წითელი ვერსია
  • 6
  • 4385

კეთილვინებოთ!

18 ივნისი 2023

ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!

(ნაწილი XXXIV)



სინონიმებს შორის ზოგჯერ თავაზიანი დამოკიდებულების გამომხატველი სიტყვები და გამოთქმებიც გვხვდება. მაგალითად, მოდი (ნეიტრალური სტილი) და მობრძანდი (თავაზიანი სტილი), დაჯექი (ნეიტრალური სტილი) და დაბრძანდი (თავაზიანი სტილი), მიცემა (ნეიტრალური სტილი) და ბოძება (თავაზიანი სტილი).


ამ უკანასკნელისგან იწარმოება ასეთი თავაზიანი მიმართვა: „ნება მიბოძეთ“, რომლის სტილისტიკურად ნეიტრალური ვერსია იქნება „ნება მომეცით“, ხოლო სტილისტიკური შეფერილობით ამათ შორის არის საგულებელი „ნება დამრთეთ“.


„ნება მიბოძეთ“ გამოხატავს ღრმა პატივისცემას მბოძებლის მიმართ. იგი იმდენად მაღალფარდოვანი გამოთქმაა, რომ დღეს თითქმის მხოლოდ ირონიის ან მოჩვენებითი თავაზიანობის გამოსახატავად გამოიყენება, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ „მბოძებლის“ მიმართ წყენას, უკმაყოფილებას ან ბრაზს გამოვხატავთ.


მაგალითად,


ნება მიბოძეთ შეგახსენოთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზეა დამოკიდებული“;


„მე გახლავართ მინისტრი და ნება მიბოძეთ, პროცესი ისე წარვმართო, როგორც საჭიროდ ჩავთვლი".


ადვილი შესამჩნევია, რომ ნება შეიძლება ვიღაცამ ან ჩვენ – პირველ პირს – გვიბოძოს, ან – მესამე პირს (ნება უბოძეთ, დართეთ, მიეცით თქვენ მას/მათ). ხოლო თავისთავს ვერავინ ვერაფერს უბოძებს, ვინაიდან თავისი თავის მიმართ ღრმა პატივისცემის გამოხატვა ირონიულ კონტექსტშიც კი არაბუნებრივია.


ნორმალურია: „მე ჩემს თავს ნება მივეცი წინასწარი შეთანხმების გარეშე ვწვეოდი დირექტორს“;


არანორმალურია: „მე ჩემს თავს ნება ვუბოძე წინასწარი შეთანხმების გარეშე ვწვეოდი დირექტორს“.


კიდევ უფრო უმართებულოა, ვინმეს რაიმე ქმედებისკენ მოვუწოდოთ და ამის გამოსახატავად სათავისო ქცევის ფორმა გამოვიყენოთ ასე: „ნება იბოძეთ!“


ამგვარ სიტყვათშეთანხმებას ვერც ის გაამართლებს, რომ ამით მიმართვის ობიექტისადმი ირონიას, წყენას, ხოლო ზოგჯერ მრისხანებასაც კი გამოვხატავთ.


არადა, მასმედიაში წამდაუწუმ გვხვდება ეს ყოვლად მიუღებელი შესიტყვება. ვნახოთ მაგალითები:


„აქ არის უკვე უკიდურესად მძიმე მდგომარეობა, მათი შვილებისთვის თითო დღესაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ნება იბოძოს პრემიერმა, ნება იბოძონ ჩვენმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, [...] დღეს, როდესაც ბავშვების სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე არის საუბარი, [...] ამ ბავშვებს დაეხმარონ...";


„სანამ არ ვიბრძოლეთ, მანამდე სემეკმა ნება არ იბოძა და გამოძიებაც არ დაიწყო“;


„კობახიძესაც ვაფრთხილებთ და „ქართული ოცნების” დღევანდელ ხელმძღვანელობასაც – ჩაატარონ სრულყოფილი გამოძიება. ნება იბოძონ, იმოქმედონ და გარემო დაასტაბილურონ“;


ნება იბოძეთ და გამასამართლეთ „სახელმწიფო გადატრიალებისა და ФСБ-სთან თანამშრომლობისთვის“, როგორც ამას უკრაინული კანონმდებლობა მოითხოვს“;


ნება იბოძონ და დაგვიფინანსონ მედიკამენტი“;


„იქნებ ნება იბოძოს და ახსნა-განმარტებები გააკეთოს ელჩმა“;


„ჩვენ უარს არ ვამბობთ მოვალეობის შესრულებაზე და ნება იბოძეთ მოუსმინეთ ამ მტკიცებულებებს“;


„ყველამ ნება უნდა იბოძოს, გაიაზროს პასუხისმგებლობა, იმდენი ტვინი თუ არ აქვს, რომ ეს პასუხისმგებლობა გაიაზროს, მოქალაქეებს მაინც მიაქციოს ყურადღება, რომელთაც ხმა მისცეს, ნება იბოძოს, შევიდეს და იყოს იქ, სადაც პოლიტიკა კეთდება...“;


თავს ვერ ვიმართლებთ იმით, რომ ეს მცდარი შესიტყვება ძირითადად რესპონდენტთა მეტყველებაში გვხვდება: ჟურნალისტი მოვალეა რესპონდენტის მიერ გამოყენებული მცდარი გამოთქმა ბეჭდურ ვერსიაში ვითარების შესაბამისი სწორი გამოთქმით შეცვალოს.


და რომელია ეს სწორი გამოთქმა ამ შემთხვევაში?


ადვილად ხელმისაწვდომ „სასკოლო ორთოგრაფიულ ლექსიკონში“ ვკითხულობთ: „ნება იბოძეთ კი არა კეთილინებეთ, მაგრამ: ნება მიბოძეთ (ნება მომეცით/დამრთეთ)“.


დიახ, კეთილინებეთ ან კეთილი ინებეთ (ასეც შეიძლება).


დამოწმებულ მაგალითებში მცდარი „ნება იბოძოს“, „ნება იბოძონ“, „ნება იბოძეთ“ ადვილი ჩასანაცვლებელია მართებული ფორმებით: „კეთილინებოს“, „კეთილინებონ“, „კეთილინებეთ“ (ან: „კეთილი ინებოს“, „კეთილი ინებონ“, „კეთილი ინებეთ“), მაგრამ ზოგჯერ, როცა „ნება იბოძა“-ს შემადგენელი კომპონენტები სხვა სიტყვებით არის გათიშული, რედაქტირებისას მცირეოდენი პრობლემა იჩენს თავს.


ასეთ შემთხვევებს ვგულისხმობთ:


„სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაიმ“ მცირეწლოვანის ოპერაციის დაფინანსების ნება მხოლოდ მას შემდეგ იბოძა, რაც ტრაგედია უკვე დატრიალებულიყო“.


აქ „ნება... იბოძა“-ს მექანიკურად ვერ შევცვლით „კეთილი ინება“-თი, რაშიც ადვილად შეგვიძლია დავრწმუნდეთ, თუ ამას შევეცდებით, ამიტომ ფრაზა ასე უნდა გასწორდეს:


„სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაიმ“ მცირეწლოვანის ოპერაციის დაფინანსება მხოლოდ მას შემდეგ ინება, რაც ტრაგედია უკვე დატრიალებულიყო“.


ადვილი შესამჩნევია, რომ „იბოძაზე“ უარის თქმამ ფრაზის ირონიული შეფერილობა თან არ გაიყოლა.


საინტერესოა, რომ კეთილინებეთ დღესდღეობით მხოლოდ ირონიულ კონტექსტებში გამოიყენება, განსხვავებით მისი რუსული შესატყვისისგან: извольте, რომელიც მეტწილად „ნამდვილი“ თავაზიანობის, მეტიც – მოწიწების გამომხატველიც კი არის.


ასე რომ, კეთილვინებოთ (და არა ნება ვიბოძოთ!) და ხელი ავიღოთ ბოძება ზმნის სათავისო ქცევის ფორმით გამოყენებაზე, რისთვისაც ის სრულიად გამოუსადეგარია!




ლევან ბრეგაძე
  • 6
  • 4385
0 Comments