წითელი ვერსია
  • 22
  • 7130

კვარას ცხელი მედია

08 სექტემბერი 2022

შინაომებისგან გატანჯულმა ელიდის მმართველმა იფიტემ, ამ უბედურების შესაწყვეტად რჩევა დელფოს ორაკულს სთხოვა. ორაკულმა მას მივიწყებული ოლიმპიური თამაშების აღდგენა ურჩია. იფიტემ კი, თავის მხრივ, სპარტის მმართველს - ლიკურგეს შესთავაზა, დღესასწაულის პერიოდში ზავი („ეკეხერია“) გამოეცხადებინათ.


იფიტეს და ლიკურგეს შორის დადებული შეთანხმება სპილენძის დისკოზე აღიბეჭდა. ხოლო იმ თვეს, რომელიც ოლიმპიურ თამაშებს ეძღვნებოდა, „წმინდა თვეს“ უწოდებდნენ - ამ დროს ანტიკურ სამყაროში ყველანაირი ომი წყდებოდა.


სპორტს რომ იმაზე მეტი ძალა აქვს, ვიდრე უბრალოდ, ფიზიკურ აქტივობა/შეჯიბრს, ამაზე ეს ანტიკური ალუზიაც მეტყველებს.


ის შეიძლება დღესასწაულად აქციო, და პირიქით - მან გაქციოს დღესასწაულის ნაწილად.


თანამედროვე სამყაროში სპორტიც მეგა-ინდუსტრიაა, რომელიც კაცობრიობას დღემდე იგავმიუწვდომლად აღელვებს. ეს ბუნებრივიცაა, - სპორტი ხომ იმ ორ უმთავრეს კატეგორიაზე დგას, რაც ადამიანისთვის, დღიდან მისი გაჩენისა, ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია - მარცხი და გამარჯვება.


მაგრამ ის, რაც ბოლო პერიოდში, ჩვენს ქვეყანაში, ფეხბურთის ახალი მსოფლიო ვარსკვლავის - ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო ხდება - არც ერთ კატეგორიაში არ ჯდება და მეტიც, თავისი შინაარსით, სავარაუდოდ, უკვე დიდ უხერხულობას უქმნის თავად კვარაცხელიას, 21 წლის ფეხბურთელს, რომელმაც შეძლო და სულ რამდენიმე თამაშით მსოფლიოს ყურადღება უკვე მიიპყრო.


ქართული ფეხბურთის ისტორიაზე, მის თვალსაჩინო წარსულსა და ტრაგიკომიკურ აწმყოზე, მის ბუნდოვან მომავალზე ბევრი საუბრობს; განწყობაც, ბოლო წლებში, თითქმის უცვლელი იყო - არც ისე საიმედო, ზოგჯერ დეპრესიული და აგრესიული. ამას თავისი მიზეზები აქვს და, ამ წერილის მიზანი მათი გარკვევა არაა.


სამაგიეროდ, ამ განწყობის ფონზე, როგორც გრძელი ღამის მერე - პირველი მნათობი, ისე ამოიზარდა ხვიჩა კვარაცხელიას სახელი. განსაკუთრებით „ნაპოლის“ გუნდში გადასვლის შემდეგ, პირველივე თამაშებში გატანილი გოლებით - ქართველმა გულშემატკივარმა მასში ის მონატრებული საფეხბურთო იდეალები დაინახა, რომელიც ბუნდოვნადღა ახსოვდა და ამ წლების მანძილზე, უშურველად იღლიდა თავს მათი მოლოდინით. ხვიჩა კვარაცხელიას გატანილი გოლები ქართველი გულშემატკივრისთვის გამარჯვების სიგნალებიც აღმოჩნდა; გამარჯვება კი ის მდგომარეობაა, რომელიც, ასევე მუდმივად გვენატრება და რაც მთავარია, გვჭირდება.


ერთი შეხედვით, ბუნებრივიცაა, რომ ეს საარაკო ამბავი ქართული მედიისთვის კარგა ხანია, ტოპ-თემაა, თუმცა აქ ძაღლის თავი სულ სხვა დრამაშია დამარხული.


ვინ როგორ აიტაცა ქართველი ფეხბურთელის ვარსკვლავური წარმატება და ვინ რა მიზნით იყენებს მას?!


ლოგიკას მოკლებულია ზოგიერთი ოპოზიციური მედიის (ტელეარხების ფეისბუკ-გვერდებზე) დამოკიდებულება, რომელიც მათ პირველ ეტაპზე გამოავლინეს - უკიდურესად დაეჭვებული მზერით და კრიტიკის დაუნდობელი მახვილით შეეგებნენ ახალი ვარსკვლავის დაბადებას.


ამასაც მოეძებნებოდა ახსნა (ნებისმიერი წარმატებისთვის დისტანციიდან ცქერა/აღქმასაც აქვს თავისი განუმეორებელი ხიბლი), თუმცა ოპოზიციური ნარატივის მთავარი აზრი მალევე გაირკვა - ისინი ხვიჩა კვარაცხელიასგან პოლიტიკურ აქტივობას ითხოვდნენ; ზოგიერთმა ჟურნალისტმა პირდაპირ „ამხილა ლატენტურ რუსეთუმეობაში“ - პუტინს საჯაროდ რატომ არ გმობსო.


ამ აბსურდულ აზრშიც გაყვებოდა კაცი (ძნელად, ავანტურისტული მხიარულებით, მაგრამ მაინც), რომ არა ოპოზიციური მედიის სოციალურ ქსელებში, როგორც ბრიყვის კოჭებში, გამოჟონილი ღვარძლი და ბოღმა - ანუ, მთელი ამ პატრიოტიზმით შეფუთული ნარატივის ჭეშმარიტი არსი, სადაც ისე შორსაც წავიდნენ, რომ ფეხბურთელის გვარ-სახელიც აერიათ („ხვიჩიას გოლი“) და, დაუფარავი ნიშნისმოგებითაც აუწყებდნენ თავიანთ მკითხველს ხვიჩა კვარაცხელიას მინიმალური წარუმატებლობის („ხვიჩა კვარაცხელიამ ზედიზედ მესამე შეხვედრაში გატანა ვეღარ შეძლო“ ; „ხვიჩა კვარაცხელია ფიორენტინასთან 61-ე წუთზე შეცვალეს“) შესახებ.


ამ ფეისბუკ-პოსტებმა ქართველი გულშემატკივრების იმხელა აგრესია გამოიწვია, რომ არათუ მედიიდან გააქრეს, არამედ ტვ "პირველის" ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ პირად ფეისბუკ-გვერდზე ბოდიშიც მოიხადა, ეს ჩემთვის ცალსახად მიუღებელიაო...


„მედია-სინანულის“ უცნაური გამოხატულება იყო, სულ ცოტა ხანში, ისევ ამ არხის ფეისბუკ-გვერდზე განთავსებული ფოტო, სადაც პეტრე კოლხი ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებებისთვის ლოცულობს, ფოტოს კომენტარებში კი, წინა დღეს გაბრაზებული ელექტორატის სრული მობილიზებაა, მხარდაჭერის დასტურით: „ამინ“.


ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტის მიღმა, სხვისი გამარჯვება/წარმატება რომ ზოგიერთისთვის აუტანელი მდგომარეობაა, სამწუხაროდ, სოციალურმა მედიამ ესეც გაამჟღავნა.


სავარაუდოდ, კვარაცხელიას, როგორც ქართველი ვარსკვლავის მსოფლიო პოპულარობა, ხელს უშლის მათ მიერ შექმნილ სტერეოტიპს - საქართველო ყოვლად „ჩაბანძებული“, ჩაწყვდიადებული ქვეყანაა, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ შეუძლია დღეს (ოდესმე კი შეეძლო?) მსოფლიოს ვარსკვლავები აჩუქოს. ამიტომ, ეს სიხარულის ყიჟინაც ჩვენი საზოგადოების სნობობას, ქაჯობას და უკიდურეს პროვინციალიზმს გამოხატავს, ჰოდა, ვინ იკადრებს პროვინციალიზმს?


საბედნიეროდ, ამ აზრის შემცველი პოსტები იმდენად მინიმალური იყო, რომ საზოგადოებამ მაშინვე „ამოკრიფა“ საყოველთაო სიხარულის სივრციდან და დავიწყების უფსკრულშიც გადაუძახა.


სპორტი, მით უფრო ფეხბურთი, დღეს მსოფლიოს ბიზნეს და პოლიტიკური მანიპულაციების საუკეთესო იარაღია, მაგრამ არსებობს უსიტყვოდ შეთანხმებული („ეკეხერიის“) წესები და ერთგვარი წესრიგი. ოღონდ არა აქ, საქართველოში. აქ იშვიათ უზნეობას უფრო მეტად, იშვიათი სიბრიყვე ცვლის, დიდ ბოროტებას - დიდი მავნებლობა და ა.შ. ამ მოჯადოებულ წრეში კი, ხშირად მართლა ყველაზე ძვირფასი და სანატრელი ითელება ხოლმე.


ამჯერად, ეს ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებაა, რომელიც, წესით, მთელი ქვეყნის შემაკავშირებელი უნდა ყოფილიყო, და არა გასახლეჩი.


მაგრამ, როგორც ოპოზიციურმა მედიამ ისახელა თავი, ასევე არ ჩამორჩა პროსახელისუფლებო მედია-ელექტორატი და როგორც იტყვიან, ფსკერს - ფსკერი გამოუჩინეს. ხელისუფლებამ კვარაცხელიას წარმატების მონოპოლიზება მოინდომა (ამაში მას ოპოზიციურმა მედიამ ზემოთ ხსენებული მაგალითებით ხელი შეუწყო). იტალიელი გულშემატკივრების მიერ, „ფორცა კვარაცხელიას“ გვერდით, ქართველი ტელეჟურნალისტის გინების ვიდეო კი იმაზე ამაზრზენი საყურებელი აღმოჩნდა, ვიდრე მთელი ოპოზიციური კამპანია.


ხვიჩა კვარაცხელიას ამ წარმატებისთვის არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის წყალობით არ მიუღწევია. ეს მისი დაუღალავი შრომის, ტალანტის, საქმეზე კონცენტრირების, უბრალოების, პიროვნული ღირსების შედეგია, რაც, ამ ფეხბურთელის შუა გზაა და წინ კიდევ უამრავი მწვერვალია, უამრავი გამარჯვება და დიდი სახელი.


მან ჩვენს საზოგადოებას სწორედ მონატრებული გამარჯვების გრძნობა დაუბრუნა, ეს კი ისეთი მისტერიაა, რომელიც, წესით, ადამიანებს უნდა აერთიანებდეს, მათ შორის ფეხბურთის ისეთ უცოდინართ და მის მიმართ აქამდე სრულიად გულგრილთაც კი, როგორიც ამ წერილის ავტორია.


ამ საყოველთაო განცდას კი გაფრთხილება სჭირდება. რადგან, ის შესაძლოა ისეთივე წარმატებით იქცეს ტოქსიკურად, როგორითაც - აღმაფრენის, ბედნიერების მომნიჭებელია.


თუ კვლავ ანტიკურ ალუზიას მოვიხმობთ და ჰერას ტაძარში აღმოჩენილ სპილენძის დისკოს თანამედროვე მედიის მეტაფორად წარმოვიდგენთ, ისიც ვისურვოთ, რომ მასზე აღბეჭდილი შეთანხმების ტექსტი ჩვენი, 21-ე საუკუნის საზოგადოების ტექსტსაც დაემთხვეს.


ზოგჯერ მაინც გამოვაცხადოთ „წმინდა თვეების ზავი“ და ის, რაც მართლა სასიხარულოა, უდანაკარგოდ განვიცადოთ. ასე, მარცხის ჭეშმარიტ აზრსაც გავიხსენებთ და, გამარჯვებისაც. მათ შორის დინამიკას კი, ხვიჩა კვარაცხელიას დარი ვარსკვლავები დიდ ძალას შესძენენ.



ფოტო ფეხბურთის ფედერაცია

ნინია სადღობელაშვილი
  • 22
  • 7130
0 Comments