წითელი ვერსია
  • შესვლა
  • ავტორიზაცია
დარეგისტრირდით ჩვენს პლატფორმაზე Facebook-ით ან Google-ით
  • 0
  • 1583

კალკოფობია

16 ნოემბერი 2025

(წერილი პირველი)



კალკოფობია მძვინვარებს საქართველოში!


ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, ოღონდ ჯერ გავიხსენოთ, რას ეწოდება კალკი ლინგვისტიკაში.


კალკი ისეთი სიტყვა ან გამოთქმაა, რომელიც სხვა ენის სიტყვის ან გამოთქმის ყაიდაზეა აგებული.


ჰოდა, ასეთი სიტყვებისა და გამოთქმების წინააღმდეგ დღევანდელ საქართველოში ომია გამოცხადებული! და ეს მაშინ, როდესაც ენის ბუნების ხელმყოფელი, მართლა უკუსაგდები კალკების გარდა (ასეთი კალკი არც ისე ბევრია) ერთობ სასარგებლო, ენის გამამდიდრებელი კალკებიც არსებობს (ასეთია კალკების უმეტესობა).


ენების გაჩენისთანავე გაჩნდებოდა კალკებიც – ისინი სხვადასხვა ენებზე მოლაპარაკე ხალხთა ურთიერთობის შედეგია.


დღეს ჭაბუკური შემართებით განაგრძობს არსებობას უძველესი ქართული სიტყვა გან-ცხად-ება, რომელიც აგებულების მხრივ ზუსტი ასლია (კალკი ასლს ნიშნავს ფრანგულად) ლათინური „დე-კლარ-აციო“-სი (de-clar-atio. Clar = ცხადი, ნათელი; აფიქსებიც – გან- და დე-, -ება და -აციო – ურთიერთშესატყვისია. სხვათა შორის, ქალის სახელები – კლარა, ნათელა, სვეტლანა – ბერძნული ფოტინეს კალკებია!).


ამ კალკირებულმა სიტყვამ ადრევე კარგი სამსახური გაგვიწია და დღემდე ბეჯითად ირჯება ქართული ენის ასპარეზზე. თუ ძველად ის, სულხან-საბას განმარტებით, ძირითადად „საცხადოდ შექმნას“ ნიშნავდა („არა არს საიდუმლოჲ, რომელიმცა არა განცხადნა“. – მარკოზი 20, 22), დღეს წერილობითი ან ზეპირი უწყების მნიშვნელობასაც ითავსებს („განცხადება გაზეთში გამოქვეყნდა“) და რაიმე შეთავაზების ან თხოვნის შემცველი ოფიციალური ფურცელიც ამ სიტყვით მოიხსენიება („შენი განცხადება უკვე განიხილეს“).


მოკლედ, ეს კალკი ძალიან სასარგებლო გამოდგა ჩვენი ენისთვის – მან ის გაამდიდრა.


ბარემ ისიც ვთქვათ, რომ მისი უცხოური შესატყვისიც – დეკლარაცია – კარგა ხანია „მოღვაწეობს“ ქართულ ენაში, ვითარცა ტერმინი, რომელიც ან პოლიტიკური ხასიათის განცხადებას აღნიშნავს („ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“, მაგალითად), ან საბუთს, რომელიც გადასახადის გადამხდელის ქონების რაოდენობაზე გვიქმნის წარმოდგენას, ან კიდევ საბაჟოს დოკუმენტს გულისხმობს, რომლითაც საზღვარგარეთ მიმავალი იტყობინება, რა ძვირფასეულობა მიაქვს თან.


ზემოთ სამაგალითოდ მოყვანილ ფრაზებში „დეკლარაცია“ თავის ქართველ „კოლეგას“ ვერ ჩაენაცვლება (აბა ვინ იტყვის, გაზეთში დეკლარაცია გამოვაქვეყნე, აგარაკის გაყიდვა რომ მწადია, იმის თაობაზეო!).


აი რა საინტერესო შემთხვევასთან გვქონია საქმე! ასეთს ბევრს ვერ იპოვით: კალკიც და მისი ორიგინალიც მშვიდობიანად თანაარსებობენ ენის სხვადასხვა სექტორში და ხელს უწყობენ სიტყვის (ცნების) სემანტიკურ დიფერენციაციას, ანუ ენას ამდიდრებენ.


ეს შესავალივით იყოს და ახლა კალკებთან დაკავშირებულ მრავალთაგან ერთ პრობლემას მივაკითხოთ. დღეს მხოლოდ კალკების ერთ სახეობაზე ვისაუბრებთ – ორსიტყვიან კალკირებულ ფრაზეოლოგიზმებზე, რომელთაგან ერთი აბსტრაქტული არსებითი სახელია, მეორე – ზმნის პირიანი ფორმა.


დახმარება აღმოუჩინა / გაუწია – აშკარად რუსული ფრაზეოლოგიზმის – оказал помощь – კალკია, თუმცა სხვა ენებსაც მოეპოვებათ ასეთივე გამოთქმა (მაგ., გერმ. Hilfe leisten). გვირჩევენ, „დახმარება აღმოუჩინა / გაუწია“ ერთი სიტყვით ჩავანაცვლოთ – დაეხმარა. ამ გზით უცხო ენიდან შემოსულ კალკსაც ავიცილებთ თავიდან და თანაც ორის მაგივრად ერთი სიტყვით გადმოვცემთ სათქმელს, რაც ფრაზას სისხარტეს შესძენსო.


მაგრამ „დახმარება აღმოუჩინა / გაუწია“-ს ამით თავს მაინც ვერ დავაღწევთ, ვინაიდან

ზოგჯერ აუცილებელია, რომ ის დახმარება, რომელსაც ვიღაცა ვიღაცას უწევს, დახასიათდეს, ანუ მას განსაზღვრება დაერთოს: მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია, საჭირო დახმარება გაუწია, გადაუდებელი ან სასწრაფო დახმარება გაუწია, პირველადი დახმარება (სამედიცინო ტერმინია) გაუწია.

ასეთ დროს ფრაზეოლოგიზმს სახელზმნა „დახმარების“ პირიანი ფორმა ვერ შეცვლის, ვინაიდან მნიშვნელოვნად დაეხმარა, საჭიროდ დაეხმარა, გადაუდებლად ან სასწრაფოდ დაეხმარა, პირველადად დაეხმარა გაუგებარია რას გულისხმობს.


ან კიდევ:


(შე)კითხვა დაუსვა – ესეც რუსულის კალკია – (по)ставил вопрос, თუმცა ამავე ფრაზეოლოგიზმს სხვა ენებშიც შეხვდებით (ინგლ.: put the question, გერმ.: Frage stellen, ფრანგ.: poser une question). „(შე)კითხვა დაუსვა“-ს „შეეკითხა“ სჯობიაო, გვირჩევენ, მაგრამ ყოველთვის ვერც „შეკითხვა დაუსვა“-ს ჩავანაცვლებთ „შეეკითხა“-თი.


აქაც ისეთივე ვითარებაა, როგორიც წინა მაგალითში გვქონდა: თუ „შეკითხვას“ განსაზღვრება დავურთეთ – ჭკვიანური, სულელური, საინტერესო, ჩამჭრელი, რამდენიმე, ორიოდე, სამი და ა.შ., მაინც ამ კალკს უნდა მივმართოთ, ვინაიდან „ჭკვიანური შეკითხვა დაუსვა“ ან „რამდენიმე შეკითხვა დაუსვა“ სხვა რამეა და „ჭკვიანურად შეეკითხა“ და „რამდენჯერმე შეეკითხა“ – სხვა.


მოდით, ახლა კიდევ ერთი კალკის თავიდან მოშორება ვცადოთ.


ზრუნვას/მზრუნველობას იჩენს – ესეც რუსული ფრაზეოლოგიზმის заботу/заботливость проявляет კალკია. ფრაზა „კომპანია ზრუნვას იჩენს თითოეული დაქირავებულის მიმართ“ ადვილად შეიძლება ასე გადაკეთდეს: „კომპანია ზრუნავს თითოეულ დაქირავებულზე“. აქ განსაზღვრებებიც ვერ დაგვაბრკოლებს, თუ მოვინდომებთ ორსიტყვიანი კალკი ერთი სიტყვით – „ზრუნავს“ – ჩავანაცვლოთ.


მაგალითად, „კომპანია დიდ (სათანადო, განუხრელ...) ზრუნვას იჩენს თითოეული დაქირავებულის მიმართ“ – სავსებით შესაძლებელია ეს ასე ითქვას: „კომპანია დიდად (სათანადოდ, განუხრელად...) ზრუნავს თითოეულ დაქირავებულზე“. ყველა სერიის ყველა მწკრივში შეიძლება გადავიყვანოთ ეს წინადადება.


თუ ძიებას განვაგრძობთ, შეიძლება გაგვახსენდეს, რომ მარტივი განსაზღვრებების გარდა რთული განსაზღვრებებიც არსებობს. კერძოდ, რთული ქვეწყობილი წინადადებების ერთ-ერთი სახეობა განსაზღვრებით დამოკიდებულ წინადადებად იწოდება.


აი მისი მაგალითი: დაფასება უნდა (ან: სჭირდება) ზრუნვას, რასაც აღმზრდელები აღსაზრდელთა მიმართ იჩენენ. კი, ბატონო, არც ამის გადაკეთებაა ძნელი ასეთნაირად: „აღსაზრდელებზე აღმზრდელების ზრუნვას დაფასება უნდა (ან: სჭირდება)“ , ან კიდევ: „დასაფასებელია აღსაზრდელებზე აღმზრდელების ზრუნვა“.


მაგრამ ზმნა „იჩენს“ მარტო ზრუნვა/მზრუნველობასთან ხომ არ ქმნის ფრაზეოლოგიზმს! უთვალავ რამეს „იჩენს“ ადამიანი!


ფრაგმენტები კლასიკოსთა თხზულებებიდან:


გაზეთებმა რამდენიც უნდა ილაპარაკონ, რამდენიც უნდა შორსმჭვრეტელობა გამოიჩინონ, მაინც ვერ გვეტყვიან, როდის და ვის შორის ატყდება ომი“ (ილია ჭავჭავაძის სტატიიდან: „ბისმარკის დიპლომატიური სვლები“. „შორსმჭვრეტელობა გამოიჩინა“ – „проявил дальновидность“).


ან კიდევ:

„პირად საქმეში მან საოცარი ნებისყოფა და ენერგია გამოიჩინა (აკაკი ბაქრაძის ესეიდან: „ისტორია და რომანი“. „ნებისყოფა და ენერგია გამოიჩინა“ – „волю и энергию проявил“).


როგორც უნდა ვეცადოთ, ამ ფრაზებიდან „გამოიჩინონ-გამოიჩინას“ ვერ ამოვძირკვავთ. „შორსმჭვრეტელობა გამოიჩინონ“ „იშორსმჭვრეტელონ“-ით ხომ ვერ ჩანაცვლდება! ან „ნებისყოფა გამოიჩინა“-ს მაგივრად რა სიტყვა უნდა გამოიყენო კალკის თავიდან ასაცილებლად, კალკისა, რომლითაც ნათლად და მკაფიოდ გამოვხატავთ სათქმელს!


ჰოდა, რა ნამუსია ამ ვითარებაში მარტო ფრაზეოლოგიზმი ზრუნვას / მზრუნველობას იჩენს“ მოვიკვეთოთ იმ მიზეზით, რომ ამ აზრის გამოთქმა სხვანაირადაც შეიძლება!


მოკლედ, თუ შორსმჭვრეტელობა გამოიჩინა“ , „ნებისყოფა გამოიჩინა“ და მისთანანი არ გვეხამუშება, მაშინ არც ზრუნვა/მზრუნველობა გამოიჩინა“ უნდა მივიჩნიოთ სტილისტიკურ ხარვეზად.


ხშირად შემიმჩნევია: ენის მოყვარულ არასპეციალისტებს ჰგონიათ, რომ, თუკი ამა თუ იმ აზრის გამოსახატავად სხვადასხვა ენობრივი საშუალებები იპოვება, მათგან მხოლოდ ერთია მართებული – ყურადღება არ ექცევა იმას, რომ პარალელური ფორმები რაღაც ნიუანსით ყოველთვის განსხვავდებიან ერთმანეთისგან.


პარალელური ფორმები ენის მოქნილობას უზრუნველყოფენ. ზოგჯერ კი მათი მეშვეობით თავიდან ვიცილებთ ტავტოლოგიას, ხანაც რიტმის (რომელიც მარტო ლექსს კი არა, პროზასაც აქვს!) საჭიროებისთვის ირჩევ ერთ-ერთ მათგანს, ან კიდევ ამ არჩევანს, თუ მხატვრულ ტექსტთან გვაქვს საქმე, პერსონაჟის ხასიათი განაპირობებს და სხვ.


ივანე ჯავახიშვილი VIII-X საუკუნეების საქართველოს მდგომარების აღწერისას აღნიშნავს: „მოსულიერებულს საქართველოს ორ უმთავრეს უცხო სახელმწიფოსთან ჰქონდა დამოკიდებულება: აღმოსავლეთ-სამხრეთით არაბთა სახალიფო და მისი წარმომადგენელნი, ადგილობრივი ამირები იყვნენ, დასავლეთ-სამხრეთით ბიზანტიის კეისარი და მისი მთავრები იჩენდნენ თავიანთ მზრუნველობას. – როგორ შეიძლება ეს ფრაზა იმის გამო დავიწუნოთ, რომ ჩვენ მიერ ხაზგასმული გამოთქმა კალკია. აბა, სცადეთ და მოახერხეთ ამ სათქმელის უკეთ გამოხატვა მის ადგილას სხვა სიტყვის ან სიტყვების ჩასმით!


საზოგადოდ, სიტყვის თუ გამოთქმის ენიდან მოკვეთის მოთხოვნისას ნუ ავჩქარდებით. კარგად თუ გამოვიძიებთ, ის სიტყვაც კი, ერთი შეხედვით ყოვლად ზედმეტი რომ ჩანს, შესაძლოა რაღაც დონეზე შეუცვლელი თუ არა, სასარგებლო მაინც აღმოჩნდეს (რაც რომ სტრუქტურალისტებმა დონეების ცნება შემოიტანეს ლინგვისტიკაში, მრავალ ენობრივ „საიდუმლოს“ მოეფინა ნათელი!).


ამით დავამთავროთ დღევანდელი საუბარი კალკებზე, რასაც შემდგომ რამდენიმე ბლოგს კიდევ მივუძღვნით, რათა იქნებ ცოტათი მაინც დავაცხროთ ჩვენში ესოდენ მოძლიერებული კალკოფობია. და... მავნებელ კალკებზეც ვილაპარაკებთ, ცხადია.


ლევან ბრეგაძე
  • 0
  • 1583
0 Comments