წითელი ვერსია
  • 9
  • 3741

დავკარგე თუ არა ნახევარი ცხოვრება?

24 ნოემბერი 2022

ბოლო დროს კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფონზე საქართველოში გააქტიურებულმა არაბული ფონეტიკის საკვანძო საკითხებმა ერთი სუფისტური იგავი გამახსენა, რომელიც ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევიშიც“ გვხვდება, მანამდე კი ეს იგავი არაბულად გვასწავლა ქალბატონმა თინათინ მარგველაშვილმა.


ერთ დღეს ერთი გრამატიკოსი ნავში ჩაჯდა და მენავეს ჰკითხა: გრამატიკა თუ გისწავლიაო?


- არაო, - უპასუხა მენავემ!


- მაშინ ნახევარი ცხოვრება დაგიკარგავსო! - უთხრა გრამატიკოსმა.


გაცურეს და უცებ ზღვაზე დიდი ქარიშხალი ამოვარდა.


მიუბრუნდა მენავე და ჰკითხა გრამატიკოსს:


- ცურვა თუ იციო?


- არაო! - მიუგო გრამატიკოსმა.


- მაშ, მთელი ცხოვრება დაგიკარგავსო! - ნიშნი მოუგო მენავემ.


ეს იგავი, რომელიც თეორიული ცოდნის მნიშვნელობას აყენებს ეჭვქვეშ, აუცილებელ ცხოვრებისეულ უნარებთან შედარებით, იმასაც გვასწავლის, რომ სხვა პროფესიის ადამიანს არ უნდა მოსთხოვო იმის ცოდნა, რაც შენ პროფესიად გაგიხდია და რის ცოდნაშიც დიდი უპირატესობა გაქვს სხვებთან შედარებით.


ამიტომაც წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ ვეკამათო ფიზიკოსს ან, მითუმეტეს, რამე შევუსწორო მაშინ, როცა ის თავისი სპეციალობის სპეციფიკურ საკითხებზე მსჯელობას წამოიწყებს.


საქართველოში სრულიად სხვაგვარად ხდება: ადამიანების საკმაოდ ანგარიშგასაწევ ჯგუფს ჰყოფნის იმისი სითამამე, რომ, პირობითად, გია დვალს ეკამათოს კვანტური ფიზიკის საკითხებზე და თავი ისე ეჭიროს, თითქოს ამ ამბავში ყველაზე მეტი სწორედ მას მოეხსენება.


მითუფრო ხელწამოსაკრავი ჰგონიათ ზოგადი ენათმეცნიერება და კერძოდ, ფონეტიკა-ფონოლოგია და არ იციან, რომ ამ საგანს ფილოლოგები სამი სემესტრის განმავლობაში ვსწავლობდით დარგის ისეთ დიდ სპეციალისტთან, როგორიც ქალბატონი ნათელა ქუთელია ბრძანდებოდა.


თქვენ წარმოიდგინეთ, ფონეტიკა-ფონოლოგიის ერთ მიმართულებაში ისიც კია დადგენილი, რომელი ენიდან (ვთქვათ, რომელი აღმოსავლური ენიდან) შემოსული სიტყვის ესა თუ ის ბგერა როგორ გადმოდის მსესხებელ (ქართულ) ენაში.


მაგალითად, არაბული ანბანის 21-ე ასო, ფარინგალიზებული, ყრუ, ხშული, უვულარი „კაფი“ - .ق


არაბულში ეს სპეციფიკური ბგერა, მარტივად რომ ავხსნათ, არის რაღაც შუალედური ქართულ კ-სა და ყ-ს შორის, რომელიც წარმოთქმისას უფრო კ-საკენ იხრება.


იმ არაბული სიტყვების სესხებისას, რომლებშიც ბგერა „კაფი“ გვხვდება, არსებობს გარკვეული ისტორიული ტრადიცია, რომელიც ქართულში ამ ბგერის ხან „ყ“-დ მოდიფიკაციას და ხანაც მის „კ“-დ გადმოტანას უჭერს მხარს.


მაგალითად, - „ყურანი“, „ერაყი“, „არაყი“, „ყუათი“, „ყუთი“, „ყაიდა“.


მაგრამ გვაქვს: - „კატა“ (არაბ. კიტტა), „კაბა“, „კაირო“ „კალამი“ (და პარალელურად „ყალამი“).


საერთოდ, ერთი ენიდან მეორე ენაში სიტყვათა სესხებისას ბგერათშესატყვისობანი ერთის მხრივ, შეიძლება ემორჩილებოდეს გარკვეულ წესს, მაგრამ მეორე მხრივ, ამ წესიდან გვქონდეს გადახვევები მსესხებელი ენის ფონეტიკური სტრუქტურის შესაბამისად.


მაგალითად, ზუსტად ვერავინ გეტყვით, რატომ შემოვიდა და დამკვიდრდა თავის დროზე სპარსული „თეჰრან“ ქართულში „თეირანად“.


ის, რაც ტრადიციულად არის შემოსული და დამკვიდრებული, თანამედროვე ნორმებითაც ასევე უნდა დარჩეს, თუმცა სახელმწიფო ენის დეპარტამენტი დიდი ხანია მუშაობს უცხო ენებიდან ქართულში შემომავალი ლექსიკის ბგერათშესატყვისობების დადგენაზე. ამ მუშაობაში აღმოსავლეთმცოდნეებიც აქტიურად ვმონაწილეობდით. და სწორედ ჩვენს რეკომენდაციებზე დაყრდნობით შეიმუშავა სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა წესი, რომ არაბული ფონემა „კაფი“ ქართულში კ-დ გადმოდის, გარდა ტრადიციულად დამკვიდრებული და ენაში უკვე მყარად გამჯდარი შემთხვევებისა, მაგ. იგივე „ერაყი“, „ყაიდა“ და ა. შ.


ზემოთ ჩემი ორი ძვირფასი მასწავლებელი - არაბისტი თინათინ მარგველაშვილი და ენათმეცნიერი ნათელა ქუთელია გავიხსენე და მათთან დაკავშირებით კიდევ ერთი ამბავი მახსენდება, რომელმაც თავის დროზე ჩემზე ძალიან იმოქმედა.


როცა არაბულიდან VII საუკუნის დიდი არაბი მწერლის იბნ ალ-მუკაფას „წიგნი ქალილასა და დიმნასი“ ვთარგმნე, თინათინ მარგველაშვილის რჩევით, არაბული საკუთარი სახელები არაბული ტრანსლიტერაციით გადმოვიტანე და ცხადია, იმ ორი შესანიშნავი ტურის სახელიც, რომელსაც ქართული ტრადიცია „ქილილა და დამანად“ იცნობს და მოიხსენიებს. და ეს ტრადიცია იმდენად გამჯდარია, რომ ადამიანთა სახელებადაც გვხვდება ქართულში.


ამ ამბავმა ქალბატონი ნათელა ქუთელიას ნამდვილი მრისხანება გამოიწვია და რასაკვირველია, როგორც სჩვეოდა ხოლმე, ერთ-ერთი შეხვედრისას, ეს მრისხანება თავზე პირდაპირ ქუჩაში დამაფრქვია. მე ღიმილით „გადავამისამართე“ ქალბატონ თინასთან, და ამის შემდეგ დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო.


ყოველთვის, როცა ეს ორი, თითქმის განუყრელი მეგობარი ერთად იყო და მე მათ საზოგადოებაში აღმოვჩნდებოდი, ქალბატონი ნათელა კოპებშეკრული გადახედავდა ქალბატონ თინას და დაუძახებდა:


- ქილილა, თინა!


ქალბატონი თინა ასევე პირგამეხებული პასუხობდა:


- ქალილა, ნათელა!


- დამანა, თინა!


- დიმნა, ნათელა!


მე ეს ვითარება ძალიან მართობდა, თუმცა მაინც ქალბატონი თინათინ მარგველაშვილის მხარეს ვიყავი ამ კონკრეტულ შემთხვევაში.


მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად მესმოდა ქალბატონი ნათელა ქუთელიას არგუმენტიც:


„შენ რა გგონია, იმ ძველმა ქართველმა არ იცოდა, როგორ იკითხებოდა სწორად ეს სახელები არაბულად ან სპარსულად? მაგრამ ქართულმა ფონეტიკურმა სისტემამ ისინი „ქილილად“ და „დამანად“ აქცია. ასე მიიღო და შეითვისა ჩვენი ენის ბუნებამ“.


და დიდი ენათმეცნიერის ამ სიტყვებში, რა თქმა უნდა, იყო ლოგიკა.


ჩვენ ძალით ვერაფერს მოვახვევთ თავს ენას, რომლის ნამდვილი შემოქმედი, ნამდვილი კანონმდებელი უბრალო ხალხია.


ამიტომაც, სრულებით ინდიფერენტული ვარ იმის მიმართ, ვინ როგორ წარმოთქვამს ამ „კატარსა“ თუ „ყატარს“.


დაე, ყველამ ისე თქვას, როგორც ეადვილება. წერით კი, კულტურული კაცი, რა თქმა უნდა გაითვალისწინებს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის რეკომენდაციებს, რომლებიც უბრალოდ და ჰაიჰარად („მე, ძმაო, 25 წელიწადია ყატარში ვცხოვრობ და ასე მესმის და არა სხვანაირად“ - პრინციპზე) არ იქმნება.


ერთი სიტყვით, მე, რომელიც მთელი ცხოვრებაა ვსწავლობ ულამაზეს და უმდიდრეს არაბულ ენას, მაინც ვერ ვიტყვი იმას, რომ თუ ვინმემ არაბული არ იცის, ნახევარი ცხოვრება დაუკარგავს.



ფოტო სახელმწიფო ენის დეპარტამენტი




გიორგი ლობჟანიძე
  • 9
  • 3741
0 Comments