წითელი ვერსია
  • 5
  • 3773

კლასტერი(ლი)ზაცია

28 ივნისი 2020

უცხო სიტყვების მოძალება ყველა ენას უქმნის პრობლემებს, თუმცა ისიც ცხადია, რომ ნასესხობათა გარეშე ვერც ერთი ენა ვერ გავა ფონს. უფრო იმ უცხო სიტყვებს ვერჩით, რომელთა შესატყვისი მშობლიურ ენაში მოიპოვება. აქ ერთი გარემოება ართულებს საქმეს: უცხო სიტყვა ისეთ ნიუანსს იძენს ხოლმე, რომ ის აღარ არის ზუსტად იგივე, რაც მისი ადგილობრივი შესატყვისი, რასაც შეიძლება ყოველთვის უცბად ვერ მივხვდეთ, მაგრამ ენა გრძნობს ამას და ვეღარ ელევა ნასესხებს. ხშირად ამით აიხსნება სხვა ენებიდან შემოსული სიტყვების წინააღმდეგ ბრძოლის უშედეგობა ამგვარი მოწოდებით: როცა გვაქვს ჩვენი, რაღა საჭიროა სხვისგან სესხება!


ერთი ასეთი ფრაზა გვხვდება ჯემალ ქარჩხაძის რომანში „განზომილება“:


„პროგნოზი გახლავთ საბუთიერი წინასწარმეტყველება, წინასწარმეტყველება გახლავთ უსაბუთო პროგნოზი“.


ეს პარადოქსი სწორედ იმას ეფუძნება, რომ ენაში დამკვიდრებული უცხო სიტყვა და მისი ადგილობრივი შესატყვისი (ამ შემთხვევაში პროგნოზი და წინასწარმეტყველება) მთლად ერთი და იგივე არ არის. ჯემალ ქარჩხაძე, ჩინებული სტილისტი, გრძნობს უმცირეს განსხვავებას ამ ორ სინონიმს შორის და პარადოქსული ფრაზით გამოხატავს ამას.


მოითხოვენ (მეტადრე სოციალურ ქსელებში), რომ „კონსენსუსის“ ნაცვლად ვიხმაროთ „შეთანხმება“, ვინაიდან ეს ლათინური სიტყვა სწორედ ამას ნიშნავს. მაგრამ კონსენსუსი ყოველგვარი შეთანხმება როდია. პოლიტოლოგიურ ლექსიკონში იგი ასეთი მნიშვნელობით დამკვიდრდა: შეთანხმება კენჭისყრის გარეშე, რომლის სისწორეში ზოგიერთი მონაწილე შესაძლოა ბოლომდე დარწმუნებული არ იყოს, მაგრამ, ზოგადი მოსაზრებებიდან გამომდინარე, ანგარიშს უწევს უმრავლესობის ნებას.


უცხო ენიდან შემოსული ზოგი სიტყვის გამოყენებით მარჯვედ ხერხდება ირონიული (ზოგჯერ სატირული) დამოკიდებულების გამოხატვა. შევადაროთ ერთმანეთს „ჩემი ყოფილი მეგობარი“ და „ჩემი ექსმეგობარი“. პირველი ნეიტრალური სტილური შეფერილობის გამოთქმაა, მეორე – აშკარად ირონიის შემცველი. „ვოიაჟიც“ სტილისტიკურად ნეიტრალური „მოგზაურობის“ ირონიულ შესატყვისად მკვიდრდება.


მოითხოვენ „ინსპირაციის“ ნაცვლად ვთქვათ „შთაგონება“. ამათი მონაცვლეობით ხმარება ნამდვილად სასურველია, მაგრამ ანგარიშგასაწევია ის გარემოება, რომ „შთაგონება“ ყოველთვის არ არის „ინსპირაცია“ ანუ შემოქმედებითი აღფრთოვანება, სამოქმედოდ განწყობა – ზოგჯერ ის „სუგესტიაა“ – ჰიპნოზია.


ამრიგად, უცხო სიტყვა თავიდან გვაცილებს მშობლიური სიტყვის პოლისემიით გამოწვეულ უხერხულობას და ამით განიმტკიცებს პოზიციას.


„იმიჯი“ ქართულად „სახეა“, მაგრამ „სახეს“ ქართულში ბევრი მნიშვნელობა აქვს. თუ გავიგონებთ, „სახეს უფრთხილდებაო“, ვერ მივხვდებით რინგზე გასულ მოკრივეზეა საუბარი თუ ადამიანზე, ვინც ცდილობს პრესტიჟი არ შეელახოს, სახელი არ გაუტყდეს. გამოთქმა „იმიჯს უფრთხილდება“ ამგვარ გაუგებრობას არ იწვევს, ვინაიდან „იმიჯი“ ჩვენს ენაში მხოლოდ „პრესტიჟის“ მნიშვნელობით დამკვიდრდა (რატომ ჩაანაცვლა მან ფრანგული წარმომავლობის „პრესტიჟი“ ეს ცალკე მსჯელობის საგანია).


თითქმის ყოველი ახალი უცხო სიტყვის გამოჩენა პროტესტს იწვევს. ახლა სოციალურ ქსელებში აპროტესტებენ ბოლო დროს, სამწუხაროდ, ხშირად ხმარებულ „კლასტერს“, კორონაინფექციას რომ შემოჰყვა – მის მაგივრად გვთავაზობენ „ჯგუფს“. ინგლისურად კლასტერს (cluster) ეს მნიშვენლობები აქვს: 1. კორომი (ჯგუფად მდგარი ხეები); 2. შეკვრა, კონა, მტევანი; 3. ჯგუფი (მათ შორის ადამიანების).


როცა უცხო სიტყვა შემოდის როგორც მეცნიერული ტერმინი, მის წინააღმდეგ ბრძოლა განსაკუთრებით ძნელია, ვინაიდან მას ერთი დიდი უპირატესობა აქვს: განსხვავებით „ჩვეულებრივი“ სიტყვებისაგან, რომელთაც, როგორც წესი, პოლისემია ახასიათებს, ტერმინის სახით შემოსული უცხო სიტყვა დარგის ფარგლებში ერთადერთი მნიშვნელობის მატარებელია, რაც გამორიცხავს პოლისემიით გამოწვეულ გაუგებრობას. ამას კი მეცნიერებაში დიდი მნიშვნელობა აქვს.


კლასტერი, როგორც სამედიცინო ტერმინი, ჩვენს ენაში ერთადერთი მნიშვნელობით შემოვიდა: „ჯგუფი ადამიანებისა, რომელთაც ერთმანეთს გადასდეს ინფექციური დაავადება“.


სიტყვა ჯგუფს კი (რომლითაც მოითხოვენ კლასტერის ჩანაცვლებას) ქართულში ასეთი მნიშვნელობები აქვს: 1. რამდენიმე ერთმანეთთან ახლოს მყოფი ვინმე (ან რამე), – გუნდი; 2. გარკვეული ნიშნის მიხედვით (მდგომარეობით, საქმიანობით...) გამოყოფილი ერთობლიობა ადამიანებისა; 3. კლასიფიკაციის შედეგად გამოყოფილი საგნების (მოვლენების) ერთობლიობა (ქეგლ).


სწორედ ამის გამო კლასტერი არათუ არ განიდევნა, არამედ მან გაიფართოვა კიდევაც გამოყენების არეალი: დღევანდელ ქართულში ამ სიტყვით ირონიულად მოიხსენიებენ აგრეთვე ნებისმიერ ჯგუფს ადამიანებისას, როცა მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვა სურთ.


ორ რამეს უნდა ვერიდოთ განსაკუთრებით უცხო სიტყვების ხმარებისას. ერთი გახლავთ ე. წ. მოდური სიტყვები. მოდურს უწოდებენ სიტყვას, რომელიც მომაბეზრებელი სიხშირით იხმარება. ასეთი კი მშობლიური სიტყვაც შეიძლება იყოს (მაგალითად, მშვენიერი სიტყვა „მოიაზრება“ ამ ბოლო დროს ისე ხშირად ისმის, გვაღიზიანებს, ამიტომ დროდადრო ის უნდა ჩავანაცვლოთ სინონიმებით: „იგულისხმება“, „ივარაუდება“), მაგრამ უმეტესად ამგვარი რამ უცხო სიტყვებს ემართება. მაგალითად, „ნარატივის“ ნაკლი ის კი არ არის, რომ უცხო სიტყვაა (ჟურნალიც უცხო სიტყვაა, მაგრამ ყურს არ გვჭრის) – „ნარატივი“ დიდი ხანია წარმატებით გამოიყენება ლიტმცოდნეობაში. გამაღიზიანებლი ის არის, რომ ეს სიტყვა წამდაუწუმ გაისმის დღეს პოლიტიკოსთა და ჟურნალისტთა მეტყველებაში სრულიად ყოფითი შინაარსის გადმოსაცემად, სადაც მისი ჩანაცვლება შეიძლება „ამბით“, „შეხედულებით“, „აზრით“, „მოსაზრებით“, „სათქმელით“, „ნათქვამით“ და სხვ.


ასევე მოდური სიტყვა გახლავთ დღეს ერთობ ხშირად ხმარებული „დისკურსი“, რომელსაც ისეთი ჯადოთვისება აქვს, რომ სავსებით ძნელად თუ შეველევით: პრაქტიკულად შეუძლებელია მისი უმართებულოდ ხმარება! პრაქტიკულად შეუძლებელია მოიძებნოს კონტექსტი, სადაც მისი გამოყენება შეცდომა იქნებოდა, და თან ღრმა მეცნიერულ ელფერს ანიჭებს ნებისმიერ ნარატივს! მაგალითად, სტატიის ასეთ სათაურს – „ტყემლის საწებელი ვითარცა დისკურსი“ – ვერავითარ ხინჯს ვერ უპოვით!


მეორე, რასაც ცეცხლივით უნდა ვერიდოთ, არის უცხო სიტყვათა დახვავება წინადადებაში, რაც გაგონილიდან ან წაკითხულიდან აზრის გამოტანას ძალიან ართულებს, თუნდაც კარგად ნაცნობი სიტყვებისგან იყოს ფრაზა შედგენილი. ეს სენი ძნელი სამკურნალოა. ასეთ დროს კარგი შედეგი მოაქვს უცხო სიტყვების მოყვარულის გასაგონად წარმოთქმულ ირონიულ-პაროდიულ რეპლიკას, რომელსაც ერთ უცხოურ წიგნში წავაწყდი და ასე გადმოვაქართულე:


„უცხო სიტყვათა უზუსი მინიმუმამდე უნდა იქნეს რედუცირებული!“


ლევან ბრეგაძე
  • 5
  • 3773
0 Comments