წითელი ვერსია
  • 9
  • 21102

ყველა გმირს სჭირდება კარგი მრჩეველი ( IV )

18 იანვარი 2020

მაშ ასე, ჩვენი გმირი მოქმედებას იწყებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გმირი აჟიტირებულია, გაბრაზებულია, თავის თავს არ ჰგავს... ასეთ დროს კი, დამეთანხმებით, ძნელია სწორი გადაწყვეტილების მიღება.


გმირს მრჩეველი სჭირდება, ვისაც იგი უყვარს, ვისთვისაც მისი სიცოცხლე სულერთი არ არის.


ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც საჭიროა ბრძნული რჩევა. მრჩეველი დიდი პატივისცემით და ავტორიტეტით უნდა სარგებლობდეს. მიუხედავად იმისა, დაუჯერებენ თუ არა მას. ნაწარმოებში ეს დასაწყისში ხდება, რადგან რჩევის, დარიგების და დალოცვის გარეშე არაფერი გამოვა. რა რჩევას იძლევა ბრძენი? გეტყვით. მოწინააღმდეგის სუსტი წერტილების განსაზღვრა, მოკლე მისასვლელი გზის სწავლება, გმირის ძალების ადეკვატური შეფასება, გმირისთვის მოტივაციის გაზრდა, შესასრულებელი მისიისთვის სახელის დარქმევა. მოკლედ, ყველაფერი ის, რაც არის „ბრძნული რჩევა“. ამიტომ მრჩეველი ბრძენია. ბრძენი კი ნაწარმოებში მხოლოდ კეთილია.


წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ბრძენი გმირის მხარეს არ არის და არც კეთილია, იგი მზაკვრულ მოწინააღმდეგედ გადაიქცევა. ესეც შესაძლებელია, მაგრამ მაშინ, იგი ბრძენის პოზიციას დათმობს. ბრძენი კი, ყველა ნაწარმოებს სჭირდება (და ყველა გმირს).


მაგრამ არსებობს უტყვი ბრძენი.


მაგალითად, ისეთი, როგორიც ილია ჭავჭავაძის მოთხრობაშია, „ოთარაანთ ქვრივი“. ოთარაანთ ქვრივის ერთადერთი შვილი გიორგი სულელურ გადაწყვეტილებას მიიღებს. სულელურს, რადგან ეს მისი ტრაგიკული ბედისწერის განმსაზღვრელ ნაბიჯად იქცევა (შესაძლოა, სულელურის ნაცვლად, ამ ნაბიჯისათვის სხვა სახელი დამერქმია. კი ბატონო - დაუფიქრებელი).


გიორგის ეს გადაწყვეტილება - მოჯამაგირედ დაუდგეს სოფლის ყოფილ ბატონს, არჩილს და კესოს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განსწავლული, თანამედროვე შეხედულების თავადიშვილები არიან, სიბრალულს და თანაგრძნობას ნაკლებად იმსახურებს.


დიახ, ჩვენ გიორგის არცთუ იოლ გადაწყვეტილებაში ვგულშემატკივრობთ, თითქოს მის მხარეს ვართ, რადგან ეს სიყვარულის გამო ჩაიდინა. შეყვარებული გმირი კი, ყველა დროში სიმპათიას და თანაგრძნობას იწვევს, მაგრამ, არა. აქ სხვა შემთხვევაა. იმისათვის, რომ გიორგიმ ჩვენი სიყვარული დაიმსახუროს, მან დამატებითი ნაბიჯები უნდა გადადგას. მაგრამ კესოს გულის მოსაგებად გიორგი არაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რომ ყოველ ცისმარე დღეს მზის (კესოს) ამოსვლას ელოდება. იგი არ ცდილობს გაამართლოს საკუთარი (სულელური, დაუფიქრებელი) საქციელი, რის (ვის) გამოც ეს ჩაიდინა.


გიორგის სულელური (დაუფიქრებელი) ნაბიჯი არ მოსწონს მის ყველაზე ახლობელ ადამიანს, დედას. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ რჩევა მისცეს, გააფრთხილოს, დამოძღვროს, შეასმინოს, ისიც არაფერს აკეთებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ გიორგის დედის მხარეს ვართ. ჩვენ, მკითხველი, სულ სხვა ადამიანზე ვფიქრობთ. სულ სხვა პერსონაჟის ბედს განვიცდით. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გიორგის დედას იმ ოთახში შევყვებით, სადაც ხერხემალდამტვრეული გიორგი წევს. ფინალური სცენა კი, (საფლავის ქვაზე გაყინული ოთარაანთ ქვრივი) ნაწარმოების დაწერიდან ასოცდაათი წლის შემდეგაც ემოციას იწვევს - შემზარავს და გულისგამაწვრილებელს. მაგრამ დავუბრუნდეთ უტყვი ბრძენის საქციელს.


ვინ არის ბრძენი ამ ნაწარმოებში? ერთი შეხედვით, ეს გიორგის დედაა, რადგან გიორგია ის გმირი, რომელიც გამოწვევის წინაშე დგება და სარისკო ნაბიჯს დგამს. მაგრამ, დედა, რომელსაც გიორგი სწორი მიმართულებით უნდა წაეყვანა, დაეცვა იგი სხვადასხვა საფრთხისაგან, გაეანალიზებინა მისი შესაძლებლობები, ეფიქრა მის მომავალზე, ერთი სიტყვით, კარგი რჩევა მიეცა, რომ ხიფათს აცილებულიყო, ამის ნაცვლად შვილს არაფერს ეუბნება და ამას ხსნის იმით, რომ იგი წარმავალია და გიორგი მომავალი. (ციტატა: „ოთარაან ქვრივმა ეხლა კი თითზედ იკბინა. თითქო რაღაც ენიშნაო, რაღასაც მიაგნოვო. შვილს გადაწყვეტილი არა უთხრა-რა. აღარც შვილი გამოეკიდა, თითქო დიდმა საგონებელმა ამისათვის აღარ მოაცალაო.“)


გმირი იღუპება. ნაცვლად იმისა, რომ გიორგის სიკვდილით მაღალი ზნეობრივი მაგალითი დაგვენახა, მომავალ თაობებს მის შეცდომებზე ესწავლათ, გმირი ვერ აღწევს მიზანს (გმირის მიზანი კესოს გულის მოგებაა, ნაწარმოების მიზანი კი ჩატეხილი ხიდის აღდგენა). ჩვენ მას არ თანავუგრძნობთ. არამედ თანავუგრძნობთ ბრძენს, რომელმაც არც რჩევა მისცა და არც საფრთხისაგან დაიცვა.


ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როგორი არ უნდა იყოს გმირის მრჩეველი. მაგრამ ავტორს აქ სხვა მიზანი ჰქონდა.


როდესაც ჟურნალისტი სტატიას/სიუჟეტს ამზადებს ახალგაზრდაზე, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, უნდა გაითვალისწინოს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. რომ ამ შემთხვევაში მრჩეველი თვითონაა. ჟურნალისტის ნებისმიერი სიტყვა, გადაწყვეტილება, შეფასება და რაც მთავარია - დასკვნა, შესაძლოა ოთარაანთ ქვრივის რჩევას (ანტირჩევას) დაემსგავსოს და მომავალ თაობას ცუდი მაგალითი მისცეს.


იგივე ეხება ტრაგედიის ტირაჟირებას. შესაძლოა დავწეროთ/ვაჩვენოთ ისეთი ამბავი, რომელიც ტირაჟირებას გაუწევს ნეგატიურ მოვლენას და მკითხველისთვის/მაყურებლისთვის არ იქნება ზნეობრივი მაგალითის მომცემი.


P.S.

საქმე ისაა, რომ არ არსებობს გმირი კარგი მრჩეველის გარეშე. თუ გმირი მრჩევლის ჭკუა-დარიგებას გაითვალისწინებს, ის გაიმარჯვებს, თუ არა, მაშინ ის დამარცხდება. მრჩეველი არასდროს აძლევს გმირს ცუდ რჩევას, წინააღმდეგ შეთხვევაში იგი მრჩევლის სტატუსს დაკარგავს და შესაძლოა ანტაგონისტად, მოწინააღმდეგედ გადაიქცეს. შემთხვევით გადაქცეული ანტაგონისტი კი არ გვჭირდება. ხელოვნური გამოვა.


მომავალ ბლოგში შევეხები გმირის და ანტიგმირის ხასიათებს.







ბასა ჯანიკაშვილი
  • 9
  • 21102
0 Comments