წითელი ვერსია
  • 5
  • 2192

კიდევ ერთხელ სიუჟეტის შესახებ

27 მარტი 2020

და რადგან არ არსებობს არაფერი იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ამბავი (სიუჟეტი), მოდით, კიდევ ერთხელ შევჩერდეთ ამ თემაზე.


ამერიკელი მწერალი კურტ ვონეგუტი ამბობდა, რომ არსებობს რვა ძირითადი სიუჟეტური მიმართულება, რომელიც შემდეგ იშლება რამდენიმე ისტორიად. ესენია:


1. კაცი ორმოში („სიღარიბიდან სიმდიდრემდე“) - მთავარ გმირი პრობლემებში ეხვევა, რომლიდანაც თავს აღწევს და დასასრულს, გამარჯვებული შინ ბრუნდება (გამოცდილებით ან ჯილდოთი).


2. ბიჭი ხვდება გოგოს - მთავარი გმირი შეხვდება ვიღაცას, დროებით მის გულს დაიპყრობს, დაკარგავს და შემდეგ სამუდამოდ მიაღწევს საწადელს.


ეს პირველი ორი სიუჟეტი ლიტერატურაში ყველაზე ხშირად გვხვდება. ამ ორ ხაზზეა აწყობილი მსოფლიო ლიტერატურული მემკვიდრეობა. ცალკე მიმართულებად გამოიყო რელიგიური (მისტიური) სიუჟეტური ხაზი.


3. სამყაროს შექმნის ამბავი - ბევრ კულტურაში ღმერთი (ზებუნებრივი ძალა) ადამიანს განსაკუთრებულ ძალას აძლევს. დასაწყისისთვის მიწას და ცას, შემდეგ საჩუქრები უფრო მარტივდება.


4. ძველი აღთქმა - ღმერთი ადამიანს ყველა იმ სიკეთეს აძლევს, რომელიც მას აქვს. ადამიანი ამ სიკეთეს სწრაფად კარგავს და საუკუნოდ ეცემა.


აქაც მცირე შესწორებებია შესაძლებელი. მაგალითად, სიუჟეტური მიმართულება „ცუდიდან უარესისკენ“ - მთავარი გმირი ცუდად იწყებს, უფრო ცუდად განაგრძობს და კიდევ უფრო ცუდად ამთავრებს.


5. ახალი აღთქმა - ღმერთი ადამიანს აძლევს ყველა იმ სიკეთეს, რომელიც აქვს, შემდეგ ადამიანი კარგავს ნდობას, მაგრამ საბოლოოდ ნეტარებას მიაღწევს.


6. „კონკია“ (აღზევება - დაცემა - ისევ აღზევება) - მთავარი გმირი საწადელს აღწევს, შემდეგ კარგავს და ბოლოს დაკარგულს ისევ იბრუნებს. „კონკიას“ სიუჟეტის მიმართულებას აქვს მცირე ვარიაცია. მაგალითად, ერთ-ერთ ვერსიაში დასასრული ტრაგიკულია...


7. ცუდიდან უარესისკენ - თავიდან პერსონაჟს საქმე ცუდად აქვს, რაც დრო გადის, მისი მდგომარეობა უარესისკენ იცვლება.


8. საით წავიდე - ცხოვრებას ორაზროვნება ახასიათებს, რომელიც მუდამ გვახსენებს, კარგისკენ განვვითარდეთ თუ ცუდისკენ.


ყველა სიუჟეტი ასე თუ ისე ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლებიც პრობლემებს თავს აღწევენ, შემდეგ პოულობენ სიყვარულს და კარგავენ მას (ან იძენენ და კარგავენ ყველაფერს ერთად). კურტ ვონეგუტი წერდა, რომ „გმირის მოგზაურობის“ და „სიუჟეტური ხაზების“ აგებისას გასათვალისწინებელია ერის (ქვეყნის) კულტურული ისტორია, ხასიათი და ზნე.
ეს რაც შეეხება კურტ ვონეგუტს და მის ნაშრომს; მაგრამ, ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ არსებობს სამი, ოცი ან სულაც ოცდათექვსმეტი სიუჟეტი.


მაგალითად, ამერიკელი ჟურნალისტი და მწერალი კრისტოფერ ბუკერი წიგნში „შვიდი ძირითადი სიუჟეტი - რატომ ვყვებით ამბებს“ (გამოიცა 2004 წელს) გუსტავ იუნგზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ არსებობს სულ შვიდი სიუჟეტი. ესენია:


1. „მონსტრის დამარცხება“ - მთავარი გმირი ანტაგონისტური (ხშირად ბოროტი) ძალის დამარცხებას აპირებს. ეს ძალა მას ან მის სამშობლოს უქმნის საფრთხეს (მაგალითად: იან ფლემინგის „ჯეიმს ბონდი“, ბრემ სტოკერის „დრაკულა“, ჰერბერტ უელსის „სამყაროთა ომები“, აკირა კუროსავას „შვიდი სამურაი“ და სხვა).


2. „სიღარიბიდან სიმდიდრემდე“ - საწყალი მთავარი გმირი ძალას (სიმდიდრეს, ძალაუფლებას) დაეპატრონება, შემდეგ კარგავს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დაიბრუნებს, რის შედეგადაც ადამიანურად და ემოციურად მაღლდება, იზრდება როგორც პიროვნება. მაგალითად: ხალხური ზღაპრები „კონკია“ და „ალადინი“, შარლოტა ბრონტეს „ჯეინ ეარი“, ჩარლზ დიკენსის „დევიდ კოპერფილდი“ და სხვა.


3. „თავგადასავალი“ - მთავარი გმირი და მისი მეგობრები გადაწყვეტენ მნიშვნელოვანი (ძვირფასი) ნივთის ხელში ჩაგდებას, ან რაიმე ადგილამდე მისვლას. გზაში მათ არაერთი ცდუნება შეხვდებათ და უამრავი ხიფათი გადახდებათ (მაგალითად: ჰომეროსის „ილიადა“ და „ოდისეა“, ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებელი“ და სხვა).


4. „მოგზაურობა და შინ დაბრუნება“ - მთავარი გმირი უცხო ქვეყანაში მიდის, გზად უამრავ წინაღობას გადალახავს, გამოიტანს სწორ დასკვნას, შეიცნობს და შეისწავლის ადგილს, სადაც იმოგზაურა და შინ ცოდნით დამძიმებული ბრუნდება (მაგალითად, ჩარლზ ლ. დოჯსონის „ალისას თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში“, ჰერბერტ უელსის „დროის მანქანა“, მარგარეტ მიჩელის „ქარწაღებულნი“, ირენ მეკის „მეფე ლომი“ და სხვა).


5. „კომედია“ – (კომედია იუმორზე მეტია) მხიარული და ხალისიანი მთავარი გმირით და კეთილი დასასრულით; დრამატული ამბავი, სადაც მთავარი მოტივი არასასურველ გარემოებასთან გამკლავებაა, რომელსაც ბედნიერი ფინალისკენ მივყავართ. ეს ის სიტუაციაა, სადაც კონფლიქტი სულ უფრო ჩახლართული და გაუგებარი ხდება. ბოლოს კი, ერთ სცენაში ყველაფერი ირკვევა (მაგალითად: უილიამ შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“ და „აურზაური არაფრის გამო“, ელენ ფილდინგის „ბრიჯიტ ჯონსის დღიური“ და სხვა).


6. „ტრაგედია“ - მთავარი გმირი, რომელსაც სერიოზული უარყოფითი თვისება აქვს, ან დაშვებული აქვს დიდი შეცდომა, რომელსაც მის განადგურებამდე მივყავართ. სამწუხარო დასასრული სიბრალულს იწვევს, რადგან დადებითი პერსონაჟის განადგურებასაც იწვევს. (მაგალითად, უილიამ შექსპირის „მაკბეტი“ და „რომეო და ჯულიეტა“, ლევ ტოლსტოის „ანა კარენინა“, პროსპერ მერიმეს „კარმენი“, გუსტავ ფლობერის „მადამ ბოვარი“ და სხვა).


7. „ხელახლა დაბადება“, ანუ ფერისცვალება - ხდება რაღაც ისეთი, რომელიც მთავარ გმირს ცხოვრების სტილის შეცვლისკენ უბიძგებს, შედეგად კი გმირს უკეთესობისკენ ცვლის (მაგალითად: ჯეინ ოსტინის „სიამაყე და მცდარი აზრი“, ჰანს კრისტიან ანდერსენის „ყინულის დედოფალი“, გაბრიელ სუზან ბარბო დე ვილნევის „ურჩხული და მზეთუნახავი“ და სხვა).


მიუხედავად ყველაფრისა, უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ლიტერატურა (და დიდი ლიტერატურა), სადაც მწერალი არ ეგუება სიუჟეტური ქსოვის მოთხოვნილებას და ყველაფრის დეკონსტრუქციას ახდენს. ანუ, ნაწარმოებში, მთავარი სიუჟეტი კი არ არის, არამედ ემოცია, სტილი და სათქმელი (ბედის ირონია ის არის, რომ ხშირად ემოცია სტილის გარეშე შეიძლება წაიკითხოთ, ან ხელში შეგვრჩეს მხოლოდ სტილი - სათქმელისა და ემოციის გარეშე, ან სულაც სათქმელი ამოიკითხო და მეტი არაფერი);


ამიტომ, სიუჟეტური ქარგა დღემდე რჩება ლიტერატურაში წარმატების მთავარ ფაქტორად. დანარჩენი გემოვნების და დროის ამბავია.


ბევრ ჩვენთაგანს დღიურების წერა უცდია. დღიურებში ემოცია ჭარბობს და ავტორი სიუჟეტურ ხაზს ნაკლებად მიჰყვება. საკმარისია ადამიანს გაუჩნდეს იმის განცდა, რომ დღიურის ფურცლები სათქმელისთვის საკმარისი არ არის, მაშინ იწყება სამწერლო კარიერაზე ფიქრი. ეს რა თქმა უნდა, მცდარი განცდაა, რადგან დღიური ემოციურ-ფსიქოლოგიური ფაქტორებისგან შედგება, ხოლო ჩვენ, ანუ ჩვეულებრივ მკითხველს, ავტორის ემოციურობის გარდა, ამბის წაკითხვა უნდა.


ასეა ჟურნალისტიკაშიც. როდესაც ჟურნალისტი გვიყვება ამბავს ადამიანზე, რომელმაც იმოგზაურა, სამშობლოში ვირუსით ჩამოვიდა, შემდეგ ვირუსი სხვას გადასდო, უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ემოცია, სტილი, სათქმელი, მაგრამ მაყურებელს/მკითხველს ამ ადამიანის ამბავი/სიუჟეტი აინტერესებს.


ბასა ჯანიკაშვილი
  • 5
  • 2192
1 Comments

Tumi Dishni

საინტერესო ანალიზია, რეალური და დამაფიქრებელი