წითელი ვერსია
  • 31
  • 3540

კოვიდრეგულაციების ორმაგი სტანდარტი ქართულ მედიაში

13 ოქტომბერი 2021

ქართული მედიის დამოკიდებულება კორონავირუსული პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებისა და რეგულაციების მიმართ ძალიან ცვალებადია. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევიან ოპოზიციური მედიასაშუალებები, რომლებიც ხან რეგულაციებს აკრიტიკებენ, ხან კი პირიქით, ხელისუფლებას უფრო მკაცრ კონტროლს სთხოვენ და საზოგადოებას რეგულაციების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ.


ამ პროცესში იკვეთება ლოგიკური კანონზომიერებაც - როცა ეპიდემია შედარებით უკან იხევს და წინა პლანზე შეზღუდვებით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები გამოდის, მათი კრიტიკა შეზღუდვების წინააღმდეგაა მიმართული, ხოლო როცა ეპიდემიოლოგიური სტატისტიკა იზრდება და პირველი რიგის ამოცანა სიცოცხლის გადარჩენა ხდება, მაშინ ამ მედიასაშუალებების რიტორიკაც რადიკალურად იცვლება და რეგულაციების მიმართ აგრესიული ხდება.


საინტერესოა, რომ ასეთივე ორმაგი სტანდარტი იკვეთება სამედიცინო სისტემის წარმომადგენლებისადმი დამოკიდებულებაშიც. მაგალითად, ოპოზიციურ არხებზე ერთი და იგივე პიროვნებებისგან ქართველი მედიკოსების მიმართ ქებაც მოგვისმენია და ლანძღვაც - გააჩნია ვითარებას, პოლიტიკურ კონტექსტს და როგორც ჩანს, ასევე, ამოცანასაც.


ამის ნათელი დადასტურებაა თუნდაც ნიკა გვარამიას შეურაცხმყოფელი თავდასხმები ამირან გამყრელიძეზე, რასაც მალე ბოდიში და საკუთარ არხზე მიწვევა მოჰყვა, თუმცა მოგვიანებით შეურაცხყოფების სერია კვლავ გაგრძელდა.


რაც შეეხება უშუალოდ კოვიდ-რეგულაციების საკითხს, მიმდინარე წლის დასაწყისში, 25 იანვარს გასულ სიუჟეტში, სახელწოდებით „დაკონსერვებული ქვეყანა - ხალხი დაუსრულებელი რეგულაციების წინააღმდეგ ქუჩაში გამოდის“, „მთავარი არხი“ ხელისუფლებას შეზღუდვებისა და რეგულაციებისთვის მკაცრად აკრიტიკებდა და სწორედ მას აკისრებდა პასუხისმგებლობას ეკონომიკურ პრობლემებზე;


გაზაფხულზე იგივე მედიასაშუალებები ასევე აქტიურად აშუქებდნენ „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ პროტესტს კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით და გამოკვეთილად ნეგატიურ ჭრილში წარმოგვიდგენდნენ საკოორდინაციო საბჭოს მიერ გატარებულ პოლიტიკას, თუმცა, კორონავირუსის მომდევნო ძლიერმა ტალღამ, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა, ვითარება რადიკალურად შეცვალა.


მაღალი სიკვდილიანობით შეშფოთებული საზოგადოებისთვის ამ დროს უკვე შეზღუდვები მთავარი გამოწვევა აღარ იყო და მედიამაც მყისიერად შეწყვიტა რეგულაციების წინააღმდეგ მიმართული კამპანია და მათ „მთავარ დამცველადაც“ კი მოგვევლინა.


შესაბამისად „გადაეწყო“ რიტორიკა და თუ აქამდე რეგულაციები „ამძიმებდა“ მოქალაქეების ყოფას, წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში იგივე რეგულაციები სასიცოცხლო გახდა, ხოლო ხელისუფლება დამნაშავე უკვე იმისთვის აღმოჩნდა, რომ ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეგულაციების აღსრულებას საკმარისად ეფექტიანად ვერ აკონტროლებს.


ამ მეტამორფოზას ძალიან კარგად გვაჩვენებს „მთავარი არხის“ დამოკიდებულება მიმდინარე პანდემიასთან ასოცირებული მთავარი ატრიბუტის - პირბადის მიმართ, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა და სრულიად საპირისპირო პოზიციად გადაიქცა.


საზოგადოებას კარგად ახსოვს 2020 წლის 13 აპრილის „ლეგენდარული ეთერი“, როდესაც ნიკა გვარამიამ და გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში ერთგვარი ექსპერიმენტ-შოუ ჩაატარეს, რომლის მთავარი მიზანიც კოვიდის წინააღმდეგ ქართული წარმოების პირბადის არაეფექტურობის დამტკიცება იყო.


ასევე გვახსოვს პირბადის ტარებაზე უარის თქმის გამო დაწესებული 20 ლარიანი ჯარიმის კრიტიკაც. ამ პერიოდში ოპოზიციური მედია ყველა საშუალებით ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ პირბადის ტარება უშედეგო იყო, ხოლო ჯარიმების შემოღება მხოლოდ და მხოლოდ დამატებით ფინანსურ დარტყმას აყენებდა ისედაც გაღარიბებულ მოსახლეობას.


თუმცა 2021 წლის ზაფხულში იმავე მედიასაშულებებმა უკვე საპირისპირო ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყეს. 9 აგვისტოს საინფორმაციო გამოშვებაში გასულ ერთ-ერთ სიუჟეტში ტვ „პირველის“ ჟურნალისტები უკვე ქუჩაში დადიან იმის გადასამოწმებლად, რამდენად კონტროლდება პირბადის ტარების რეგულაციის შესრულება.


სიუჟეტის თანახმად, რეგულაციები არ სრულდება და ვითარება არის მძიმე, რადგან შესაბამისი სამსახურები არ აკონტროლებენ სიტუაციას (ანუ, არ აჯარიმებენ ადამიანებს).


უკვე 22 აგვისტოს ასეთივე ექსპერიმენტი რეგიონებშიც ვიხილეთ, თუმცა შინაარსი უცვლელი დარჩა: დადგენილი რეგულაციებისა და ჯარიმის საფრთხის მიუხედავად, ადამიანები სისტემატურად არღვევენ პირბადის ტარების წესებს და ამას არავინ ამოწმებს, რაც, სავარაუდოდ, ხელს უწყობს ქვეყანაში პანდემიის გავრცელებას.


იგივე შეიძლება ითქვას ხალხმრავალი და მასობრივი შეკრებების მიმართ დამოკიდებულების კუთხითაც. მაგალითად, როდესაც ხალხმრავალი ღონისძიება ხელისუფლებას ან სხვა ისეთ ჯგუფსა თუ პიროვნებას უკავშირდება, რომლის მიმართაც ოპოზიციური მედია ნეგატიურად არის განწყობილი, ეს უკანასკნელი მყისიერად ნეგატიურ ჭრილში აშუქებს ნებისმიერ დარღვევას, რა დროსაც სიტუაცია ზოგჯერ სუფრასთან მსხდომი ადამიანების გადათვლამდეც კი მიდის, თუმცა იგივე ლოგიკა ფაქტობრივად არასდროს ვრცელდება ოპოზიციის ან თავად მედიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე.


ხსენებული მაგალითები და ტენდენცია აშკარად მიანიშნებს, რომ მედიასაშუალებების მიზანი ამ მნიშვნელოვანი თემის გაშუქებისას ხშირად არა საზოგადოების ინფორმირება ან თუნდაც საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ზრუნვა, არამედ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესების გატარებაა, რომლის სხვადასხვა დროს სხვადასხვა დამოკიდებულებას გულისხმობს და საბოლოო ჯამში მივყავართ ორმაგ სტანდარტამდე, რაც მედიის, როგორც ინსტიტუტის ავტორიტეტსა და მის მიმართ ნდობის ხარისხს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.




არჩილ სიხარულიძე
  • 31
  • 3540
0 Comments