წითელი ვერსია
  • 2
  • 5456

კომენტარი NDI – ის კვლევაზე

17 იანვარი 2020

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარადგინა. საუბარია 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებულ კვლევაზე. პარტიები, ინსტიტუტები, ქვეყნის საგარეო კურსი - დოკუმენტში ყურადღება რამდენიმე საკითხზეა გამახვილებული.


კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არსებობს.
გამოკითხვის მიხედვით, ბოლო 9 წლის განმავლობაში, მიმდინარე წლის ნოემბერში ყველაზე დიდია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში დემოკრატიის დონე ძალიან დაბალია.


საინტერესოა, რომ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული დასკვნები ხშირად ემთხვევა ოპოზიციის ინტერესებს და ასევე ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან დიდი სანდოობით სარგებლობს.


მოდით გავაანალიზოთ ეს ყველაფერი, ლოგიკის, ფაქტების, NDI-ის გამოცდილებით, ისტორიული მოვლენებით და შემდეგ შევაჯამოთ.


მაგალითისთვის, შესაძლოა გავიხსენოთ ის ფაქტიც, რომ როგორც წელს, ისევე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში „ევროპული საქართველოს" წევრი დავით ბაქრაძე NDI-ის რეიტინგებში უცვლელი ლიდერია. ესაა ქართული სოციოლოგიის ყველაზე მისტიკური და ფანტომური ფიგურა, რომელიც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ დავსვათ კითხვა, არის თუ არა ეს კვლევები რეალობის აღმწერი. თანაც იმის გათვალისწინებით, რომ დავით ბაქრაძემ მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ორჯერ მიიღო, თუმცა ორივე შემთხვევაში დამარცხდა.


NDI წლების განმავლობაში ცდილობდა, მათ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში საგრძნობლად შეემცირებინა სახელისუფლებო პარტიისა თუ კანდიდატთა მიმართ ხალხის მიერ გამოხატული ნდობა.


აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა. ძალიან მნიშვნელოვანია ის როლი და მხარდაჭერა, რომელსაც ამერიკული ორგანიზაციები წლების მანძილზე ჩვენი ქვეყნის მიმართ გამოხატავენ.


თუმცა, რაც შეეხება NDI-ის კვლევებს - მათი შედეგები, განსაკუთრებით კი პოლიტიკური ნაწილი, პრაქტიკულად ყოველთვის მნიშვნელოვნად არის აცდენილი მოსახლეობის რეალურ განწყობებს. აღნიშნული კვლევების მიმართ სრული უნდობლობა აქვს საზოგადოებასაც, რაც 2012 წლიდან მოყოლებული, თითქმის ყველა არჩევნების შედეგით დასტურდება.


რა თქმა უნდა, თავად NDI რესპექტაბელური ორგანიზაციაა, თუმცა კითხვები ჩნდება მის ქართულ კვლევებზე, ქართულ კვლევით ორგანიზაციებზე.
მეტი სიცხადისთვის - ქრონოლოგიურად, წლების მიხედვით მოვყვეთ, თუ რას გვიწინასწარმეტყველებდა NDI არჩევნებზე და როგორი იყო რეალობა. შემდეგ კი შეადარეთ, რამდენად დიდი სხვაობა დაჯდა.


2012 წელი საპარლამენტო არჩევნები - „ქართული ოცნება“
ცესკო - 55%
NDI - 18%


2013 წელი საპრეზიდენტო არჩევნები - გიორგი მარგველაშვილი
ცესკო - 61%
NDI - 39 %


2014 წელი თვითმმართველობის არჩევნები - დავით ნარმანია
ცესკო- 46%
NDI - 39%


2016 წელი საპარლამენტო არჩევნები - "ქართული ოცნება"
ცესკო - 48%
NDI - 15%


2017 წელი თვითმმართველობის არჩევნები - კახა კალაძე
ცესკო - 51%
NDI - 30%


2018 საპრეზიდენტო არჩევნები - სალომე ზურაბიშვილი
ცესკო პირველი ტური - 38%
NDI - 14%


ეს იმ პროცენტულ ცდომილებათა მცირე ჩამონათვალია, რომელიც 2012 წლიდან დღემდე საქართველოში ჩატარებული მნიშვნელოვანი არჩევნების წინ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ კვლევებში ფიქსირდება.


არსებობს ორგანიზაციები, რომლებსაც NDI საველე სამუშაოებს - კვლევებს უკვეთავს, საბოლოო ანგარიშს კი მათ მიერ ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით აქვეყნებს.


კომპანია, რომელსაც ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კვლევა დაუკვეთა, CRRC - საქართველოა. მისი სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი კი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი, ბადრი ჯაფარიძეა.


„ლელო“ არ იყო მოხვედრილი NDI-ის კვლევებში. კითხვაზე, თუ რატომ მოხდა ასე, ბადრი ჯაფარიძემ უპასუხა: „ჩვენ ვთხოვეთ, ამ გამოკვლევაში არ ყოფილიყო ჩართული „ლელო“.
ამ საკმაოდ სიმპტომატურ პასუხს, კარგ ანალიზზე გავყავართ - ე.ი. შესაძლებელია ჩაწყობა, თხოვნა და ა.შ. შეიძლება დავით ბაქრაძეც ასე თხოვს, მუდამ პირველ ადგილს, ან იქნებ ნათელაშვილმაც თხოვა?


ახლა გავიხსენოთ მონუმენტური მნიშვნელობის შეცდომა ჩვენი ცოცხალი მეხსიერებიდან. შეცდომა ალბათ ყველაზე მარტივი ნათქვამია, უფრო ეპიკური მომენტი, ფუნდამენტური აცდენა საზოგადოებრივ რეალობასთან.


2012 წელს NDI-ის მიერ ჩატარებული კიდევ ერთი კვლევის დასკვნა. ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში თითქმის 55 პროცენტით მოვიდა. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი კი აანონსებდა, რომ საზოგადოების უმრავლესობა - 54% მხარს გიორგი თარგამაძეს უჭერდა, 49 % - ინგა გრიგოლიას, ბიძინა ივანიშვილს კი მხოლოდ 40 %.


NDI-ის 2019 წლის ნოემბრის კვლევის თანახმად, რესპონდენტების 53%-ს (ყველაზე მაღალი ნეგატიური შეფასება NDI -ის კვლევების ისტორიაში) მიაჩნია, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. 2012 წლის მარტში მოსახლეობის 62%-ს მიაჩნდა (ყველაზე მაღალი პოზიტიური შეფასება საქართველოში NDI -ის დაკვირვების ისტორიაში), რომ ქვეყანა ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდებოდა.


როგორც ჩანს, მოსახლეობის უმრავლესობა იმდენად „დარწმუნებული“ იყო ქვეყნის სწორ განვითარებაში, რომ ხმა არჩევნებში, იმავე წელს, იმ დროს ოპოზიციაში მყოფ „ოცნებას“ და არა, ნაციონალურ მოძრაობას მისცა.


2012 წლის მარტში საქართველო დემოკრატიის განვითარების ზენიტში იმყოფებოდა და „ამ დემოკრატიის“ პროვაიდერი - ნაციონალური მოძრაობა სასტიკად მარცხდება იმავე წელს ჩატარებულ არჩევნებზე.


2012 წელს და მრავალი წლის განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობა ექსკლუზიურად აკონტროლებდა ყველა რეიტინგულ სატელევიზიო არხს, რაც NDI-ის აზრით, დადებითად აისახებოდა საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე!


ეს ყველაფერი კარგად აჩვენებს ერთი მხრივ იმას, რომ ტექნარულ („ტექნე“ - ხელობა) უნარებზე, ტექნარულ შეფასებებზე და სტანდარტიზებულ მეთოდებზე არ შეიძლება დავაფუძნოთ საზოგადოებრივი რეალობა. არ შეიძლება ამ ინსტრუმენტებით წავიკითხოთ სოციალური რეალობა, თანაც იმ პირობებში, თუ ამ ტექნარული უნარების კეთილსინდიერებასა და პატიოსნებაზე არსებობს საკმაოდ მწვავე კითხვები.


ასევე აღსანიშნავია მედიის როლი ამ ყველაფერში. ჩვენ, ამ კვლევების შესახებ ვიგებთ მედიიდან, საიდანაც ყალიბდება განწყობები, ანუ იქმნება ახალი, ჭარბი რეალობა.


ერთი მხრივ, ძალიან პრობლემურია თავად კვლევის შინაარსობრივი ნაწილი, კვლევის მეთოდოლოგია და ის, თუ რამდენადაა კვლევა რეპრეზენტატული.


თუმცა მეორე მხრივ, კიდევ უფრო საინტერესოა კვლევის გაშუქება.

ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებული ორგანიზაციები იწყებენ ამ კვლევებს, შემდეგ ოპოზიციური მედიასაშუალებები ახდენენ უკვე სიმულირებული რეალობის ხელახალ სიმულაციას. მედიაში არ ხდება ამის სიღრმისეული ანალიზი, კვლევის ინტერპრეტაციები მიკერძოებულია, ხოლო მაყურებელი რეალობის აღწერის მაგივრად უყურებს სიმულირებულ რეალობას, რომელიც ყველაფრის ფასად ცდილობს გარდაიქმნას რეალობად.


გური სულთანიშვილი
  • 2
  • 5456
0 Comments