კუმშვა და კვეცა, ქართული ენის ფონეტიკის კარგად ცნობილი მოვლენები, ერთ-ერთი გამოვლინებაა ლინგვისტური ეკონომიის კანონისა, რომელიც რამდენჯერმე უკვე ვახსენეთ ადრინდელ ბლოგებში, და ვთქვით, რომ იგი გულისხმობს „მოლაპარაკის მისწრაფებას დაზოგოს ძალისხმევა მეტყველებისას, რაც ენის ცვლილების ერთ-ერთი მიზეზია“ (დიტმარ როზენტალი).
დღეს კუმშვაზე ვილაპარაკებთ, რაც ზოგიერთი სუფიქსის დართვისას სიტყვის ფუძიდან ხმოვნის ამოვარდნას ეწოდება – სიტყვა ერთი მარცვლით მოკლდება.
„მასწავლებ-ლ-ები“ უფრო ადვილად წარმოსათქმელია, ვიდრე „მასწავლებ-ელ-ები“, – „წესით“ ასე უნდა ყოფილიყო სიტყვა „მასწავლებელი“ მრავლობით რიცხვში; არც სემანტიკური ბუნდოვანება ჩნდება ამ გამარტივებისას (შეკუმშვისას) და, ამიტომ, რატომაც არა – ვთქვათ „მასწავლებ-ლ-ები“!
კუმშვის არც ისე მარტივი წესები კოხტად არის ჩამოწიკწიკებული გრამატიკის სახელმძღვანელოებსა თუ სათანადო ცნობარებში, თავ-თავიანთი თავისებურებებითა თუ გამონაკლისებითურთ, ამიტომ აქ ამაზე არაფერს ვიტყვით და ამ ფონეტიკურ მოვლენასთან დაკავშირებულ რამდენიმე ისეთ საკითხს შევეხებით, რომლებზედაც ნაკლებად ამახვილებენ ყურადღებას.
თუ შეგიმჩნევიათ, რომ შეკუმშვა-არშეკუმშვა ზოგჯერ სიტყვის მნიშვნელობის შეცვლასთან არის დაკავშირებული? ანუ კუმშვას ზოგჯერ სიტყვათგანმასხვავებელი ფუნქციაც ენიჭება.
მაგალითად, სიტყვა „თვალი“-ს მნიშვნელობები ლექსიკონებში ასეა წარმოდგენილი: 1. მხედველობის ორგანო, 2. ბორბალი, 3. იშვიათი მინერალისგან გამოთლილი ძვირფასი ქვა.
ოღონდ „თვალი“ მხედველობის ორგანო მაშინ არის, თუ მისი მრავლობითი იქნება „თვალ-ებ-ი“, ანუ -ებ- სუფიქსის დართვისას სიტყვის ფუძე არ შეიკუმშება (მაგალითად, თვალებს გაუფრთხილდი!); ხოლო, თუ შეიკუმშა (თვლ-ე-ბი), მაშინ ეს ან ბორბალი იქნება, ან იშვიათი მინერალისგან გამოთლილი ძვირფასი ქვა (მაგალითად, ოსტატს ურმის თვლებს დავამზადებინებ; ძვირფასი თვლებით შემკული ხატი).
ასევე, „წელი“, თუ ის არ შეიკუმშება, ადამიანის სხეულის ნაწილი იქნება (წელის ტკივილი აწუხებს), ხოლო თუ შეიკუმშა – დროის თორმეტთვიანი მონაკვეთი (ბავშვი უკვე ათი წლის არის).
გვაქვს სიტყვათგანმასხვავებელი ფუნქციით კუმშვის ერთი უნიკალური შემთხვევაც. უნიკალური იმიტომ, რომ ასეთი ბგერითი შემადგენლობის სიტყვები, ჩვეულებრივ, არ იკუმშებიან. მართლაცდა, რა სჭირს შესაკუმში „სარეცხს“? სრულიად არაფერი! მაგრამ თუ მას სახელობით ბრუნვაშივე მაინც შევკუმშავთ, „ე“ ხმოვანს ამოვაგდებთ მისი ფუძიდან, ახალ სიტყვას მივიღებთ, და ეს იქნება „სარცხი“ – „ქვევრის სარეცხი მოწყობილობა, ოთხკუთხად დაჭრილი, ხის ტარზე ასხმული ბლის და მისთ. ქერქი“ (ქართული ლექსიკონი).
„სარცხი“ „[ქვევრის] სარეცხის“ ხშირად წარმოთქმისგან გამოწვეული „ცვეთის“ შედეგად მიღებული სიტყვა ჩანს, რაც ქვევრის ღვინის მასობრივად მწარმოებელ ქვეყანაში გასაკვირი არ არის! (ხშირად გამოყენების შედეგად ზოგჯერ ფრაზებიც კი „ცვდება“. მაგალითად, სიტყვა „ღმერთმანი“ ფრაზის „ღმერთმან იცის“ ნაშთია).
და აქ მივადექით კუმშვა-უკუმშველობის გამომწვევ კიდევ ერთ მიზეზს. ზოგჯერ უკვირთ, თუკი იკუმშება წერეთელი (წერეთლის), მაჩაბელი (მაჩაბლის), ცაგარელი (ცაგარლის), რატომ არ იკუმშება ასეთივე დაბოლოების მქონე გვარები: ჩადუნელი, ბარათელი, ხეთერელი, კვეზერელი... მხოლოდ იმიტომ, რომ ესენი, ზემოთ დასახელებულთაგან განსხვავებით, ხშირი წარმოთქმისაგან ჯერჯერობით კარგად არ „გაცვეთილან“.
საზოგადო სახელთაგან იგივე ითქმის, მაგალითად, „რვალზე“ (სპილენძის შენადნობია სხვა ლითონებთან). „შა-რვალი“, რომელიც მთლიანად შეიცავს ამ სიტყვას, იკუმშება (შარვლის, შარვლები), ცალკე „რვალი“ კი არა – ამასაც „ცვეთა“ აკლია.
ხილთაგან იკუმშება: ბალი, მსხალი, ატამი და არ იკუმშება: გარგარი, რომელიც სიხშირით ბევრად ჩამოუვარდება აქ დასახელებულ თავის მოძმეთ.
იკუმშება: წყალი, ძვალი, ხმალი, მგელი, ახალი – იმიტომ, რომ მათი შეკუმშვის შემდეგ სემანტიკური (მნიშვნელობისმიერი) გაუგებრობა არ წარმოიქმნება: „ბლის“, „წყლის“, „ძვლის“, „ხმლის“, „მგლის“, „ახლის“, – გასაგებია რაზეც არის ლაპარაკი.
არ იკუმშება: ვალი, ბრალი, ხალი, ნალი, გველი – იმიტომ, რომ ამათი შეკუმშვის შემდეგ სემანტიკა იკარგება: „ვლის“, „ხლის“, „ბრლის“, „ნლის“, „გვლის“ რას უნდა ნიშნავდეს, ვინ არის ამის გამგები!
* * *
-ან-ზე ფუძედაბოლოებული სახელების უმეტესობა იკუმშება (საბან-ი, ბატკან-ი, დერეფან-ი...), „ექთანზე“ კი ლექსიკონები გვეუბნებიან, ნათესაობით ბრუნვაში „ექთანის“ არისო, ანუ არ იკუმშებაო, და იქვე ეს ფრაზაც მოჰყავთ ნიმუშად: „ექთანად მუშაობს“. მის უკუმშველობას იმით ხსნიან, რომ ხელოვნურად შექმნილი სიტყვაა, „ექიმის თანაშემწის“ შემოკლებით არის მიღებული (ამ ორი სიტყვის პირველი მარცვლებისაგან შედგება). მაგრამ გინახავთ ადამიანი, ვისაც „ექთანის“, „ექთანად“, „ექთანები“, „საექთანო“ ეთქვას? მე არ მინახავს – „ექთნის“, „ექთნად“, „ექთნები“, „საექთნო“ – ყველა ასე ამბობს.
წიგნებში კი შემხვედრია ის ფორმა, ლექსიკონები რომ გვთავაზობენ, ოღონდ ეს უფრო კეთილსინდისიერი, კანონმორჩილი რედაქტორების გარჯის შედეგი მგონია. ინტერნეტში განთავსებულ ტექსტებშიც ამ სიტყვის შეკუმშული ფორმა უზარმაზარი ანგარიშით უგებს შეუკუმშველს.
ძნელი სათქმელია რამდენად აუცილებელია ამ წესით შემოკლებული ხელოვნურად შექმნილი სიტყვის შეკუმშვაზე უარის თქმა, როცა ენის ბუნება მის შეკუმშვას ითხოვს.
* * *
რა შეიძლება კიდევ ითქვას?
ჰო, მართლა! დასავლეთ საქართველოში სიტყვის კუმშვას ნაკლებად მიმართავენ. ბევრგან ნახავთ აბრებს ასეთი წარწერებით: „ფეხსაცმელის შეკეთება“, „ტანსაცმელის კერვა“. აღმოსავლეთ საქართველოში კი შესაძლოა ორმაგი „ა“-ც ამოვარდეს ფუძიდან. გამიგონია, „ეს გურჯნის გზაზე მოხდაო“.
* * *
ზემოთქმულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ კუმშვა-არკუმშვა რამდენადმე სუბიექტურ გარემოებებსა თუ შეხედულებებზეა დამოკიდებული.
მაგალითად, განმარტებითი და ორთოგრაფიული ლექსიკონები მოგვიწოდებენ, სიტყვა „მკვლევარი“ შეკუმშეთო. ილია ჭავჭავაძისთვის, ისევე, როგორც ივანე ჯავახიშვილისთვის, გურამ ასათიანისთვის, რევაზ თვარაძისთვის, თამაზ ვასაძისთვის ის უკუმშველია; აკაკი შანიძე, არნოლდ ჩიქობავა მას კუმშავენ, აკაკი ბაქრაძე მხოლობითში კუმშავს (მკვლევრის), მრავლობითში არა (მკვლევარებმა). თამაზ ჩხენკელთანაც ხან შეკუმშული ფორმა გვხვდება, ხანაც სრული.
ამ სიტყვის უკუმშველი ფორმა იმდენად ბუნებრივი მეჩვენებოდა, არასოდეს დავინტერესებულვარ რას გვირჩევდნენ ამის თაობაზე ლექსიკონები, და როცა შევიტყვე, გამიკვირდა. მაინც „მკვლევარებს“ ვწერ – წარმოსათქმელად ეს უფრო მოსახერხებელია ჩემთვის და ჟღერადობითაც უფრო მომწონს, ვიდრე „მკვლევრები“ (ეტყობა, შვიდ თანხმოვანზე სამი ხმოვანი ჩემს ყურს ეცოტავება!), მაგრამ თუ რედაქტორები ჩამისწორებენ, არ ვაპროტესტებ: ლექსიკონებში ხომ ეგრეა!
კუმშვა?.. არკუმშვა?.. საკითხავი აი ეს არის!
05 დეკემბერი 2025კუმშვა და კვეცა, ქართული ენის ფონეტიკის კარგად ცნობილი მოვლენები, ერთ-ერთი გამოვლინებაა ლინგვისტური ეკონომიის კანონისა, რომელიც რამდენჯერმე უკვე ვახსენეთ ადრინდელ ბლოგებში, და ვთქვით, რომ იგი გულისხმობს „მოლაპარაკის მისწრაფებას დაზოგოს ძალისხმევა მეტყველებისას, რაც ენის ცვლილების ერთ-ერთი მიზეზია“ (დიტმარ როზენტალი).