წითელი ვერსია
  • შესვლა
  • ავტორიზაცია
დარეგისტრირდით ჩვენს პლატფორმაზე Facebook-ით ან Google-ით
  • 2
  • 1661

კონცენტრაცია მოიკრიბა?!

16 ოქტომბერი 2025

ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!


(ნაწილი XLVIII)



ადრინდელ ბლოგებში რამდენიმე ისეთი ენობრივი შეცდომა და უზუსტობა განვიხილეთ, რომლებიც სისტემატურად გვხვდებოდა და კვლავაც გვხვდება სპორტულ რეპორტაჟებსა და კორესპონდენციებში (სინჯის, ჰანდიკაპის არასწორი მნიშვნელობით ხმარება, გამოთქმები: „ბურთებს იტანს“, „დროს იყვანს“ – ნაცვლად სწორი შესიტყვებებისა: „ბურთები გააქვს“, „დრო გაჰყავს“...).


დღეს კიდევ ერთ მცდარ გამოთქმაზე ვიმსჯელებთ, რასაც ხშირად გაიგონებთ და წაიკითხავთ სპორტული თემებისადმი მიძღვნილ გადაცემებსა თუ პუბლიკაციებში. ეს გახლავთ „კონცენტრაცია მოიკრიბა“.


ვნახოთ, რა დროს იყენებენ მას და გავარკვიოთ რა არის კონცენტრაცია და შესაძლებელია თუ არა მისი მოკრება.


ციტატა:


„მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიური უპირატესობა მეტოქის მხარეს გადავიდა, საქართველოს ნაკრებმა კონცენტრაცია მოიკრიბა, ბოლომდე იბრძოლა და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა“.


უცხო სიტყვა „კონცენტრაცია“ ასეა განმარტებული ლექსიკონში: „რისამე მოგროვება, თავმოყრა, ერთად დაჯგუფება“.


თუ, მაგალითად, რომელიმე სახელმწიფო შეიარაღებულ ძალებს უყრის თავს მეზობელი ქვეყნის საზღვართან, ეს სახელმწიფო მეზობელი ქვეყნის საზღვართან ჯარების კონცენტრაციას ახდენსო, იტყვიან (თანაც, მიაქციეთ ყურადღება: კონცენტრაციას წინ უნდა უძღოდეს განსაზღვრება – რის კონცენტრაციაზეა საუბარი).


ამრიგად, კონცენტრაცია (რაიმესი!) შეიძლება მოვახდინოთ, განვახორციელოთ ან შევძლოთ, მაგრამ კონცენტრაციის მოკრება არ გამოვა, ვინაიდან კონცენტრაცია თვითონ ყოფილა მოკრება, ანუ, როგორც ლექსიკონი გვაუწყებს, „რისამე მოგროვება, თავმოყრა“, ხოლო „მოგროვების“, „თავმოყრის“ მოკრება შეუძლებელია, ვინაიდან ეს, არსებითად, მოკრების მოკრება გამოდის, რაც უაზრობაა.


სამაგიეროდ მოკრება შესაძლებელია ძალის. „ძალას (ან: ძალ-ღონეს) მოიკრებს“ – ასეთი იდიომატური გამოთქმა არსებობს ქართულში, რაც, ქეგლ-ის მიხედვით, ნიშნავს: „საჭირო ძალ-ღონე, ენერგია მოემატება (თავის თავისთვის გარკვეული ძალდატანების შემდეგ)“.


ამრიგად, ზემოთ ციტირებული ფრაზა ასე უნდა გასწორდეს:


„მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიური უპირატესობა მეტოქის მხარეს გადავიდა, საქართველოს ნაკრებმა ძალების კონცენტრაცია შეძლო/მოახერხა, ბოლომდე იბრძოლა და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა“.


გარდა იმისა, რომ „მოიკრიბა“ „შეძლოთი“ ან „მოახერხათი“ ჩავანაცვლეთ, იმის თქმაც საჭირო გახდა, თუ რის კონცენტრაციაზეა ლაპარაკი – ამ შემთხვევაში ძალების კონცენტრაციასთან გვაქვს საქმე და, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ესეც უნდა თქმულიყო.


მთლად კარგი იქნება, ამ შემთხვევაში უცხო სიტყვას სულაც თუ გვერდზე გავწევთ და ფრაზას ასე გადავაკეთებთ:


„მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიური უპირატესობა მეტოქის მხარეს გადავიდა, საქართველოს ნაკრებმა ძალა მოიკრიბა, ბოლომდე იბრძოლა და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა“.


„ძალა მოიკრიბა“ მშვენიერი ქართული იდიომია და გონივრული იქნება სწორედ ის გამოვიყენოთ ასეთ დროს! (სხვათა შორის, ძალის გარდა ქართულად გონების (ჭკუის) მოკრებაც შესაძლებელია).


იქნებ ვინმემ იფიქროს, რომ განხილულ ფრაგმენტში შემთხვევით ენობრივ ლაფსუსთან გვაქვს საქმე, უყურადღებობის გამო რომ მოგვდის ხოლმე მეტადრე ზეპირმეტყველებისას, მაგრამ არა... ქვემოთ დამოწმებული ფრაზები ადასტურებს: „კონცენტრაცია მოიკრიბა“ სპორტულ ჟურნალისტიკაში დღესდღეობით მტკიცედ ფეხმოკიდებული მცდარი ლინგვისტური შტამპია, რომელსაც არსებობის უფლება არა აქვს.


აი მაგალითები მასმედიიდან, სადაც მოგვითხრობენ როგორ იკრებენ სპორტსმენები კონცენტრაციას (რის კონცენტრაციას იკრებენ – ამას არ გვიმხელენ!) და... იმარჯვებენ:


„მესამე მეოთხედში აზერბაიჯანმა მოუმატა და წინ გასვლაც შეძლო, თუმცა ჩვენმა გუნდმა კონცენტრაცია მალევე მოიკრიბა და ბოლო პერიოდში მეტოქეს დამაჯერებლად აჯობა“;


„ისე, ეს თამაში სექტემბერში ტარდებოდა და ნისტელროის რომ სცოდნოდა, ამ გატანილი პენალტით არსენალის დაუმარცხებლად მოგებულ პრემიერ ლიგას საფუძველს გამოაცლიდა, იქნებ კონცენტრაცია მეტად მოეკრიბა და მატჩის ბედი სათავისოდ გადაეწყვიტა. […] ბურთთან რუუდ ვან ნისტელროი მივიდა, რომელსაც გონებიდან, დარწმუნებული ვარ, 13 თვის წინანდელი პენალტი არ ამოსდიოდა, თუმცა ამჯერად „წითელ ეშმაკთა“ 10-იანმა კონცენტრაცია მოიკრიბა, ბურთი კი იენს ლემანისგან დაბალ მარცხენა კუთხეში გაუშვა და „ოცნებების თეატრის“ ბინადრებთან ერთად მანაც შვებით ამოისუნთქა“;


„მაგრამ შემდეგ შარაპოვამ ისევ მოიკრიბა კონცენტრაცია და მომდევნო ორი სეტი დამაჯერებლად ჩაატარა“;

„ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, „ოკლაჰომამ“ დროულად მოახერხა გამოფხიზლება, სრული კონცენტრაცია მოიკრიბა და Toyota Center-ში „ჰიუსტონთან“ მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების წყალობით (103:94) კონფერენციის ნახევარფინალის საგზურიც მიიღო“.


* * *


ასე რომ, მოვიკრიბოთ ის, რისი მოკრების შესაძლებლობასაც ჩვენი ენა იძლევა (ძალა, ჭკუა-გონება), ხოლო კონცენტრაცია კი – მოვახერხოთ, შევძლოთ ან განვახორციელოთ, ოღონდ იმის აღნიშვნაც ნუ დაგვავიწყდება, თუ რის კონცენტრაციას ვგულისხმობთ.



ლევან ბრეგაძე
  • 2
  • 1661
0 Comments