წითელი ვერსია
  • 16
  • 3970

ქართული პოლიფონია სიქსტეს კაპელაში

27 ივნისი 2022

„ვისაც სიქსტეს კაპელა არ უნახავს, ის ვერასდროს გაიგებს, რა შეუძლია ერთ ადამიანს“ - ეს სიტყვები გოეთეს ეკუთვნის.


26 ივნისს გამართულმა ისტორიულმა კონცერტმა ჩვენი საზოგადოების თვალი ვირტუალურად სწორედ სიქსტეს კაპელას მიაპყრო და გოეთეს სიტყვებიც ქართული გალობისა და სიმღერის ფონზე გაახმიანა.


სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდმა, სვიმონ ჯანგულაშვილის და გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით, სიქსტეს კაპელაში ქართული მრავალხმიანობის 20 ნიმუში წარმოადგინა - საგალობლები და ფოლკლორული სიმღერები. გუნდის 40 მომღერალთან ერთად, კონცერტში მონაწილეობდნენ იანო ალიბეგაშვილი, ზვიად ბოლქვაძე, გიორგი ცაგარელი და ქეთევან ქართველიშვილი. კონცერტი, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.


ეს ფაქტი მოვლენად მისმა მნიშვნელობამ და შინაარსმა აქცია - ეს პირველი პრეცედენტი იყო, როდესაც ვატიკანში, სიქსტეს კაპელაში, ქართული პოლიფონია გაისმა.


ზოგადად, სიქსტეს კაპელა არის სივრცე, სადაც მსგავსი ღონისძიებები არც ისე ხშირად იმართება, მით უფრო ამ მასშტაბით და დამოკიდებულებით.


26 ივნისის კონცერტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ინიციატივისა და საქართველოს პრეზიდენტსა და რომის პაპს შორის, 2021 წელს, წმინდა საყდარში ოფიციალური ვიზიტისას მიღწეული შეთანხმების შედეგია. კონცერტის ხარისხი თავისთავად გულისხმობდა ხანგრძლივი და დაუღალავი მუშაობის პროცესს, რაც ივნისის მიწურულს, - ევროპისთვის და საქართველოსთვის ამ რთულ და მნიშვნელოვან დღეებში, ასე შთამბეჭდავად დაგვირგვინდა.


საზოგადოების ნაწილმა ეს კონცერტი პირდაპირი ტრანსლაციის მეშვეობით იხილა, ცალკეული ფრაგმენტები პერიოდულად ვრცელდებოდა სოციალურ ქსელშიც, მაყურებელი გამოხატავდა გულწრფელ ემოციას და ოვაციას.


რაც შეეხება სატელევიზიო მედიას - კონცერტს აქტიურად აშუქებდა „იმედი“; რამდენიმე წუთით ჩართეს და სიუჟეტები მიუძღვნეს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და „რუსთავი2“-მა, ოპოზიციურ არხებზე კი სასხვათაშორისოდ გაიელვა, ზოგიერთ არხზე სულაც მეორე დღეს.


ეს ფაქტიც ცხადყოფს, როგორი შერჩევითია ჩვენი მედიის სტანდარტები და პრიორიტეტები, როგორი პოლარიზებულია ღირებულებები, რომლებზეც არათუ პროფესიულად უნდა რეფლექსირებდეს, არამედ ქვეყნის და საზოგადოების ინტერესების გამო რეაგირებდეს მედია.


მაშინ, როდესაც ცალკეულ ჯგუფებს (პარტიებს, მედიასაშუალებებს) ყველაფერი, რასაც ევროპა და ევროპული ჰქვია, ლამის ექსკლუზიურ სამიზნედ/მონაპოვრად აქვთ გამოცხადებული, - ევროპის შუაგულში, ვატიკანში, მიქელანჯელოს ღვთაებრივი მხატვრობის თაღქვეშ გახმიანებული ქართული პოლიფონიაც კი, შესაძლოა ირონიის საბაბად იქცეს, თუ მისი წარდგენა პოლიტიკური ოპონენტების მიერ ხდება.


საზოგადოებაში ატეხილ ოვაციებსა და აღტაცებულ შეფასებებს შორის, რადიკალურად კრიტიკული აზრებიც გაისმა. მაგალითად, იმ ყველაფრის მიუღებლობა, რაც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით პოზიციონირებს, თუნდაც ეს სიქსტეს კაპელაში ნამღერი „ოროველა“ იყოს ან „შენ ხარ ვენახი“. თითქოს რომელიმე ხელისუფლება დედამიწის ზურგზე, ლეგიტიმაციას აძლევდეს ამ ჩვენს უღრმეს და უშორეს-ფესვებიან ქართულ კულტურას და არა პირიქით...


აქა-იქ პოპულისტური შეძახილებიც გაისმა: „თვალი დაუდგეს ევროპას!“ „ამის მერეც არ მიგვიღებენ?“ და ა.შ.


ეს ყველაფერი იმ რთულ სურათს ხატავს, რომლის ნაწილადაც ვიქეცით ყველანი - ერთი შეხედვით, უპირობოდ სასიხარულო, ღირსებით აღსაქმელი მოვლენაც კი შესაძლოა უმარტივეს, ბინძურ, იდეა/ფასეულობადაცლილ თემებამდე დავიყვანოთ, ან სულაც არ შევიმჩნიოთ ის, თვალი ავარიდოთ, „გავატაროთ“, როგორც ეს ჩვენი მედიის ნაწილმა მოახერხა.


არადა, ასეთი მოვლენები არც წელიწადში ერთხელ ხდება, არც, შესაძლოა ათწლეულებში ერთხელ. მათი სწორად გააზრება (მინიმუმ, შემჩნევა) იმაზეც მეტყველებს, თუ რა კავშირი გვაქვს საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობასთან, რა ძალა აქვს კულტურას, რა სივრცეებს ხსნის პოლიტიკური კონტექსტების მიღმა (ან იქნებ სწორედ მათ შუაგულში!) და რა პერსპექტივებს აჩენს იმ მეტაფორულ თაღებქვეშ, სადაც ჩვენ, ყველას, ჩვენი კულტურული „შინ“ წარმოგვიდგენია, ჩვენი ნამდვილი სახლი - ევროპა, თავისი ფასეულობათა სისტემებით, ჰუმანისტური/ქრისტიანული იდეებით, კულტურული შრეებით.


ჩვენი კულტურა, ეს ღვთაებრივი პოლიფონია, რაც 26 ივნისის კონცერტზე, სიქსტეს კაპელაში ისმოდა, ცხადია, ჩვენი „ევროპელობის“ უპირობო გარანტი არაა; არც შეღავათი და კომპენსაციაა იმ გზაზე, რაც ევროპისკენ უნდა გავიაროთ; ასეთი მარტივი და უპასუხისმგებლო მიდგომით, უპირველესად, იმ წინაპრებს შეურაცხვყოფთ, ვინც ეს დიდი პოლიფონია შექმნა, ვინც მიწასთან ურთიერთობის რიტუალი „ოროველად“ იმღერა, „შენ ხარ ვენახი“ კი - ცისკენ აღმავალ ბილიკად აქცია;


მაგრამ, - ეს კულტურა და პოლიფონია უპირობოდ არის ჩვენი პიროვნული და ეროვნული ღირსების ნაწილი, ჩვენი თავგადასავალი, სინათლის და სიხარულის წყარო; უპირობოდ არის ის ძალა, რომელსაც, მიქელანჯელოს ლეგენდარული ფრესკის - „განკითხვის დღის“ არ იყოს (ეს ფრესკაა გამოსახული სიქსტეს კაპელას საკურთხევლის კედელზე), სამყაროს ახალ წესრიგში, საკუთარი ბედისწერით, საკუთარი ადგილის მოპოვება შეუძლია.


ეს ადგილი დიდი სულიერი აქტებითაა დამახსოვრებული.


ასეთ აქტებს მედიაც უნდა იმახსოვრებდეს. თუმცა, მასზე ზუსტად ის მეტყველებს, რას იმახსოვრებს და რას - არა.


ნინია სადღობელაშვილი
  • 16
  • 3970
0 Comments