ყვითელი პრესის არაჯანსაღ ინტერესს შეეწირა.


1997 წლის 31 აგვისტოს, პარიზში, ავტოკატასტროფაში დაიღუპა ტახტის ამჟამინდელი მემკვიდრისა და დღეს უკვე ბრიტანეთის მონარქის, ჩარლზის პირველი მეუღლე - დიანა სპენსერი. ავარიის ოფიციალურ მიზეზად ალკოჰოლის გარკვეული დოზის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბება დასახელდა;


თუმცა, რატომ მიქროდა დაშვებულზე მაღალი სიჩქარით უსაფრთხოების გამოცდილი სპეციალისტი ანრი პოლი, რომელსაც გვერდით ასევე პირადი დაცვის სამსახურის თანამშრომელი ეჯდა, დღემდე გაურკვეველია.


ყველაზე დამაჯერებლად ის ვერსია გამოიყურება, რომ ავტომობილში მყოფი პირები „სკანდალისტ ფოტორეპორტიორებს“ ანუ „პაპარაცებს“ გაურბოდნენ.


პაპარაცებს, ანუ მედიას, რომელმაც „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილების“ მოტივით, ფაქტობრივად, პირადი ცხოვრების უფლება წაართვა დიანა სპენსერს და ის სიცოცხლეშივე აქცია ტაბლოიდების სამიზნედ.


ფოტო: npr.org

ზვიად ლიპარტელიანი
  • 8
  • 9533
0 Comments