წითელი ვერსია
  • 0
  • 6123

ქართული საზოგადოება თუ ქართველი საზოგადოება?

05 იანვარი 2022

ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!


(ნაწილი XXII)


ილია ჭავჭავაძე 1886 წლით დათარიღებულ სტატიაში, რომლის სათაურია „წინამძღვრიანთ-კარის ქართული სამეურნეო სკოლა“, წერს:


„ნუთუ ჩვენი ქართველი საზოგადოება არ მოხედავს, მართებულის გულ-მტკივნეულობით არ მოაწვდის ხელსა საშველად და ამ სკოლას, ბევრნაირად საგულისხმოს და სასარგებლოს, სახსარს არ მისცემს, სახსარს არ მოუგროვებს ცხოვრებისა და არსებობისათვის?“


სინტაგმას „ქართველი საზოგადოება“ იგი უფრო ადრე, 1879 წლის აპრილის „შინაურ მიმოხილვაშიც“ იყენებს:


„ახლა საქმე ჩვენზედ, ე. ი. ქართველ საზოგადოებაზედ, არის დამოკიდებული; უნდა აღმოვუჩინოთ რაც შეიძლება მეტი სახსარი და საშუალება, ფულით თუ სხვა რითიმე. ნურას დავზოგავთ ამ საქმისათვის!“


დღეს კი რა ვითარება გვაქვს ამ მხრივ?


დღეს თითქმის აღარავინ ამბობს და წერს „ქართველ საზოგადოებას“ და უმეტესად „ქართული საზოგადოება“ გვესმის და ამასვე ვკითხულობთ ბეჭდურ თუ ელექტრონულ მედიაში:


„რა ცვლილებებს ელოდება ქართული საზოგადოება არჩევნების შემდეგ“ (sputnik-georgia.com, 29.09.2021);


„პუტინის პროპაგანდა ცდილობს რყევაში ამყოფოს ქართული საზოგადოება“ (interpressnews.ge, 07.08.2021);


ქართული საზოგადოება ასეთ ხალხს მხარს არასდროს დაუჭერს“ (kvira.ge, 25.10.2021);


„არ ასახავს ქართული პარლამენტი ქართულ საზოგადოებას“ (interpressnews.ge, 05.03.2021);


„რა გავლენას ახდენს ქართული საზოგადოება პოლიტიკურ პარტიებზე“ (radiotavisupleba.ge, 01.15.2018)


ქართული საზოგადოება უფრო ფართო მცნებაა, რომელიც გამორჩეულია თავისი ბუნებითა და კლასიფიკაციით. ასეთ გამორჩეულს მას ხდის მუდმივი ბრძოლა, შფოთი, დაუმორჩილებლობა, ტემპერამენტი და ზოგჯერ გულგრილობაც კი (fortuna.ge, 24.12.2019).


მოკლედ, საკითხი ასე დგას: „ქართველი საზოგადოება“ ვთქვათ და ვწეროთ თუ „ქართული საზოგადოება“?


ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გავიხსენოთ, რომ „-ელ-“ და „-ურ-“/„-ულ-“ სუფიქსები ქართულში წარმომავლობის გამომხატველია. „-ელ-“ დაერთვის ცალკეული ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის აღმნიშვნელ (ე. წ. კრებით) სახელებს/სიტყვებს (ქართვ-ელ-ი კაცი; ქართვ-ელ-ი ერი...), ხოლო „-ურ-“/„-ულ-“ – ყველა დანარჩენს (ქართ-ულ-ი ხილი, სომხ-ურ-ი ლავაში...).


ეს წესი მკაცრად არის დაცული (იშვიათი გამონაკლისია „გურ-ულ-ი“, რომელიც ორსავე შემთხვევაში გამოიყენება) და ამ წესზე ზემოქმედებას ვერ ახდენს უცხო ენები, სადაც ადამიანთა და ყველა სხვა საგნისა თუ მოვლენის წარმომავლობის აღმნიშვნელ სიტყვებს ერთი და იგივე დაბოლოება აქვთ (Грузинский народ, грузинский театр; Geogian people, Geogian theater…). ყოვლად წარმოუდგენელია უცხო ენების გავლენით ითქვას „ქართული ხალხი“ ან „ქართველი თეატრი“.


ახლა ვნახოთ, როგორ არის განმარტებული სიტყვა „საზოგადოება“ ლექსიკონში:


საზოგადოება – [...] ერთობლიობა, ჯგუფი გარკვეულ წარმოებით ურთიერთობაში მყოფი ადამიანებისა, რომლებსაც აკავშირებს მატერიალური ცხოვრების საერთო, კონკრეტულ-ისტორიული პირობები“ (ქეგლ, ტ. 6, 1960).


ამრიგად, „საზოგადოებაც“ ადამიანთა ჯგუფის, ერთობლიობის აღმნიშვნელი სიტყვა ყოფილა, ისევე, როგორც ერი, ხალხი, ახალგაზრდობა... და მისთანანი. მაშასადამე, როცა ქართული წარმომავლობის ადამიანებზეა საუბარი, უნდა ითქვას ქართველი საზოგადოება, მსგავსად ქართველი ერისა, ქართველი ხალხისა, ქართველი ახალგაზრდობისა... ამ მნიშვნელობით ქართული საზოგადოება ისევე შეუძლებელი სიტყვათშეთანხმება უნდა იყოს, როგორიც იქნებოდა ქართული ერი, ქართული ხალხი, ქართული ახალგაზრდობა...


მაგრამ დაისმის კითხვა: თუ ასეა, რატომ არ ეხამუშება ყურს „ქართული საზოგადოება“ ისევე, როგორც „ქართული ერი“ ან „ქართული ახალგაზრდობა“ ეხამუშება? ზემოთ ქართული ერი, ქართული ხალხი, ქართული ახალგაზრდობა... შეუძლებელ სინტაგმებად მოვიხსენიეთ; რატომ არ ვრცელდება ეს „შეუძლებლობა“ ქართულ საზოგადოებაზეც?


საქმე ის გახლავთ, რომ „საზოგადოება“, ადამიანთა ჯგუფის გარდა, ადამიანთა გაერთიანებას, უცხო სიტყვით ორგანიზაციას რომ ვუწოდებთ, იმასაც აღნიშნავს. ამ სიტყვის განმარტება ლექსიკონიდან ზემოთ ფრაგმენტულად დავიმოწმეთ – მისი მხოლოდ პირველი მნიშვნელობა გადმოვიწერეთ. მესამე მნიშვნელობა ეს არის:


„[...] 3. ადამიანთა გაერთიანება, ორგანიზაცია, რომელიც გარკვეულ მიზნებს ისახავს. პოლიტიკური და მეცნიერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება. – წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, – გეოგრაფიული საზოგადოება [...]“ (ქეგლ, ტ. 6, 1960).


„გაერთიანება“ ანუ „ორგანიზაცია“ კი ისეთი სახელია, რომელსაც „-ულ-“-სუფიქსიანი ზედსართავი ესადაგება.


ვიკიპედიაში ვკითხულობთ:


ქართული დრამატული საზოგადოება – თეატრალური საზოგადოებრივი ორგანიზაცია. შეიქმნა 1881 წელს“.


სხვა მაგალითებიც ვნახოთ:


„1917-18 წლის სეზონი 23 სექტემბერს ვ. შალიკაშვილის დრამით ,,გადაჭრილი მუხა” გაიხსნა. დასი ქართულ კლუბში დაფუძნდა. შენობა ქართულ დრამატულ საზოგადოებას ეკუთვნოდა“ (გუბაზ მეგრელიძე. ხელოვნება თავისუფალ საქართველოში [1917-1921]);


„[ექვთიმე თაყაიშვილი] არჩეული იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრად (1886 წლის მაისი), ქართული დრამატული საზოგადოების (1888 წელი) და საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის წევრად (1889 წლის 13 თებერვალს)“;


ცხადია, აქ ყველგან „ქართული“ უნდა იყოს, ვინაიდან დასახელებული დრამატული და საზოგადოებები ქართული ორგანიზაციებია და არა ქართველი ორგანიზაციები.


ისევე, როგორც გაზეთ „დროების“ 1910 წლის 12 იანვრის ნომერში, მე-3 გვერდზე განთავსებული სტატიის სათაური „სომხური დრამატული საზოგადოება“ სწორი სიტყვათშეთანხმებაა და მას ვერ ჩაენაცვლება „სომეხი დრამატული საზოგადოება“.


ამრიგად, პასუხი კითხვაზე, რატომ არ გვჭრის ყურს „ქართული საზოგადოება“, ისევე, როგორც „ქართული ერი“ ან „ქართული ახალგაზრდობა“ მოგვჭრიდა, ეს არის: იმიტომ, რომ „ქართული საზოგადოებაც“ შესაძლებელი სიტყვათშეხამებაა, როცა „საზოგადოება“ „ორგანიზაციის“ მნიშვნელობით არის გამოყენებული.


მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ის მაშინაც ვწეროთ და წარმოვთქვათ, როდესაც კრებითობის გაგება აქვს და ხალხის სიმრავლის გამომხატველია.


ლევან ბრეგაძე
  • 0
  • 6123
0 Comments