წითელი ვერსია
  • 10
  • 3706

ჯანყის მონაწილე მედია?

14 ნოემბერი 2020

თავის დროზე „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ეროსი კიწმარიშვილმა გულწრფელად განაცხადა, რომ ტელეკომპანიის შექმნის უმთავრესი მიზანი ედუარდ შევარდნაძის ჩამოგდება იყო და, რომ არა „რუსთავი 2“, „ვარდების რევოლუცია“ არც შედგებოდა. რევოლუციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ მას, შესაძლოა, სწორედ ამიტომ ჩამოართვა ეს მედიასაშუალება, რომელიც თანდათან საკუთარი პროპაგანდის ძირითად იარაღად ჩამოაყალიბა.


დღევანდელი ოპოზიციური ტელეარხები, რომელთა შორისაც განსაკუთრებული რადიკალიზმით გამოირჩევა „კრიტიკული სამეული“ („მთავარი“, „პირველი“ და „ფორმულა“) აშკარად ცდილობენ, „გაიმეორონ“ „რუსთავი 2“-ის „ისტორიული გამოცდილება“ და აღარც მალავენ, რომ მათი მიზანია დღევანდელი ხელისუფლების „ჩამოგდება“ და საქართველოს დაბრუნება „აღმშენებლობის“ პერიოდში (იგულისხმება 2003-2012 წლები).


ამ მიზნის მისაღწევად ზემოხსენებული მედიასაშუალებები (კვლავ 2003 წლის გამოცდილების შესაბამისად) უკვე კვირაზე მეტია, ხატავენ სურათს, თითქოს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს მთელი საქართველო აპროტესტებს და ქვეყანაში „სამართლიანობის აღდგენას“ მხოლოდ მმართველი პარტია ეწინააღმდეგება.


ამგვარი სარედაქციო პოლიტიკის ილუსტრაციაა, მაგალითად, ოპოზიციური არხების 8 ნოემბრის საეთერო ბადე, რომელიც, ფაქტობრივად, ერთმანეთის იდენტური იყო და ზედმიწევნით იმეორებდა თემებსა და გზავნილებს.


„არჩევნები ტოტალურად გაყალბდა“; „მოსახლეობა მოტყუებული და შეურაცხყოფილია“; „ქვეყანაში მასობრივი სახალხო პროტესტი დაიწყო“; „ხელისუფლება არალეგიტიმურია“; „დავიცვათ ჩვენი ღირსება და არჩევანი“ − აი, ის ძირითადი გზავნილები, რომლებსაც ავრცელებდა „კრიტიკული სამეული“ სწორედ იმ დღეს, როდესაც ოპოზიციამ რამდენიმე ათასი ადამიანი ჯერ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრიბა, მოგვიანებით კი ცესკოს შენობის ბლოკირება სცადა.


ამ პროცესში, როგორც აღვნიშნეთ, მედია მოგვევლინა არა მხოლოდ ოპოზიციის მოკავშირედ, არამედ მთავარ ორგანიზატორადაც: მან ჯერ ოპოზიციური ელექტორატი დაარწმუნა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ხოლო შემდეგ ამავე ელექტორატის ერთი ნაწილის პროტესტი წარმოაჩინა ისე, თითქოს საქმე გვქონდა უპრეცედენტოდ მასობრივ საერთო-სახალხო მღელვარებასთან, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.


ამ პროცესში მედია „ვირტუალურ რეალობას“ ქმნიდა არა მხოლოდ თავისთვის სასურველი ფაქტების, ციფრებისა და მოვლენების გაზვიადებით, არამედ არასასურველი გარემოებების დამალვითაც. მაგალითად, მთელი ამ ხნის მანძილზე ტელეეკრანებზე ვხედავდით არასამთავრობო სექტორის მხოლოდ იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად არიან განწყობილი.


ამ მხრივ ყველაზე მეტი აქტიურობა გამოიჩინა „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა, რომელიც უკვე არაერთი წელია, ღიად უპირისპირდება ხელისუფლებას და ეწევა ოპოზიციისა და, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლო აგიტაციას. მაგალითად, გიგაური დღემდე ეჭვქვეშ აყენებს „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლიანობას.


ამავე დროს, ოპოზიციურმა მედიამ სრულიად უგულებელყო იმავე არასამთავრობო სექტორისა და, კონკრეტულად ISFED-ის მიერ ჩატარებული პარალელური გადათვლა, რომლის შედეგებიც ძალიან ახლოს აღმოჩნდა ცესკოს ოფიციალურ მონაცემებთან.


ოპოზიციური არხების მაყურებელმა, ფაქტობრივად ვერაფერი შეიტყო საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დამკვირვებლების მიერ არჩევნების შეფასების შესახებაც ან, უკეთეს შემთხვევაში, მოისმინა მხოლოდ კრიტიკული შენიშვნები მაშინ, როცა, მაგალითად, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მთავარი დასკვნით, არჩევნები მთლიანობაში „კონკურენტულ გარემოში და ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა“.


ყველაზე მნიშვნელოვანი და საგანგაშო მანიპულაცია, რომელსაც ოპოზიციურმა არხებმა 8-9 ნოემბერს მიმართეს, უდავოდ არის იმ ძალადობრივი აქტების სრული იგნორირება, რომლებსაც მომიტინგეთა ნაწილი მიმართავდა ცესკოს ტერიტორიაზე შესაღწევად. ამ ტელეარხებს არ უჩვენებიათ, როგორ გაარღვიეს ღობე მომიტინგეებმა და როგორ შეეჯახნენ ისინი პოლიციის თანამშრომლებს; მათ ასევე „მიჩქმალეს“ ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილისა“ და ქვების სროლის ფაქტებიც, თუმცა ამავე დროს არაერთხელ გაავრცელეს მცდარი ინფორმაცია, თითქოს სამართალდამცველებმა მომიტინგეთა წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.


ამ მანიპულაციის მიზანი იყო სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობაზე „არნახული“ ძალადობის „ჩვენება“, რასაც საზოგადოების ის ნაწილიც უნდა გამოეყვანა ქუჩაში, რომელიც მანამდე არ აპირებდა საპროტესტო აქციებში მონაწილეობას.


მსოფლიოსა და საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, არ შეიძლება, ცალკე არ აღვნიშნოთ ამავე მედიასაშუალებების მიერ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოყენებული ორმაგი სტანდარტები „ახალი კორონავირუსის“ ეპიდემიასთან მიმართებით.


კერძოდ, არხები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ, აღდგომის დღესასწაულზე დემონსტრაციულად „აბულინგებდნენ“ და „ბნელებს“ უწოდებდნენ ეკლესიაში მისულ მრევლს და მისი შეჩერების მიზნით მთავრობას საგანგებო ზომებისკენ მოუწოდებდნენ, არჩევნების შემდეგ, გაცილებით უფრო საგანგაშო სტატისტიკის პირობებში, არათუ არ „ღელავდნენ“ დაავადების შესაძლო გავრცელებაზე, არამედ ყოველმხრივ უბიძგებდნენ საზოგადოებას მასობრივი აქციებისკენ, რასაც ახლო მომავალში, შესაძლოა, ეპიდემიის ახალი აფეთქება მოჰყვეს.


არჩილ სიხარულიძე
  • 10
  • 3706
1 Comments

ლევან ოსიძე

ამ ე.წ. მედიასაშუალებებს ჰყავს ერთი დირიჟორი, მისი უდიდებულესობა სოროსი თავისი ამქარით, ფონდით "ღია საზოგადოება - საქართველოთი" სათავეში, რომელიც ასაკრძალი და გასაძევებელია ჩვენი ქვეყნიდან, როგორც მედიატერორისა და სხვა სისაძაგლეების ორგანიზატორი... ამ ანტიქართულმა და ანტიეროვნულმა წარმომაქმნმა უდიდესი ზიანი მიაყენა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და მოგვევლინა ეროვნული სულის ჩამკვლელად... როგორ მიკვირს იმ ვაიქართველების, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ამ ორგანიზაციის არსებობა ჩვენს ქვეყანაში დადებითი მუხტის მომტანია, რა გაწოვეს ასეთი თქვენმა დედებმა ძუძუთი თუ მის გარეშე, რომ ეგეთ ცივსისხლიან მკვლელებად ჩამოყალიბდით!!! თქვენზეა ნათქვამი: "მას დედის ძუძუ ტკბილი შხამადაც შერგებიაო!"... მანამ ჩვენს ხალხს შვება არ ექნება, ვიდრე მსგავსი სხვა საზღვრებს გარედან დაფინანსებული ფონდების არსებობა არ აღიკვეთება!!!... არ გამოგივათ საქართველოს მოკვლა, ეს ვერავინ მოახერხა და ასეც იქნება, ჩვენთან არს ღმერთი!!!...