წითელი ვერსია
  • 0
  • 2265

ქართული ტელემედია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ

20 თებერვალი 2021

შარშანდელმა საპარლამენტო არჩევნებმა, ცალკეული შენიშვნებისა და რეკომენდაციების მიუხედავად, კენჭისყრის შემდეგ მალევე დაიმსახურა აღიარება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო პარტნიორთა მხრიდან. გამონაკლისია პოლიტიკური ოპოზიცია, რომლის დიდი ნაწილიც დღემდე არ აღიარებს არჩევნების შედეგებს.


2020 წლის 31 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ ზედიზედ მესამე ვადით მიიღო ქვეყნის მართვის მანდატი, თუმცა ოპოზიციის ხისტი და რადიკალური პროტესტი დღემდე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქართული მედიის დღის წესრიგზე, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“, ტრადიციულად, ძლიერი პოზიციები უკავია.


მაგრამ თუ ადრე პოსტსაარჩევნო პერიოდში მედიის რადიკალიზაციისა და პოლარიზაციის ხარისხი მალევე იკლებდა და არჩევნებამდელ ნიშნულს უახლოვდებოდა, ახლა ამგვარი კლება არ შეინიშნება (ყოველ შემთხვევაში, ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ არხებზე − ტვ „პირველზე“, „ფორმულასა“ და „მთავარ არხზე“).


პირიქით, ამ არხებზე აშკარად იკვეთება 2003 წლის იმ რევოლუციური სცენარის „გამეორების“ მცდელობა, რომელშიც მედიამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის მობილიზებისა და „დამუხტვის“ საქმეში.


მეორე მხრივ, ტელეკომპანია „იმედის“ მხრიდან, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გვევლინებოდა, როგორც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული მედიასაშუალებების მთავარი „საინფორმაციო ვიზავი“, თავიდან აშკარად შეინიშნებოდა „არჩევნების დასრულების“ მცდელობა.


ამის დასტურად შეიძლება ჩაითვალოს თუნდაც ცნობილი წარწერის („გარეჯი საქართველოა“) ეკრანიდან მოხსნა, რომელიც საზოგადოებისთვის მოიაზრებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში დავით გარეჯთან მიმართებაში დაკავებული დამთმობი პოზიციის შემახსენებელ გზავნილად. მაგრამ „იმედმა“ ქართული მედიის ჩვეულ კალაპოტში დაბრუნება ვერ მოახერხა და ძალიან მალე თავად შეიქნა იძულებული, ნაწილობრივ მაინც, „საარჩევნო“ რეჟიმში დაბრუნებულიყო.


რაც შეეხება სხვა საერთოეროვნულ ტელემაუწყებლებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ქვეყნის საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ დღის წესრიგზე, მათ მუშაობაში არ შეინიშნება რაიმე განსაკუთრებული ცვლილება ან გადახრა ბოლო წლებში ჩამოყალიბებული სარედაქციო სტრატეგიისგან. თუმცა, იკვეთება რამდენიმე საინტერესო ტენდენცია, რომლებიც მომავალში, შესაძლოა, კიდევ უფრო გაძლიერდეს.


საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი


პირველი არხი ყველაზე ხანგრძლივი ისტორიისა და ტრადიციების მქონე ტელევიზიაა ქვეყანაში. მუშაობა დაიწყო ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში, 1956 წელს და საბჭოთა პრაქტიკის თანახმად, დაარსებიდანვე იმყოფებოდა ხელისუფლების პირდაპირი კონტროლის ქვეშ.


2004 წელს არხი ოფოციალურად გამოვიდა სახელმწიფოს დაქვემდებარებიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი მიიღო, თუმცა ათწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებული ინერციის შეჩერება მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში არ მომხდარა.


მეტიც, 2004-2012 წლებში ეს მედიასაშუალება „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი „დამრტყმელი არხის“, „რუსთავი 2“-ის ერთგვარ დანამატადაც კი გადაიქცა და მთლიანად დაექვემდებარა მმართველ პარტიას.


2012 წელს პირველი არხი გათავისუფლდა მმართველი პარტიის პირდაპირი დიქტატისგან, რის შემდეგაც საზოგადოებრივ-პოლიტიკური კომპონენტი გაცილებით უფრო გაწონასწორებული გახდა, თუმცა პოლიტიკური ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები პირველ არხს კვლავინდებურად მმართველ პოლიტიკურ ძალასთან აკავშირებენ.


ობიექტური შემფასებლის გადასახედიდან, წინა ხელისუფლების მმართველობის წლებისგან განსხვავებით, ამჟამად არხი პროსახელისუფლებო პროპაგანდას, მართალია, არ ეწევა, მაგრამ არც განსაკუთრებით კრიტიკულია მის მიმართ.


ბოლო ორი ათწლეულის მსგავსად, პირველი არხის მთავარ პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მისი საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური კომპონენტი არასაკმარისად რეიტინგულია, რისი მიზეზიც, შესაძლოა, ობიექტურ გაშუქებაზე მოთხოვნის დეფიციტიც იყოს.


ოპოზიცია და მისი მომხრეები პირველ არხს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხელისუფლებასთან აკავშირებენ, ხოლო თავად ხელისუფლების მომხრეებს, როგორც ჩანს, ურჩევნიათ ინფორმაცია იმ არხისგან (თუნდაც იმავე „იმედისგან“) მიიღონ, რომელიც კრიტიკულ მომენტებში პირდაპირ აფიქსირებს თავის უარყოფით დამოკიდებულებას „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ.


შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ვალდებულია ასახავდეს საზოგადოების ყველა ფენის ინტერესებს და ინარჩუნებდეს ბალანსს სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს შორის, ვერ ახერხებს თავისი აუდიტორიის საგრძნობლად გაზრდას. ეს პრობლემა განსაკუთრებით სწორედ „ცხელ“ პოლიტიკურ პერიოდებში იგრძნობა, როცა რადიკალიზაციის ხარისხი განსაკუთრებით იზრდება.


აქვე შეგვიძლია თვალი გადავავლოთ იმ ძირითად საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, ამბებსა და აქცენტებს, რომლებიც თებერვლის პირველი კვირაში პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებების ყურადღების არეალში მოექცა.



„მაესტრო“


ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების მტკიცებით, პირველი არხის მსგავსად, ამჟამად „მაესტროც“ პროსამთავრობო არხია, თუმცა, თუ არხის პოზიციაზე მისი საინფორმაციო ბადის მიხედვით ვიმსჯელებთ, ნათელი გახდება, რომ ამის საფუძველი ნაკლებად გვაქვს.


ოპოზიციის პრეტენზიები, იმით შეიძლება აიხსნას, რომ ის პროსახელისუფლებლოდ მიიჩნევს ყველა იმ მედიასაშუალებას, რომელიც პირდაპირ ან ირიბად არ იმართება თავად ოპოზიციის მიერ და თუ იგი არ ატარებს აშკარად ანტისახელისუფლებო პოლიტიკას.


„მაესტროს“ სარედაქციო სტრატეგია საკმაოდ ახლოს დგას პირველი არხის სტანდარტთან, განსაკუთრებით, ბალანსის კუთხით. ამიტომ ღიად ოპოზიციური ან „ანტიოპოზიციური“ არხებისგან განსხვავებით, მასში იკითხება მიუკერძოებელი ინფორმირების მცდელობა.


ამასთან, „მაესტროს“ სპეციფიკად შეიძლება ის ჩავთვალოთ, რომ პირველ არხთან შედარებით იქ მეტი ყურადღება ეთმობა სოციალურსა და ეკონომიკურ საკითხებს. ეს, შესაძლოა, იმითაც იყოს გამოწვეული, რომ „მაესტროს“ არ აქვს კონკრეტული საზოგადოებრივი ვალდებულებები და უფრო მოქნილია საეთერო ბადის შემუშავების პროცესში. აღსანიშნავია, რომ დღეს არც „მაესტრო“ მიეკუთვნება მაღალრეიტინგული ტელეარხების კატეგორიას (ალბათ, იმავე მიზეზებით, რომლებზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ).


მართალია, „მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვებების რიტორიკა და კილო უფრო დაძაბულია, ვიდრე პირველი არხის „მოამბისა“, მაგრამ აშკარა მიკერძოება არცერთი პოლიტიკური ჯგუფის მიმართ არ შეინიშნება. მთლიანობაში ამ არხის საინფორმაციო ბადე ისეა ჩამოყალიბებული, რომ მაყურებელს შეუძლია თავად, წამყვანთა დაუხმარებლად გააკეთოს პოლიტიკური დასკვნები.



„რუსთავი 2“


2012 წლამდე „რუსთავი 2“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მთავარი პროპაგანდისტული მედიამანქანა იყო. საგულისხმოა ისიც, რომ არხი 2012 წლის შემდეგაც, ახლა უკვე არჩევნებში დამარცხებული „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგული დარჩა, რის გამოც მისი სარედაქციო პოლიტიკა მკვეთრად შეიცვალა და რადიკალურად ოპოზიციური გახდა.


2019 წელს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით, დასრულდა მრავალწლიანი იურიდიული დავა „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებით და ტელეკომპანია მის ადრინდელ მესაკუთრეს, ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა.


ამის შემდეგ „რუსთავი 2“ ცდილობს დანერგოს ევროპული ტიპის, მიუკერძოებელი და პროფესიონალური მაუწყებლობის პრაქტიკა. არხის ხანგრძლივი ისტორია და პოლიტიკური მეხსიერება ზოგჯერ მის სასარგებლოდ მუშაობს, ზოგჯერ კი პირიქით, ხელს უშლის ახალი იმიჯის შექმნას.


„რუსთავი 2“-ს, როგორც წესი, პირველ არხზე ან „მაესტროზე“ უფრო მაღალი რეიტინგი აქვს. საფიქრებელია, რომ ეს ნაწილობრივ მაინც არის განპირობებული მაყურებლის „შეჩვევის ფაქტორით“ ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა, ნებსით თუ უნებლიეთ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი სწორედ „რუსთავი 2“-იდან იგებდა ქვეყანაში მომხდარ მნიშვნელოვან ამბებს.


ასეთი ისტორია „რუსთავი 2“-ს, გარდა იმისა, რომ რეიტინგს უზრდის, პრობლემებსაც უქმნის: „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მხარდამჭერების ღრმა რწმენით, ტელეკომპანიის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს ზემონახსენები გადაწყვეტილება საფუძველს მოკლებული იყო და, შესაბამისად, ისინი დღევანდელ „რუსთავი-2“-ს პროსახელისუფლებო მედიასაშუალებად მიიჩნევენ.


არადა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და კენჭისყრის შემდგომ პერიოდში „რუსთავი 2“, მთლიანობაში, ცდილობს დაიცვას ტელემაუწყებლობის აღიარებული სტანდარტები და უმეტეს შემთხვევაში ახერხებს კიდეც, არ იქცეს მხარედ მედიასაშუალებებს შორის მიმდინარე დაპირისპირებაში.



„პოს TV“


ეს არხი ქართულ მედიასივრცეში ყველაზე „გულწრფელია“: მისი მესვეურები დაუფარავად აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ „ქართულ ოცნებას“, ხოლო ტელევიზიის ძირითდი დანიშნულება და მიზანი, მათივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მხარდამჭერი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაა.


„პოს TV“ აქტიურად იყო ჩართული წინასაარჩევნო პოლიტიკურ დაპირისპირებაში, რომელიც ძირითადად მედიების საშუალებით მიმდინარეობდა. „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკის გარდა, ახალი ამბების ზოლში „პოს TV“ აქტიურად აშუქებს იმ მოვლენებსაც, რომლებიც ხელისუფლებას დადებითად წარმოაჩენენ, თუმცა იმავე „იმედის“ საეთერო ბადისგან განსხვავებით, სადაც მმართველი გუნდის კრიტიკა წინასაარჩევნო პერიოდიდან მოყოლებული ეკრანიდან ფაქტობრივად გაქრა, „პოს ТV“-ში აქცენტი კეთდება არა იმდენად „ქართული ოცნების“ პროპაგანდაზე, რამდენადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკაზე.


„პოს TV“ არ ცდილობს იდეალური ხელისუფლებისა თუ რეალობის დახატვას, მაგრამ მმართველი გუნდის ხშირ შემთხვევაში ზომიერად დადებითი შეფასებიდან, როგორც წესი, ხდება მკვეთრი გადასვლა ოპოზიციაზე და ხელისუფლების დადებითი აღქმა ყალიბდება არა უშუალოდ მისი ქების, არამედ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შედარებისა და მისი მწვავე კრიტიკის ფონზე.



„ობიექტივი“


„პოს TV“-ის მსგავსად, „ობიექტივიც“ დაუფარავად არის დაკავშირებული კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან, კერძოდ - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან“, შესაბამისად, „ობიექტივი“ მთლიანობაში ასახავს და გამოხატავს „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკურ დღის წესრიგს, თუმცა „პოს TV“-ის მსგავსად, „ობიექტივზეც“ განსაკუთრებული ადგილი უკავია „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას.


გარდა ამისა, „ობიექტივისთვის“ ექსკლუზიურად დამახასიათებელ სარედაქციო შტრიხებად შეიძლება ჩაითვალოს განსაკუთრებული აქცენტი მოსახლეობის სოციალურ პრობლემებზე და ალტერნატიული საგარეო პოლიტიკის პროპაგანდა (პირდაპირი პოლიტიკური დიალოგი მოსკოვთან, სოხუმთან და ცხინვალთან; სამხედრო მიუმხრობლობის იდეა და ა. შ.).


„ობიექტივის“ ეთერში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რელიგიას და, კონკრეტულად, საქართველოს ეკლესიისა და მისი მეთაურის პოპულარიზაციას. აღსანიშნავია ისიც, რომ ობიექტივის ეთერში დავით გარეჯის საკითხს ერთ-ერთი მთავარი ადგილი ეკავა, ფაქტობრივად, მთელი შარშანდელი წლის განმავლობაში.


საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს შედარებით მცირე, მაგრამ საკმაოდ სტაბილური აუდიტორიის მქონე არხი, ქართული მედიის უფრო მსხვილი მოთამაშეების მსგავსად, „საარჩევნო“ რეჟიმში განაგრძობს მაუწყებლობას, რაც „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ არჩევნებისადმი დაკავებული პოზიციით უნდა იყოს განპირობებული.


შესაბამისად, დღეისათვის „ობიექტივის“ ძირითადი გზავნილები და თემები არის: პოლიტიკური კრიზისი, ეკონომიკური პრობლემები, სოციალური სიდუხჭირე, ბრძოლა ჰესების წინააღმდეგ და, უპირველეს ყოვლისა, მმართველი პარტიის მიერ „ხელისუფლების უზურპაცია“. დღესდღეობით სწორედ ასე აფასებს „პატრიოტთა ალიანსი“ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.


ზემოთქმულიდან გამომდინარე, ამ წუთისთვის „ობიექტივის“ ძირითადი გზავნილები, ფაქტობრივად, ემთხვევა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული არხების შეფასებებს - იმ განსხვავებით, რომ „ობიექტივი“ და „პატრიოტთა ალიანსი“ შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებლობას ორივე ძალას - „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ - აკისრებს.



დასკვნა: ქართული მედია, პოლიტიკური სპექტრის მსგავსად, მნიშვნელოვნად განსხვავდება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი მედიისგან.


თუ აქამდე მედია ფავორიტი პარტიის მხარდამხარ შედიოდა წინასაარჩევნო და საარჩევნო დაპირისპირებაში, ხოლო არჩევნების დასრულებისას უბრუნდებოდა მაუწყებლობის რეგულარულ სტილს, ახლა მედიასაშუალებები განაგრძობენ უკიდურესი დაპირისპირების რეჟიმში ბრძოლას, რითაც თავიანთ მაყურებელს გამუდმებით ამყოფებენ უკიდურეს პოლიტიკურ დაძაბულობაში.


მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა კარგა ხანია, მუშაობა დაიწყო და სახელმწიფოც განაგრძობს ფუნქციონირებას, სატელევიზიო მედიაში იქმნება შთაბეჭდილება, რომ არჩევნები ჯერ კიდევ არ დასრულებულა ან ტელეეკრანზე რომელიღაც სხვა ისტორიული პერიოდის ამსახველ კადრებს გვიჩვენებენ.


ყველაზე აქტუალურ თემებად დღემდე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები რჩება. არადა, პანდემიასთან მებრძოლი ქვეყანა არაერთი სხვა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას.



არჩილ სიხარულიძე
  • 0
  • 2265
0 Comments