წითელი ვერსია
  • 1
  • 5305

კლიშეებიდან გათავისუფლების დიდი დაპირება „ტვ პირველზე“

23 მაისი 2020

„ტვ პირველზე საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კლიშეებიდან სრულიად თავისუფალი თაობის პოლიტიკური გადაცემა იწყება!” – ასეთი ხმამაღალი განაცხადით გვამცნო ინგა გრიგოლიამ ახალი გადაცემის შესახებ, რომელიც მაისის ბოლოს გავა „ტვ პირველის“ ეთერში.


ანონსის მიხედვით, ეს არის ახალი, გაბედული ექსპერიმენტი, რომლის პროდიუსერიც თავად არხის დირექტორი ინგა გრიგოლია იქნება.
გადაცემას არხის ახალგაზრდა რეპორტიორები - რუსუდან დუმბაძე და ანა ახალაია გაუძღვებიან. ორივე მათგანი 24 წლისაა. ისინი დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ და შესაბამისად, ახალგაზრდობასთან ერთად მათი განსაკუთრებულობა ისიცაა, რომ მსოფლიო რუკიდან გამქრალი წითელი იმპერიის შესახებ მხოლოდ გადმოცემით იციან.


ნიშნავს თუ არა ეს „კლიშეებიდან სრულად თავისუფლებას“ და არის თუ არა თავისუფლება ამ თაობისთვის წამყვანი ღირებულება? - ამას დრო გვიჩვენებს, რადგან არ არის გამორიცხული, რომ ტოტალიტარულ იმპერიაში დაბადებული მშობლებისაგან განსხვავებით, შვილებისათვის, რომლებიც გასული საუკუნის 90-იან წლებში, სამოქალაქო ომისა და ქაოსის პერიოდში დაიბადნენ, წამყვანი ფასეულობა სულ სხვა რამ აღმოჩნდეს.


აქ ჩნდება მთავარი შეკითხვაც, რომელიც უაღრესად პრინციპულია ჟურნალისტიკის, კონკრეტულად კი, დამოუკიდებელი საქართველოს ჟურნალისტიკისათვის: - არის თუ არა ახალი თაობის კორესპონდენტების მიერ მომზადებული რეპორტაჟები თვისობრივად განსხვავებული წინამორბედი თაობის რეპორტაჟებისაგან?


პოლიტიკური სიახლეების გაშუქების სტილი, რომელიც ძალიან ახალი და უცხო იყო 90-იან წლებში, დღემდე დომინანტური და კარგად მოყირჭებულია. ამ სტილის თავისებურება თავბრუდამხვევი დინამიკა, სკანდალების და ინტრიგის ძიება, აგრესიულობა, ხმაური და „ექშენია“ - სწორედ ასე გამოხატავდა პოსტსაბჭოთა ქართული ჟურნალისტიკა საკუთარ თავისუფლებას; ის არ აღიარებდა იერარქიებს, ანგრევდა კლიშეებს, ეტიკეტს, საბჭოეთიდან გამოყოლილ ნაცრისფერ ერთსახოვნებას და ამით იმ დასავლური, პაპარაცი-ჟურნალისტიკის იმიტაციას ქმნიდა, რაც ასე აკლდა საბჭოთა ჟურნალისტიკის სკოლას.


სწორედ ამიტომ, ჟურნალისტების ახალი თაობისათვის პრინციპული გამოწვევა წინა თაობის მიერ შექმნილი კლიშეებისგან გათავისუფლება იქნება, რაზეც დიდი ხანია საზოგადოებრივი დაკვეთაც არსებობს.


პოსტსაბჭოთა პერიოდის ქართული ჟურნალისტიკა - პირველ რიგში, ეს არის უკვე კარგად ჩამოყალიბებული, ძალიან მყარი კავშირები ჟურნალისტურ და პოლიტიკურ წრეებს შორის, რამაც ბოლო წლებში მედია პროფესიულ ჩიხში შეიყვანა და საიდან გამოსვლაც დიდ პროფესიულ გაბედულებას მოითხოვს.


კარგი იქნება, თუ „ტვ პირველის“ ადმინისტრაცია ამის საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს და ისეთ პირობებს შექმნის, რომ ხმამაღალი დაპირებით დაწყებული გადაცემები რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის წინასაარჩევნო პროექტად არ გადაიქცეს.


საფრთხეს საზოგადოება გრძნობს და გამადიდებელი შუშითაც აკვირდება წამოწყებას. ამ ჩასაფრებას აქვს თავისი მიზეზები:


პირველი - ეს „მთავარი არხის“ ყოფილი პროდიუსერის ნოდარ მელაძის და მისი ჯგუფის გადასვლაა „ტვ პირველზე“, რამაც ბევრს გაუჩინა წინასწარგანწყობა, რომ აქამდე მეტნაკლებად „შუაშისტური“ არხი კრიტიკულად პოზიციონირებულ, თუმცა აშკარად პოლიტიკურ მხარედ ქცეულ ტელევიზიებს დაემსგავსება;


მეორეც - ცნობილია, რომ ახალი გადაცემის ერთერთი წამყვანი ანა ახალაია წლების წინ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტაქტივის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ აქტივისტი იყო.


შესაბამისად, იქცევა თუ არა წინასაარჩევნოდ არხის მიერ დაანონსებული, ცენზურისაგან და კლიშეებიდან დაცლილი გადაცემები ახალი თაობის ჟურნალისტურ პროდუქტად - ამას დრო გვიჩვენებს.


და ბოლოს, უცენზურობა და გამოხატვის თავისუფლების უკიდეგანობა ქართულ ჟურნალისტიკაში უკვე გუშინდელი დღეა და ის უფრო წინა, მშობლების თაობის მიერ გაგებულ თავისუფლებას გამოხატავს.


ახალ თაობას ჯერ კიდევ მოსაძებნი აქვს საკუთარი თავი და გასაკეთებელი საკუთარი, განსხვავებული განაცხადი.


ლელა კურდღელაშვილი
  • 1
  • 5305
0 Comments