წითელი ვერსია
  • 0
  • 4218

ქართული მედია დავით გარეჯის დაბრუნების წინააღმდეგ?

19 ოქტომბერი 2020

უცხოელ მოგზაურებს, მკვლევრებსა თუ ჟურნალისტებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ საქართველო პარადოქსული უკიდურესობების ქვეყანაა. არ ვიცი, რამდენად მართებულია ასეთი განსაზღვრების გამოყენება მთლიანად ქვეყანასთან მიმართებით, მაგრამ ქართული მედია რომ უკიდურესად პოლარიზებულია და ზოგჯერ ეს რადიკალური დაპირისპირება პარადოქსულ სიტუაციებამდეც კი მიდის, ამის მოწმენი გამუდმებით ვხდებით.


ამგვარი პარადოქსის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ის არაჯანსაღი რეაქცია, რომელიც ოპოზიციური მედიის ნაწილმა გამოავლინა აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ქართული კომისიის ორი წევრის დაპატიმრების საკითხში.


ეს ამბავი იმთავითვე მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში, რაც სავსებით ბუნებრივია: საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობისათვის მტკივნეულ, ეროვნული მნიშვნელობის საკითხს: დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს. ოპოზიციურმა მედიასაშუალებებმა ეს ამბავი რატომღაც „კარტოგრაფების საქმედ“ მონათლეს, რაც, როგორც ჩანს, წინა ხელისუფლების დროს გახმაურებული „ფოტოგრაფების საქმის“ ალუზიის გამოწვევას და რაღაც გაგებით მის „გადაფარვას“ ისახავდა მიზნად.


მეტიც, ოპოზიციის სასარგებლოდ უკვე ღიად მომუშავე სამი ტელევიზია „ფორმულა“, ტვ „პირველი“ და „მთავარი არხი“ (და მათი რესპონდენტები) თავგამოდებით ცდილობენ, საკითხი ისე წარმოაჩინონ, თითქოს აღმოჩენილი ახალი რუკები, რომელთა თანახმადაც დავით გარეჯის კომპლექსის სადავო მონაკვეთი საქართველოს ტერიტორიაზე უნდა მოხვდეს, მცდარია და რომ ეს ყოველივე რუსეთის ხრიკებია (?!).


ზემოხსენებული მედიასაშუალებების რიტორიკა, განსაკუთრებით მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში, თითქმის ზუსტად იმეორებს ცალკეული ოპოზიციური პარტიების მესიჯ-ბოქსს. რომელიმე შიდაპოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით ამგვარი პოზიცია, ალბათ, არც იქნებოდა გასაკვირი იმის გათვალისწინებით, რომ ამასვე ამტკიცებენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი მოკავშირეები აკადემიური თუ არასამთავრობო სექტორიდან. კერძოდ, ისინი გვეუბნებიან, რომ ახლად აღმოჩენილი რუკები არაფერს ნიშნავს და დავით გარეჯის კომპლექსის ერთი ნაწილის ტერიტორია მართლაც აზერბაიჯანს ეკუთვნის, მაგრამ საკითხის ეროვნული მნიშვნელობის გათვალისწინებით მაინც საკვირველია, რომ საქართველოს მოქალაქეები ცდილობენ, თავიანთ ქვეყანას მოუსპონ დავით გარეჯის სადავო მონაკვეთის დაბრუნების შანსი.


ამასთანავე, ყოფილ ხელისუფლებასთან უნისონში მოქმედი ოპოზიციური მედია აქტიურად ალაპარაკდა „რუსული კვალის“ ყბადაღებულ თემაზე და მას მიუძღვნა გადაცემების მთელი სერია, სადაც კიდევ ერთი პარადოქსის მოწმენი გავხდით: ამ მედიასაშუალებათა მტკიცებით, ახლად მოპოვებული რუკების გამოყენება, რომლებითაც დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორიაზე ხვდება, პრორუსულობის ნიშანი ყოფილა, ხოლო რუკების უგულებელყოფა და დავით გარეჯის ნაწილის აზერბაიჯანის კონტროლქვეშ დატოვება − პატრიოტიზმის გამოვლინება.


ცნობისთვის: 2003 წლის 23 ოქტომბერს (ხელისუფლების რევოლუციური გზით ცვლილებამდე ერთი თვით ადრე) რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურთან ინტერვიუში საზღვრის დემილიტაციის სახელმწიფოთაშორისი კომისიის მაშინდელი თანათავმჯდომარე ზაზა კანდელაკი ამბობდა, რომ მეზობელ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან საქართველოს მხოლოდ საბჭოთა პერიოდში დაწესებული ადმინისტრაციული საზღვრები ჰქონდა და რომ დღეს (ანუ 2003 წელს) მიდის მოლაპარაკებების პროცესი იმისთვის, რათა ჩამოყალიბდეს სახელმწიფო საზღვარი. სახელმწიფო საზღვრის საფუძველი უნდა გამხდარიყო სწორედ საბჭოთა პერიოდის ადმინისტრაციული საზღვარი და ის იურიდიული დოკუმენტაცია, რომელიც ამ ქვეყნების გასაბჭოების შემდეგ შეიქმნა და არსებობს.


ბ-ნი კანდელაკის ინტერვიუდან ასევე ირკვევა, რომ საბჭოთა პერიოდში არსებული თითქოსდა უკვე დადგენილი ადმინისტრაციული საზღვრების მიუხედავად, ამ საკითხზე ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის მაინც არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა გარკვეულ მონაკვეთებთან მიმართებით, რაზეც მიმდინარეობდა მსჯელობა შეთანხმების მიღწევის მიზნით; და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: კანდელაკი აცხადებს, რომ „კომისიის მუშაობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოიძიოს დამადასტურებელი არგუმენტაცია იმ საკითხებზე, რაზედაც მხარეებს შორის არსებობს აზრთა სხვადასხვაობა“.


ინტერვიუს ეს პასაჟი გვაძლევს პასუხს კითხვაზე, თუ რას ედავება დღეს პროკურატურა კომისიის დაკავებულ წევრებს. ფაქტია, რომ კომისიის წევრებმა არ მოიძიეს ან არ გამოიყენეს ყველა შესაძლო და ხელმისაწვდომი არგუმენტაცია საზღვრის სადავო საკითხებზე საკუთარი სახელმწიფოს პოზიციების გასამყარებლად.


ზემოხსენებული ინტერვიუს თანახმად, ჯერ კიდევ 2003 წელს ქართული მხარე იმედოვნებდა, რომ ორ წელიწადში დაასრულებდა საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციას ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან. რამ, ვინ და რატომ შეუშალა ხელი ჩვენს სახელმწიფოს ამდენი ხნის მანძილზე სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხის გარკვევაში, ანუ საკუთარი საზღვრების დადგენაში, ასევე მნიშვნელოვანი კითხვაა, რომელიც პასუხს მოითხოვს.


ზაალ ანჯაფარიძე
  • 0
  • 4218
2 Comments

Amiran Salukvadze

მერე არ იცით რომ 1938 წლის რუკაზე შეთანხმდნენ მხარეები? რა შუაშია 1920 ან 1120 წლის რუკები?

Ramaz Khatiashvili

რეებს ბოდავთ, თავად მაინც გესმით? მაშინ 1920 წლის რუკა „გამოვიყენოთ“ და დავით გარეჯს კი არა, საინგილოსაც დავიბრუნებთ, პლიუს ლორეს, სოჭს და ტაო კლარჯეთს. ასე? რუკის ცალმხრივად გამოყენება არ ხდება, მასზე მხარეები უნდა შეთანხმდნენ. დღესდღეობით გაეროს მიერ აღიარებულ აზერბაიჯანის საზღვრებში ხვდება გარეჯის ეგ მონაკვეთი და ეს სამწუხარო მოცემულობაა. დანარჩენი ყველაფერი მოლაპარაკების საკითხია.